7
Sep
2019

აკაკი რაზმაძე: კითხვადობა წიგნებში და დიზაინი

7 Sep 2019

ბევრი განმარტება არსებობს იმის შესახებ, თუ რა არის დიზაინი, ან რას უნდა ემსახურებოდეს ის რეალურად. ერთ-ერთი მთავარი ფუნქცია რაც დიზაინს აქვს, ესაა ადამიანისთვის ცხოვრების გამარტივება და დახმარება. აქედან გამომდინარე, დიდი მნიშვნელობა ენიჭება, რომ ამა თუ იმ პროდუქტის, ნივთის ან ნებისმიერი საკომუნიკაციო წყაროს დიზაინი ადამიანზე მორგებული და მარტივი აღსაქმელი იყოს. ზუსტად აღქმადობაა ის თემა, რომელსაც დიზაინის შეფასებისას მნიშვნელოვან საფუძველს წარმოადგენს ხოლმე.

აღქმადობის დეტალების განხილვა შეიძლება დიზაინის სხვადასხვა მიმართულების კუთხით, ჩვენ მეტწილად შრიფტის დიზაინზე შევჩერდებით

კითხვადობის დეტალები განსაკუთრებით დიდ მნიშვნელობას იძენს, როდესაც საქმე წიგნებს და პატარა ზომაზე მოცემულ ნაბეჭდ ტექსტებს ეხება. როდესაც პირველად დაიწყეს წიგნების ბეჭდვა გუტენბერგის სტამბაში, შრიფტის დიზაინი მაშინდელი გოთური სტილის მძიმე და უხეშ ფორმებს წარმოადგენდა, ერთი შეხედვით ეს დიზაინი კარგად გამოხატავდა იმდროინდელ ცენტრალურ ევროპაში გავცელებულ გოთიკურ სტილს, რაც, როგორც მხატვრობაში, ისე არქიტექტურაში თუ ხელოვნების სხვა დარგებში იყო განვითარებული, მეორე მხრივ კი ნათელი იყო, რომ ფუნქციას ნაკლებად ერგებოდა.

გუტენბერგის სტამბაში დაბეჭდილი წიგნის მაგალითი, სადაც გამოყენებულია ე.წ. blackletter იგივე fraktur სტილის შრიფტის დიზაინი.

გუტენბერგის სტამბაში დაბეჭდილი წიგნის მაგალითი, სადაც გამოყენებულია ე.წ. blackletter იგივე fraktur სტილის შრიფტის დიზაინი.

ამ შემთხვევაში ფუნქცია იყო მარტივი კითხვადობა. და რადგან დიზაინის მთავარი მამოძრავებელი ძალა ფუნქციაა და არა სილამაზე, ეს მიმართულება მალევე შეიცვალა. როდესაც წიგნის ბეჭდვა იტალიაშიც გავრცელდა, ადამიანები დაფიქრდნენ, ხომ შეიძლებოდა წიგნში გამოყენებული ტექსტები იმავე დიზაინით ყოფილიყო მოცემული, რაც არსებობდა ჯერ კიდევ რომის იმპერიაში ჩვენი წელთაღრიცხვის მისადგომებთან? ხომ იქნებოდა ეს უფრო მარტივი, უფრო მკაფიო და ადვილად აღსაქმელი? ამ ყველაფრის შედეგად იტალიაში გაჩნდა oldstyle serif ტიპის შრიფტები, რომლებიც დღემდე გვხვდება სხვადასხვა რომანსა და თანამედროვე წიგნში.

ნიკოლას ჯენსონის შრიფტის დიზაინის მაგალითი, 1470 წელი.

ნიკოლას ჯენსონის შრიფტის დიზაინის მაგალითი, 1470 წელი.

 

იმპერატორ ტრაიანეს სვეტი, რომი 106–113 წლები.

იმპერატორ ტრაიანეს სვეტი, რომი 106–113 წლები.

ამ ისტორიული საფეხურების გააზრება ბევრი კუთხით შეიძლება. ერთი მიმართულება – ესაა ფუნქციაზე ფიქრი: როგორ შეიძლებოდა უფრო მარტივი და ადვილად კითხვადი გამხდარიყო ის წიგნები, რომლის მთავარი დანიშნულებაც მათი მარტივად კითხვაა.

მეორე მხრივ, დიზაინის შექმნისას კვლევა და ისტორიული მაგალითების სათანადოდ განოყენება არის დიზაინის შექმნის პროცესში ის უმნიშვნელოვანესი ღერძი, რაც, როგორც ჩანს, შუა საუკუნეებშიც კი ესმოდათ ადამიანებს.

