in ,

როგორ შეიქმნა ვიდეორგოლი extra.ge-ზე არსებული 150,000 პროდუქტის ფოტოებით

სულ ცოტა ხნის წინ extra.ge-მ ვიზუალურ ბრენდინგში ცვლილებები შეიტანა და ეს სიახლე კამპანიით აღნიშნა. „ყველაფერი გეგულება“ – ამ ფრაზით გადმოგვცა ბრენდმა, სააგენტო Windfor’s-თან ერთად, მთავარი სათქმელი და ერთი მხრივ, მიგვანიშნა, რომ extra-ზე სასურველი პროდუქტების ძალიან დიდი არჩევანი გველის, მეორე მხრივ კი, ამავე სიტყვების თამაშით პროდუქტების მიმზიდველობას გაუსვა ხაზი, ყველაფრის „დაგულების“ სურვილს რომ გვიჩენს. ამ დროისათვის, extra.ge 150,000 პროდუქტის ასორტიმენტს აერთიანებს. განახლებული კონცეფცია და მომხმარებლებთან მის წარსადგენად შექმნილი ვიდეორგოლი სწორედ პროდუქტების ამ რაოდენობას უსვამს ხაზს და 150,000 პროდუქტის ვიზუალით არის შექმნილი. სიმღერის საშუალებით, ვიდეორგოლი პლატფორმით სარგებლობის დეტალებს დინამიკურად და მიმზიდველად გვიხსნის. ვიზუალური ეფექტების საშუალებით კი, გვაჩვენებს, როგორია შოპინგის გამოცდილება extra.ge-ზე. განახლებული ბრენდი იასამნისფერშია გადაწყვეტილი, ხოლო საკომუნიკაციო ვიზუალები და ვიდეორგოლი, ციფრულ სამყაროს პიქსელებიანი ვიზუალური სტილით ასახავს. ცვლილებებია უშუალოდ ბრენდის სტრატეგიასა და სერვისშიც, სადაც მომხმარებლებისთვის მიწოდების დროის არჩევა, ვაუჩერები, რეფერალური სისტემა და ექსტრა ექსპრესი გახდა ხელმისაწვდომი. როგორ შეიქმნა „ახალი ექსტრა“ და კამპანია „ყველაფერი გეგულება“, extra-ს მარკეტინგის განყოფილების ხელმძღვანელი მარიშა გოგოლაური და Windfor’s-ის აღმასრულებელი დირექტორი ბექა მეფარიშვილი გვესაუბრნენ.

BOG
BOG

„ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში, პროდუქტსა და ბრენდში ძალიან ბევრი დიდი და მნიშვნელოვანი ცვლილება შევიტანეთ. პირველ რიგში, გვინდოდა მომხმარებლებს „ახალი“ ექსტრას შესახებ გაეგოთ. კამპანიით განსაკუთრებით გვინდოდა მომხმარებლებისთვის შეგვეხსენებინა, რომ „ექსტრა“ არის ყველაზე დიდი მარკეტფლეისი საქართველოში, რომელიც სხვადასხვა კატეგორიის 150,000-მდე პროდუქტს აერთიანებს. აქ შეგიძლია შეიძინო, როგორც ვაშლი, ისე მანქანა“, – გვიამბობს მარიშა გოგოლაური.

M: როგორ ჩამოყალიბდა კამპანიის კონცეფცია?

მარიშა: ბრენდის ცვლილებისთვის დიდი გზა გავიარეთ. ჯერ ქეთო ბარაბაძესთან და ნინო კვაჭანტირაძესთან ერთად დავიწყეთ ბრენდის პოზიციონირების და ვიზუალური იდენტობის დახვეწა. საბოლოოდ, მივედით ჩვენთვის ყველასთვის საყვარელ გზავნილამდე – „ყველაფერი მეგულება“. ამის შემდეგ გავიდა 5 თვე და მუშაობა დავიწყეთ Windfor’s-თან, რომელიც „ექსტრას“ პოზიციონირების სინამდვილეს თვითონაც იზიარებდა. საბოლოოდ აღმოჩნდა, რომ ზუსტად ერთი ხედვა გვქონდა. განვაგრძეთ ვიზუალური იდენტობის ცვლილება და კამპანიის კონცეფციაზე მუშაობას შევუდექით. კამპანია სრულად შექმნილია „ექსტრაზე“ არსებული 150,000 მდე პროდუქტით. რამდენადაც საინტერესო იყო, იმდენად გამოწვევებით სავსე გადაწყვეტილება აღმოჩნდა, მაგრამ დღეს ვფიქრობ, რისკად ღირდა.

M: რა შეიქმნა კამპანიის ფარგლებში და რაზე აკეთებს აქცენტს კამპანიის მთავარი გზავნილი „ექსტრაზე ყველაფერი მეგულება“?

