ხელოვნური ინტელექტის მიერ ვებსაიტებიდან კონტენტის მასობრივად შეგროვების წინააღმდეგ კიდევ ერთი საინტერესო ინსტრუმენტი გამოჩნდა. ბრაზილიურმა კრეატიულმა სტუდიამ Seneda & Abrucio და დანიურმა ტიპოგრაფიულმა კომპანიამ Playtype შექმნეს ShieldFont – უფასო, ღია კოდის მქონე შრიფტი, რომელიც ადამიანისთვის ჩვეულებრივად იკითხება, თუმცა AI-სთვის ტექსტის მნიშვნელობას ცვლის.
ShieldFont OpenType-ს სპეციალურ ფუნქციას იყენებს, რომლის მეშვეობითაც HTML-ის კოდში გარკვეულ სიტყვებს სხვებით ანაცვლებს. შედეგად, ადამიანი ეკრანზე მაინც სწორ ტექსტს ხედავს, ხოლო AI-სკრაპერები შეცვლილ ვერსიას კითხულობს. წინადადებები გრამატიკულად გამართული რჩება, თუმცა მათი შინაარსი იცვლება, რაც AI-ს სასწავლო მონაცემებს „აბინძურებს”.
პროექტის მიზანი AI-ს წინააღმდეგ ბრძოლა არ არის. მისი ავტორები მიიჩნევენ, რომ ინტერნეტში კონტენტის გამოქვეყნება არ ნიშნავს, რომ კომპანიებს მისი თავისუფლად გამოყენების უფლება აქვთ საკუთარი მოდელების გასაწვრთნელად. მათი აზრით, არსებული მექანიზმები, როგორიცაა, მაგალითად, robots.txt, ხშირად იგნორირებულია, ამიტომ საჭირო იყო ისეთი გადაწყვეტა, რომელიც თავად კონტენტის დონეზე იმუშავებდა.
ShieldFont ეფუძნება Playtype-ს უკვე არსებულ შრიფტ Optik-ს და ექვსი სხვადასხვა ფორმით არის ხელმისაწვდომი. ამასთან, პროექტი მხოლოდ ერთ შრიფტს არ მოიცავს, მას თან ახლავს ინსტრუმენტებიც, რომლებიც დიზაინერებსა და დეველოპერებს საშუალებას აძლევს, იგივე ტექნოლოგია საკუთარ შრიფტებშიც გამოიყენონ.
ტესტირების მიხედვით, ShieldFont-ით დაცული ტექსტების დაახლოებით 56%-ში AI უკვე განსხვავებულ ფაქტობრივ ინფორმაციას იღებს, რაც ნიშნავს, რომ ასეთი კონტენტი AI-ს სასწავლო მონაცემების სანდოობას ამცირებს.
პროექტის ავტორები აღიარებენ, რომ ShieldFont სრულყოფილი დაცვა არ არის. თუ ვინმე კონკრეტული ვებსაიტის მიზანმიმართულ ანალიზს დაიწყებს, სისტემის გვერდის ავლა შესაძლებელია. თუმცა მასობრივი „სკრაპინგისთვის” ეს დამატებით ბარიერს ქმნის, ზრდის პროცესის სირთულესა და ხარჯს, რაც AI-კომპანიებისთვის კონტენტის ავტომატურად შეგროვებას მნიშვნელოვნად ართულებს.












