ბევრი ადამიანისთვის ბორბლის ხელახლა გამოგონება უბრალო ფრაზაა, თუმცა სამხრეთ კორეელ მეცნიერთა გუნდისთვის ეს სამსახურებრივი მოვალეობაა… ჟურნალ Science Robotics-ის ახალი კვლევის თანახმად, კლასიკური რეზინის საბურავი ოდესღაც წარსულს ჩაბარდება. მეცნიერები ახლა ექსპერიმენტებს ახალ მოწყობილობაზე აკეთებენ, რომელიც მყარიცაა და, ამასთან, ფორმის შეცვლაც შეუძლია. ისეთივე სწრაფი იქნება, როგორც ჩვეულებრივი საბურავები და ისეთივე მოქნილი, როგორც თხევადი მეტალი. ეს უკანასკნელი დამოკიდებულია იმაზე, თუ რა რელიეფზე მოხვდება… მეტიც, ჩაქუჩის ზემოქმედებასაც უძლებს, გატეხვისა და გაბზარვის გარეშე.
ამგვარად, ბორბლები რელიეფის მიხედვით იცვლის ფორმას, თეორიულად, კი ნებისმიერ დაბრკოლებასთან გამკლავება შეუძლია. თავად ამ ბორბლის ავტორებს სჯერათ, რომ მსგავსი დიზაინი შეცვლის იმ გზებს, რომლითაც ეტლებს, რობოტებს და სხვა მოძრავ მოწყობილობებს ვაგებთ. ამისთვის კი ინჟინრებმა „ჭკვიანი ჯაჭვის სტრუქტურა“ შექმნეს — ბორბლის გარე ნაწილზეა დამაგრებული და ურთიერთდაკავშირებული ბლოკებისგან შედგება, რომლებიც ჯაჭვებს მოგაგონებთ. ეს ბლოკები კი, თავის მხრივ, ბორბლის ცენტრალურ ნაწილს უკავშირდება.
ნაშრომის თანახმად, ბორბალი ფორმას მიღებული წნევის საპასუხოდ იცვლის, ხოლო ეს წნევა ცენტრალურ ნაწილში არსებული ორი კვანძით კონტროლდება. წნევის მატებისას ბორბალს წრიული ფორმა აქვს და იდეალურია ბრტყელ ზედაპირზე სწრაფი გადაადგილებისთვის. ხოლო წნევის შემცირებისას, მეტად მოქნილი და დრეკადი ხდება, დეფორმირებაც შეუძლია და ნებისმიერი ფორმის ზედაპირს ერგება. იმ დაბრკოლებების დაძლევის უნარი აქვს, რომლებიც თავისი რადიუსის 40%-ს აღემატება.
ზუსტად ამით აჯობებს დღევანდელ ბორბლებსაც, რომლებიც მხოლოდ ბრტყელი ზედაპირისთვის გამოდგება, არც დრეკადია და არც ფორმას იცვლის…
თან არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ სხვა პლანეტებზე ცხოვრებაც გვაქვს მიზნად დასახული. მაგალითისთვის მარსი და წითელი პლანეტის როვერები ავიღოთ. მის ზედაპირზე გადასაადგილებლად მსგავსი დიზაინის მქონე ბორბლები თუ გამოდგება. ერთ-ერთი ასეთი პირველი კი Sojourner-ის როვერი იყო — 1997 წლის 4 ივლისს მოხვდა მარსზე და ცდილობდა, მისი უხეში ზედაპირი დიდი ბორბლებით დაეძლია. ახლა კი იმდროინდელი დიზაინის გაუმჯობესებულ ვერსიებს მარსის Curiosity-ისა და Perseverance-ის როვერებში ვხედავთ.
მართალია პრაქტიკული გამოდგა, მაგრამ ძვირი და ნელი იყო, შესაბამისად, მისი გამოყენება დედამიწაზე გამოწვევას ჰგავდა. ვერც ეტლებში გამოიყენებდნენ, ამიტომ ინჟინრებმა გადაწყვიტეს, ამისთვის რაღაც მოეხერხებინათ. მას შემდეგ მრავალი სტარტაპი ვნახეთ, მრავალი იდეა თუ პროექტი, მაგრამ რეალურ პირობებში გამართლებული დიდად არცერთი გამოდგა, გარდა ერთისა:
როგორც ამბობენ, ცვლადი სიმტკიცის მქონე მექანიზმი პრაქტიკულ ცდებში წარმატებული გამოდგა, ასე მოხდა 2-ბორბლიანი ეტლებისა და 4-ბორბლიანი მანქანების შემთხვევაში. თუმცა არ გვიზიარებენ ამ ცვლილებებს ბორბალი ავტომატურად აკეთებს თუ ხელით კონტროლდება — თუ მის მექანიკურ ბუნებას მივაქცევთ ყურადღებას, ლოგიკური იქნება იმის თქმა, რომ საბოლოო პროდუქტი წნევის სენსორებით იქნება აღჭურვილი, რომელიც ავტომატურად იგრძნობს ცვლილებებს და საბურავს მას შეუსაბამებს.
დაბოლოს, მომავლის საბურავების დიზაინის ინსპირაცია ბუნება გახლავთ, მეცნიერებმა იმის მიხედვით შექმნეს, თუ როგორ ზემოქმედებს ზედაპირულ მოლეკულებზე გარკვეული ძალები… ხოლო, თუ იგი მალე რეალობად იქცევა, ასე ნასას როვერებიც გაუმჯობესდება და დედამიწაზე არსებული მოწყობილობებიც, ამიტომ ახალი ბორბლის გამოგონება ნამდვილად ღირდა.