in

აკაკი რაზმაძე: „ცოტა უცნაურია, როცა იცი, რომ ყველას ჯიბით დააქვს შენი შექმნილი დიზაინის ნიმუშები“

ზოგს ჰგონია, რომ კომპიუტერში არსებული ფონტ-ფაილები, უბრალოდ, კომპიუტერს მოჰყვება, ან ავტომატურად იქმნება, თუმცა რეალურად, მისი შექმნა საკმაოდ დიდი და შრომატევადი პროცესია.

ინტერვიუების სერიით: „აი, როგორ ვმუშაობ“ , გვინდა, მარკეტერის მკითხველს სხვადასხვა პროფესიაზე უფრო მკაფიო წარმოდგენა შევუქმნათ. ამისთვის გადავწყვიტეთ, სხვადასხვა სფეროს პროფესიონალებისთვის თავიანთი სამუშაო პროცესის გაზიარების საშუალება მიგვეცა: 

აკაკი რაზმაძე, კომუნიკაციის დიზაინერი.

M: აკაკი, რას ნიშნავს შენი პროფესია? რას აკეთებს კომუნიკაციის დიზაინერი?
კომუნიკაციის დიზაინი ბევრ მიმართულებას მოიაზრებს საკუთარ თავში, ეს, ძირითადად, არის ვიზუალური გამოსახულებით ინფორმაციის გადმოცემა. კონკრეტულად იმ მიმართულებას კი, რაშიც მე ვსაქმიანობ, შრიფტის დიზაინი ჰქვია. ყველა ის ტექსტი, რომელსაც ჩვენ ეკრანებსა თუ ბეჭდურ ზედაპირებზე ვხედავთ, გარკვეული ფიგურებისგან შედგება. ამ ფიგურებს საკუთარი ფორმა და ვიზუალი აქვთ, სწორედ ესაა ის, რასაც შრიფტის დიზაინერი ქმნის. შეიძლება, ბევრმა არც იცის, რომ ამაზე ადამიანი მუშაობს, ალბათ, ზოგს ჰგონია, რომ კომპიუტერში არსებული ფონტ-ფაილები, უბრალოდ, კომპიუტერს მოჰყვება, ან ავტომატურად იქმნება, თუმცა რეალურად, მისი შექმნა საკმაოდ დიდი და შრომატევადი პროცესია.

M: რა უნარ-ჩვევები/ცოდნაა საჭირო (ფორმალური თუ არაფორმალური) შენს პროფესიაში?
უპირველესი, რაც ალბათ, ამ პროფესიაშია საჭირო, ესაა დაკვირვების უნარი და პერფექციონიზმის განცდა. ეს არის მიმართულება, სადაც თითოეული წერტილი და მილიმეტრი მნიშვნელოვანია. ხშირად უმნიშვნელო ცვლილებებიც კი იწვევს შრიფტის ხასიათისა და სტილის ცვლილებას. შესაბამისად, ისევე როგორც დიზაინის სხვა მიმართულებებზე, აქაც ყველაზე მეტი შეგვიძლია, ვისწავლოთ: დაკვირვებით, სხვა მაგალითების თვალიერებითა და გააზრებით. ფორმალური ცოდნა ადამიანს ეხმარება შედარებით სწრაფად მიიღოს ის ინფორმაცია, რაც უკვე არსებობს, ვიღაცამ გაიაზრა და პრაქტიკაში გამოსცადა. ბუნებრივია, შესაძლებელია, ამის გარეშეც მივაღწიოთ იმავე შედეგს, თუმცა ამ შემთხვევში, მეტი დაკვირვება და პრაქტიკული მუშაობაა საჭირო.