მარიშა: მომხმარებლებს გვინდა გავახსენოთ, რომ „ექსტრაზე“ შეუძლიათ იყიდონ ყველაფერი, რაც სურთ ან სჭირდებათ. შეუძლიათ ისარგებლონ, როგორც ქვიქკომერს მომსახურებით და მიიღონ პროდუქტები 7 სხვადასხვა კატეგორიიდან (მათ შორის მარკეტიდან) 35-50 წუთში და ასევე, შეიძინონ „ექსტრაზე“ 150,000 სხვა პროდუქტი, რომელშიც ტექნიკა, ავეჯი, ხელსაწყოები, ბავშვის მოვლა და სხვა უამრავი კატეგორია ერთიანდება.

M: ყველაზე მკაფიოდ, რა გამოარჩევს „ექსტრას“ კომუნიკაციის ამ მიდგომას?

მარიშა: ყველაზე მკაფიო, ჩემი აზრით, არის ვიზუალური სტილი და გზავნილია. ვინაიდან ამ გზავნილით „ექსტრა“ ცალსახად დაპოზიციონირდა, როგორც ყველაზე დიდი მარკეტფლეისი, რომელიც ცდილობს მომხმარებელს შესთავაზოს ყველაფერი რაც სჭირდება, მისთვის სასურველ დროს. ვიზუალური სტილით კი ამას მკაფიოდ გამოვხატავთ.

M: როგორი იყო სააგენტოს დავალება?

ბექა: ამ კამპანიის შემთხვევაში, კონცეფცია დავალების მიღებამდე გაჩნდა – ხანდახან ესეც ხდება ხოლმე. გვქონდა იდეა, რომ ბრენდის მრავალფეროვანი არჩევანის ხაზგასასმელად, შეგვექმნა კამპანია, რომელიც მთლიანად ამ ბრენდის ყველა პროდუქტის ფოტოთი იქნებოდა აწყობილი. ამ ხერხს თვითვალიდაციას ვეძახით – კომუნიკაციას, რომელიც ავტომატურად ჰყვება ბრენდის მთავარ სათქმელს.

თავის მხრივ, „ექსტრას“ გუნდი ბრენდის განახლებაზე მუშაობდა. აღმოჩნდა, რომ რებრენდინგის ფარგლებში, სწორედ ამ ფუნქციონალური ბენეფიტის – მრავალფეროვანი არჩევანის წინ წამოწევაზე ფიქრობდნენ. ქიმიაც მომენტალურად შედგა და კამპანიის გაშლაზე დავიწყეთ ფიქრი.

M: როგორი იყო სამუშაო პროცესი?

ბექა: სამუშაო პროცესი საინტერესო და გამოწვევებით სავსე იყო. პირველ ეტაპზე, ექსპერიმენტების სახით, სტატიკური და მოძრავი ვიზუალების სხვადასხვა ფოტოებით დასაგენერირებლად ბევრი გზა და ხერხი ვცადეთ. ვიდეოს ნაწილში ნიკუშა (კუკუშა) მოწონელიძე, Fire Production და Highway VFX ჩავრთეთ და მათთან ერთად მივედით საბოლოო გადაწყვეტებამდე. პრინტ სერიის შემთხვევაში, იკა ხარგელიასთან ერთად ვიმუშავეთ და გადაღებული ფოტოები ფრაგმენტულად ექსტრას პროდუქციის ფოტოებით ავაწყვეთ.

მთლიანობაში, საკმაოდ კომპლექსური და ამავდროულად, სასიამოვნო პროცესი გამოვიდა –  ბევრი ჩართული მხარე და თავისი საქმის პროფესიონალი და ბევრი ექსპერიმენტი – მათ შორის ვიდეოსთვის მუსიკის ნაწილში, რომელიც AVIRA-სა და SunDraw & Vako-ს კოლაბორაციით შეიქმნა.

M: როგორ შეაფასებთ კამპანიის შედეგებს, ამ დროისათვის?

მარიშა: კამპანიას წარმატებულად ვაფასებთ, რაც მომხმარბელების დამოკიდებულებებში და ემოციების გარდა რიცხვებშიც აისახება. შესაბამისად, ეს ჩვენთვის კიდევ უფრო დიდი სტიმულია, გავაგრძელოთ ჩვენთვის საყვარელი ბრენდის შენება.

M: რა იქნება კამპანიის მომდევნო ნაბიჯი?

მარიშა: მომდევნო ნაბიჯები იქნება, რა თქმა უნდა, მასშტაბირება, მოხმარებლებისთვის „ექსტრას“ უფრო ახლოს გაცნობა და მისი სხვადასხვა სარგებლის კიდევ უფრო კარგად ახსნა. ჩვენთვის შემდეგი ნაბიჯია შევქმნათ ბრენდი, რომელიც ადამიანებს მუდმივად ეგულებათ სადაც არ უნდა იყვნენ და რა დროც არ უნდა იყოს.

[R]

Land Rover-ის ახალი DEFENDER OCTA ოფიციალურად გამოჩნდა

რა კავშირი აქვს Apple-ს Wi-Fi-ის განვითარებასთან?