in

AI-ს წინააღმდეგ შედგენილ წერილს 200 ცნობილი მუსიკოსი აწერს ხელს!

M2

ერთი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ილონ მასკმა მოაწერა ხელი წერილს, რომლითაც სხვებთან ერთად AI ექსპერიმენტების სულ მცირე 6 თვით შეჩერებას ითხოვდნენ… არაფერი რომ შეცვლილა, ამაში ყოველდღიური AI სიახლეები გვარწმუნებს. სწორედ ამის გამო ვიგებთ ახლა, რომ წერილს, რომელიც ამჯერად ტექნოლოგიურ კომპანიებსა და დეველოპერებს მოუწოდებს, არ შეუშალონ ხელი ადამიანის შემოქმედებითობას AI მუსიკის გენერირების ხელსაწყოებით, 200 მუსიკოსი აწერს ხელს.

ხელმომწერთა სია კი იმდენად მასშტაბურია, რომ თავისუფლად შემოგთავაზებთ Coachella-ს შემადგენლობას — Billie Eilish, the Bob Marley Estate, Chappell Roan, Elvis Costello, Greta Van Fleet, Imagine Dragons, Jon Bon Jovi, the Jonas Brothers, Kacey Musgraves, Katy Perry, Mac DeMarco, Miranda Lambert, Mumford & Sons, Nicki Minaj, Noah Kahan, Pearl Jam, Sheryl Crow, Zayn Malik…

უპასუხისმგებლოდ გამოყენების შემთხვევაში, ხელოვნური ინტელექტი უზარმაზარ საფრთხეს წარმოადგენს ჩვენი უნარისთვის, დავიცვათ ჩვენივე პირადი სივრცე, ჩვენი იდენტობა, მუსიკა და შემოსავლები. ზოგიერთი დიდი და ძლიერი კომპანია ნებართვის გარეშე იყენებს ჩვენს ნამუშევრებს AI მოდელების გასაწვრთნელად… ბევრი მუსიკოსისთვის, არტისტისა თუ სიმღერების ავტორისთვის, რომლებიც ამით თავს ირჩენენ, ეს კატასტროფული იქნება, — ვკითხულობთ წერილში

სიმართლეც ეს არის. AI მოდელები, რომლებიც აგენერირებს ახალ მუსიკას, ნამუშევარს თუ ტექსტს არსებული ნამუშევრების მასიურ მონაცემებზეა გაწვრთნილი და უმეტეს შემთხვევაში, თუ ეტყვით, რომ ამ სიიდან თქვენი სიმღერა ამოიღოს, ეს ფუჭი მცდელობა იქნება. უკვე პოპულარული მუსიკოსების დამაჯერებელი ყალბი მუსიკის შექმნაც შესაძლებელია, ტექნოლოგია კი სულ უფრო უმჯობესდება. 

ისტორიულად, მუსიკოსები ამ ტექნოლოგიური წინსვლიდან დიდ სარგებელს ვერასდროს იღებდნენ — თავიდან ფაილების გაზიარებამ მუსიკების უფასოდ მიღება გაამარტივა, ამას მერე სტრიმინგიც დაემატა და UMAW წლების მანძილზე მუშაობდა, რათა შესაფერისი სტრიმინგის ანაზღაურება მიეცა მომღერლებისთვის — Spotify-ის ჰონორარი 0.0038 დოლარს, ანუ ცენტის დაახლოებით მეოთხედს შეადგენს. ამიტომ, მუსიკოსებს საფუძველიც აქვთ, განვითარებად ტექნოლოგიას სკეპტიკურად შეხედონ.

მსგავს წერილს გენერაციული AI-ის წინააღმდეგ ხელი ივლისში 15 000-მა მწერალმა მოაწერა, ჯეიმს პატერსონის, მაიკლ შებონის, სუზან კოლინსისა და როქსან გეის ჩათვლით, რომლებიც OpenAI-ის, Alphabet-ის, Meta-ს, Stability AI-ის, IBM-ისა და Microsoft-ის ხელმძღვანელებს მიმართავდნენ… 

ეს ტექნოლოგიები ბაძავს და ამახინჯებს ჩვენს ენას, ამბებს, სტილსა და იდეებს. მილიონობით საავტორო უფლებით დაცული წიგნი, სტატია, ესე თუ პოეზია წარმოადგენს საკვებს AI სისტემებისთვის, უსასრულო შესაძლებლობებით, რომლისთვისაც არაფრის გადახდა უწევთ, — აცხადებენ წერილის ავტორები.

თუმცა ტექნოლოგიურ კომპანიებს არაფერი ესმით, ChatGPT-ზე რომ გადახვიდეთ და სთხოვოთ, ნებისმიერ ცნობილი ავტორის სტილში რაღაც დაგიწეროთ, პასუხს ჩვეულებრივ მიიღებთ… საავტორო უფლებების კანონიც არ არის იმდენად დახვეწილი ხელოვნური ინტელექტისთვის, რომ იურიდიული დახმარება სასარგებლო გამოდგეს. ამიტომაც აქვეყნებენ წერილს, რომელშიც ვკითხულობთ:

ადამიანის შემოქმედებითობაზე თავდასხმა აუცილებლად უნდა შეწყდეს. ჩვენ უნდა გავუმკლავდეთ AI-ის მავნე ქმედებებს, რომლითაც პროფესიონალ არტისტებს ხმებს პარავს, არღვევს კრეატორთა უფლებებს და ანადგურებს მუსიკის ეკოსისტემას.

 

როგორ ვმართოთ დრო ეფექტიანად?

BENADDICT – ექსკლუზიური სადაზღვევო პაკეტი ბენეფიტსისგან