M: თავად როგორ გააკეთე არჩევანი კომუნიკაციის დიზაინზე და რა გამოცდილებებით დააგროვე კომპეტენცია შენს საქმიანობაში?
მას მერე, რაც პირველად მქონდა შეხება კომპიუტერებთან, მუდმივად მაწუხებდა ის აზრი, რომ ისეთი შრიფტის არჩევა არ შემეძლო, რომელიც ვიზუალურად მომეწონებოდა. მას მერე, რაც თბილისის სამხატვრო აკადემიაში გრაფიკის მიმართულებაზე ჩავაბარე, ამ სფეროს უფრო ახლოდან გავეცანი და გადავწყვიტე, კიდევ უფრო მეტი გამეგო. ვუყურებდი სხვადასხვა დიზაინერის გამოსვლებს, ვცდილობდი, გამეგო, რისთვის უნდა მიმექცია ყურადღება. ჯერ კიდევ მეორე კურსზე ვიყავი, როდესაც ჩემი დიზაინით ავაწყვე შრიფტი, რაღაც საიტებზე განვათავსე და რამდენიმე თვეში ქუჩაში დიდი პოსტერი შემხვდა, რომელზეც ეს შრიფტი იყო გამოყენებული. მაშინ მივხვდი, რომ ეს გრძნობა იმდენად მომწონდა, რომ ამ მიმართულებას უნდა გავყოლოდი. მოგვიანებით, გერმანიაში გავაგრძელე ამ მიმართულების შესწავლა, სწავლის პერიოდში გავიარე პრაქტიკა კომპანიაში, რომელიც შრიფტის დიზაინის კუთხით, საუკეთესო სტუდიაა (Monotype). იმ გამოცდილებისა და ადამიანური კონტაქტების დიდი ნაწილი ზუსტად ამ პერიოდში დავაგროვე, რაც დღემდე მეხმარება სამუშაო პროცესში.

M: გაგვიზიარე შენი რეკომენდაცია… როგორ გამოვიწვრთნათ კომუნიკაციის დიზაინში? საიდან დავიწყოთ?
პირველი, რასაც ყოველთვის ვურჩევ იმ ადამიანებს, ვისაც, ზოგადად, დიზაინისა და მათ შორის, შრიფტის დიზაინის მიმართულების შესწავლა სურთ, არის — თვალიერება. პრაქტიკული მაგალითების გააზრება ყოველთვის გვეხმარება დიზაინის შესწავლაში. ეს მაგალითები კი ჩვენ გარშემოა: მაღაზიის აბრები, წიგნის ყდები ან თუნდაც, ხეზე მიკრული განცხადება, რომელზეც წერია, რომ თმას იბარებენ — არის დიზაინის ის ნიმუშები, საიდანაც ყოველთვის საუკეთესოს არ უნდა ველოდეთ, მაგრამ იმის გააზრებაც გვეხმარება, რა არის ცუდად შექმნილი, რა ელემენტი ვერ ასრულებს თავის ფუნქციას დიზაინში და ა.შ. საუკეთესო დამხარება დიზაინის გააზრებაში არის, ასევე, ადამიანებზე ან სულაც საკუთარ თავზე დაკვირვება: რას ვაქცევთ ყურადღებას, რას როგორ აღვიქვამთ, რას ველოდებით, ან როგორ მოვიხმართ სხვადასხვა დიზაინს. ამ ყველაფრის ანალიზი საუკეთესო მასწავლებელი შეიძლება, იყოს.

M: შეგიძლია, გაიხსენო მომენტი, როდესაც საკუთარი პროფესიით ყველაზე მეტად იამაყე?
ყველაზე მეტად, რაც შეიძლება ამ სფეროში მყოფ ადამიანს ახარებდეს, არის ის, რომ თავის ნამუშევარს შემთხვევით სადღაც გადააწყდება. ჩემს მაგალითზე ასეთი მოულოდნელობები უკვე ხშირ შემთხვევებად იქცა და დიდ ყურადღებას აღარც ვაქცევ ხოლმე. ამისდა მიუხედავად, 2 წლის წინ, ზუსტად ერთ დღის წინ გავიგე, რომ როგორც ანდროიდის, ისე ეფლის მოწყობილობებზე განახლებულ სისტემებზე ქართული ტექსტებისთვის ის შრიფტები იყო ინტეგრირებული, რომელთა დიზაინზეც სხვადასხვა პერიოდში მე ვმუშაობდი. ეს, ალბათ, ზუსტად ის დღეა, რომელიც ალბათ, არასდროს დამავიწყდება. შეიძლება, ცოტა უცნაური გრძნობაცაა, როცა იცი, რომ ყველას შენ გარშემო, ვისაც უყვარხარ, ვისაც სძულხარ, ან ვინც საერთოდ არ გიცნობს, ჯიბით დააქვს რაღაც მოწყობილობა, სადაც შენი შექმნილი დიზაინის ნიმუშებია თავმოყრილი…

როგორია Alexa-ს იდეალური სხეული? – Amazon-ის რეკლამა სუპერთასისთვის

nikoloz markozashvili

გააზრება, გაცნობიერება, გაგება – ბიზნესის ახალი პარადიგმა