მესამე და არანაკლებ მნიშვნელოვანი, რაც ამ მაგალითიდან შეიძლება დავინახოთ, ესაა წმინდად მატერიალური ხედვა, რაც ხარჯების დაზოგვაში გამოისახება. ხშირად დიზაინზე გავლენას ახდენს მატერიალური რესურსი, დიზაინერები ხშირად დგებიან ისეთი გადაწყვეტის წინაშე, როდესაც უნდა იპოვონ გამოსავალი, როგორ შეამცირონ ხარჯი დიზაინის ცვლილებით. ჩვენ, ისტორიულ მაგალითზე დიდი ალბათობით, ამ ყველაფრის გააზრებასთანაც გვქონდა საქმე, რადგან ახალი დიზაინი, ერთის მხრივ ზოგავდა სივრცეს, მეორეს მხრივ კი საღებავს, რომელიც ისეთი ინტენსივობით აღარ გამოიყენებოდა.

ქართულ რეალობაში ძირითადად მე-18 საუკუნიდან იწყება შრიფტებზე ყურადღების გამახვილება. 1830-იანი წლების ბოლოს, ქართულ სტამბებში გაჩნდა შრიფტი, რომელიც დიზაინის კუთხით კლასიკური სერიფ ტიპის შრიფტებს წააგავდა. ეს იყო შრიფტი აკადემიური, რომელსაც მოგვიანებით „გოგებაშვილი“ დაარქვეს.

შრიფტი აკადემიური დიზაინერი: თეიმურაზ ბატონიშვილი 1834-1840 წლები.

შრიფტი აკადემიური
დიზაინერი: თეიმურაზ ბატონიშვილი 1834-1840 წლები.

საინტერესო ამ ისტორიაში ისაა, რომ თავად გოგებაშვილი აკრიტიკებდა ამ შრიფტს ზუსტად კითხვადობის თვალსაზრისით და მიიიჩნევდა, რომ ის შრიფტი, რითიც ბავშვები სკოლაში სწავლობენ, დიდი ზომის და მაქსიმალურად მკაფიო უნდა ყოფილიყო.

ხეირიანი მსხვილი შრიფტი სრულიად არ მოიპოვება ჩვენებურს სტამბებშიაკადემიის ასოებში იპოვება მომსხო მეთექვსმეტე ნომრის შრიფტი, მაგრამ ესეც მეტად უშნო და ტლანქია და, გარდა ამისა, სრულიად არ უდგება მელიქიშვილის ჩვეულებრივ შრიფტსა, რომლითაც იბეჭდებიან თავდაპირველთაგანვე ჩვენი სახელმძღვანელონი და რომელნიც უფრო კარგს, მრგვალს და გარკვეულ შრიფტად მიგვაჩნია

                                                                                                               ი. გოგებაშვილი – „უმეცრების ამაყობა”,

                                                                                                                                                                    „ივერია” №6, 1881 .

აშკარაა, რომ გოგებაშვილს ის ძველი შრიფტი უფრო მოსწონდა, რომლითაც დედა ენა პირველ წლებში (მის გარდაცვალებამდე) იბეჭდებოდა. 1912 წლის შემდეგ კი დედა ენაის ბეჭდვა ზუსტად იმ შრიფტით დაიწყეს, რომელიც თავად ავტორს ვიზუალურად გაუმართლებლად მიაჩნდა.

მელიქიშვილის ჩვეულებრივ შრიფტში გოგებაშვილი გულისხმობდა მელიქიშვილის სტამბაში არსებულ გარნიტურს, რომლის დიზაინიც მიხეილ ყიფიანმა შექმნა. ეს შრიფტი 1860-იანი წლების დასაწყისში კონკურსში შეარჩიეს, შრიფტის დიზაინის მთავარი მოთხოვნა იყო სიმარტივე, რათა წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას მაქსიმალურად მარტივად მიეწოდებინა ლიტერატურა მოსახლეობისთვის.

შრიფტი ვენური, დიზაინერი: მიხეილ ყიფიანი 1864 წელი. ქართული ანბანი და პირველი საკითხავი წიგნი მოსწავლეთათვის, ი. გოგებაშვილი. 1865 წელი.

