in

საიდან სადამდე მერყეობს ახალი ავტომობილის ფასები და რომელი ბრენდებია მოთხოვნადი

გამომდინარე იქიდან, რომ ავტომობილებს ძალიან ბევრი მომხმარებელი ჰყავს, დავინტერესდით, რომელი ბრენდებია უფრო მოთხოვნადი და საიდან სადამდე მერყეობს ახალი ავტომობილის ფასები. მართალია, ბაზარზე მეორადი მანქანების შეძენაც საკმაოდ გავრცელებული მიდგომაა, მაგრამ ყველანი ვთანხმდებით, რომ ახალ ავტომობილს, რომელსაც პირველად შენ გაატარებ და მოირგებ ყველა შენს საჭიროებაზე, არაფერი შეედრება. 

როგორია ახალი ავტომობილების საფასო კატეგორია უახლესი მონაცემებით და რომელი ბრენდებია უფრო მოთხოვნადი, ამაზე ნიკოლოზ ხინჩაგაშვილი, კორპორაციული გაყიდვების მენეჯერი გვესაუბრება.

M: საიდან სადამდე მერყეობს ახალი ავტომობილის ფასები საქართველოში 2024 წლის მონაცემებით?

ყველაფერი დამოკიდებულია ავტომობილის ბრენდზე. თითოეულ ბრენდს აქვს რამდენიმე მოდელი. შეიძლება გყავდეს ერთი და იგივე წლოვანების მოდელი, მაგრამ იყოს განსხვავებული ფასი, ყველაფერი დამოკიდებულია მანქანის კომპლექტაციაზე. ზოგადად, ცენტრებში ფასები მერყეობს 17000$-160000$. 

M: რა არის ავტომობილის ყველაზე მაღალი და ყველაზე დაბალი ფასი?

რთულია იმის თქმა, თუ რა არის ყველაზე დაბალი და მაღალი ფასი, ვინაიდან ყველა ბრენდი განსხვავდება ერთმანეთისგან, ამიტომ დავყოთ სამ ნაწილად: ბიუჯეტური ავტომობილების ფასი იწყება 17000$-35000$-ამდე, ისეთი ბრენდები როგორებიცაა: Geely, Toyota და Mazda. ოდნავ მაღალი ბიუჯეტის ავტომობილების ფასები მერყეობს 35000$-80000$-ამდე: Volvo, Toyota, Zeekr, Posrche და Mazda. ხოლო პრემიუმკლასის ავტომობილების ფასი იწყება 80000$-160000$-ამდე: Toyota,  Zeekr, Porsche – ამ ბრენდის შემთხვევაში ფასი შეიძლება საგრძნობლად მაღალიც იყოს.

M: რომელ ბრენდებზეა უფრო მაღალი მოთხოვნა?

საქართველოში ყველაზე მოთხოვნადი ბრენდები იაპონურია, მათი გამძლეობიდან და ფასიდან, ნაწილებისა და სერვისის ღირებულებიდან გამომდინარე, ხოლო შემდგომ მოდის ევროპული ბრენდის ავტომობილები. 2024 წლიდან დაიწყო, ასევე, ჩინური ავტომობილების პოპულარიზაცია, რომელიც ნელ-ნელა კონკურენტუნარიანი გახდება. თამამად შეიძლება ითქვას რომ ტოიოტა არის ის ბრენდი, რომელიც დიდი რაოდენობით იყიდება საქართველოში. 

M: რაზეა დამოკიდებული ფასების ცვალებადობა?

ყოველ წელს კორპორაციები ცდილობენ, რაიმე ახალი შეიტანონ თავიანთ ავტომობილებში, გააუმჯობესონ ვიზუალურად, გახადონ უფრო გამძლე და აღჭურვონ ახალი ტექნოლოგიებით, რის გამოც უწევთ ხარჯის გაზრდა, რაც ისახება მანქანების ფასზე. ავტომობილების ინდუსტრიაში უკვე ისეთი პრაქტიკაა, რომ წელიწადში ერთხელ მანქანების ფასი იზრდება 2-8%-ამდე, რაც გაუმჯობესებული ხარისხით და ახალი ტექნოლოგიების შემოტანით არის განპირობებული.

M: დაახლოებით რა ბიუჯეტია საჭირო ავტომობილის მოსავლელად?

ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ რომელი ბრენდის ავტომობილი გყავს, ასევე, მნიშვნელოვანია, რომელ ძრავაზეა მანქანა. ჰიბრიდული ავტომობილის სერვისი უფრო მეტ გადასახადს ითხოვს, ვიდრე ბენზინის ან დიზელის ძრავის; ასევე, დამოკიდებულია მანქანის გარბენზე, საშუალოდ ყოველ 10.000კმ-ზე ან ბოლო გეგმური სერვისიდან, წელიწადში ერთხელ მომხმარებელს სჭირდება 300-1500 ლარამდე (გააჩნია ისევ ბრენდს).

M: რა უპირატესობები აქვს ახალ მანქანას მეორადთან შედარებით?

ახალი ავტომობილების ფასი ბევრად სტაბილურია, ვიდრე მეორადი მანქანების, მარტივია შემდგომში მათი გაყიდვა, რადგან მომხმარებელთა უმეტესობა უფრო მშვიდად არის,  როდესაც იციან, რომ ავტომობილი გარანტიითაა შეძენილი და გაყვანილია ცენტრიდან.

შენიშვნა: სტატიაში მოცემული ბრენდების ფასები აღებულია საქართველოში არსებული კომპანიებისგან.

1.Toyota Center Tegeta

2.Mazda Center Tegeta

3.Geely Sakartvelo

4.Zeekr Sakartvelo

5.Volvo Car Sakartvelo

6.Porsche Center Tbilisi

ავტორი: მარიამ გოჩიაშვილი

თიბისის მობაილბანკში დაიბრუნე გადახდილი თანხა და თვეებზე გადაანაწილე

ახალი საცხოვრებელი კომპლექსი ისტორიულ უბანში – „მეტროპოლ ორთაჭალაში“ გაყიდვები დაიწყო