შრიფტი ვენური, დიზაინერი: მიხეილ ყიფიანი 1864 წელი.
ქართული ანბანი და პირველი საკითხავი წიგნი მოსწავლეთათვის, ი. გოგებაშვილი. 1865 წელი.

ამ შრიფტში გვხდებოდა მთავრული ასოები, რომელიც მაგალითად გაზეთ „დროების“ რედაქციის მოსაზრებით, ასევე კითხვადობის გასაზრდელად იყო გათვალისწინებული:

უასომთავრულოდ კაცი საკუთარს სახელს ძნელად გამოიცნობს ხოლმე, ასე რომ ხშირად შეუნიშნავად რჩებიან უცხო ქვეყნების კაცების სახელები. ამასთანავე, ყოველი აზრი კითხვაში უფრო მკაფიოდ და ნათლად იხედება, რადგან ის ყოველთვის ასომთავრულით იწყება ხოლმე

                                                                                                                                    „დროება”, 1867 . № 1,2

აქედან გამომდინარე, როგორც იაკობ გოგებაშვილის დედა ენა, ისე გაზეთი „დროება“ და სხვა გამოცემები, ტექსტებში ახალი წინადადების პირველ სიტყვას, მთავრული ასოთი იწყებდნენ.

დღევანდელი გადმოსახედიდან შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს შრიფტი საკმაოდ თანამედროვე და სასიამოვნო დიზაინის შთაბეჭდილებას ტოვებს, კარგად დაკვირვების შემდეგ შევამჩნევთ, რომ დიზაინის კუთხითაც ბევრი ისეთი ელემენტია, რაც მსგავს ასონიშნებს ერთმანეთისგან მიჯნავს და ამით, დამატებითად ეხმარება აღქმადობის პროცესს.

ხშირად, როდესაც ბავშვები წერა-კითხვას სწავლობენ, უჭირთ ვიზუალურად მსგავსი ფორმების გარჩევა, ეს შეიძლება იყოს იდენტური ფორმები, რომლებიც შემოტირალებული არიან სარკისებურად, მაგალითად: ძ, ხ, შ, წ, ან მიმსგავსებული ფორმები, როგორიცაა მაგალითად: ო, თ. აღნიშნულიდან გამომდინარე, დიზაინით ხდებოდა ამ რისკების დაზღვევა, სადაც მსგავსი ასოები მაქსიმალურად დისტანცირებული იყვნენ სხვადასხვა ელემენტების დამატების საშუალებით. აღნიშნული პრაქტიკა არის ასევე ლათინურ შრიფტებშიც, რასაც მოგვიანებით ცალკეც შეიძლება შევეხოთ.

მსგავსი ასო-ნიშნების განსხვავებული ელემენტებში შრიფტში ვენური.

მსგავსი ასო-ნიშნების განსხვავებული ელემენტებში შრიფტში ვენური.

ბავშვებისთვის დასახმარებლად და კითხვადობის გაზრდის მსგავსი საფუძვლით გამოქვეყნდა პატარა ბლოგი, სადაც ზუსტად მსგავს შემთხვევაზეა ლაპარაკი.

ეს სულ რამდენიმე მცირე დეტალია იმ მრავალი ფაქტორიდან, რომელსაც დიზაინერები  შრიფტის შექმნის ან მათი შერჩევის და გამოყენებისას დროს ითვალისწინებენ, როდესაც ცდილობენ ესა თუ ის დიზაინი სხვადასხვა გამოცემას მოარგონ.

დასკვნის სახით შეგვიძლია ვთქვათ, რომ შუა საუკუნეებიდან დღემდე იცვლებოდა ტექნიკები, იცვლებოდა ადამიანის მოთხოვნები და დიზაინი მუდმივად ცდილობდა ამ მოთხოვნებზე ყოფილიყო მორგებული. ხშირად ადამიანები ვამჩნევთ, როცა რაღაც დიზაინი ჩვენზე არაა მორგებული, უმეტეს შემთხვევაში კი რაღაც გვაწუხებს და ვერ ვხვდებით რაშია საქმე, კითხვადობის პრობლემაც ზუსტად ამ კატეგორიას მიეკუთვნება. ამ ტიპის პრობლემის გადაჭრა ბუნებრივია, შესაძლებელია კარგად გათვლილი და ნაფიქრი დიზაინით, დიზაინით, რომელიც როგორც დასაწყისში აღვნიშნეთ, ცხოვრების გამარტივებისკენ არის მიმართული.

 

აკაკი რაზმაძე – Marketer.ge-ს კონტრიბუტორი

განხილვა