ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტული ბაქტერიები, შესაძლოა, ჯანმრთელობის ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური პრობლემა იყოს მომდევნო ათწლეულებში. ოსტინის ტექსასის უნივერსიტეტის მკვლევრებმა კი ინფექციის წინააღმდეგ ბრძოლის ახალი გზა იპოვეს — სამიზნე ცილა, რომელსაც ბაქტერიები წამლისთვის წინააღმდეგობის გასაწევად იყენებს.
სუპერბაქტერიების გაჩენა ევოლუციის ერთ-ერთი მთავარი მაგალითია. როდესაც პაციენტი ანტიბიოტიკებს იღებს, ბაქტერიების უმეტესობა ამ პრეპარატების მიერ შექმნილ რთულ გარემოში იხოცება — უმეტესობა, მაგრამ არა ყველა. გადარჩენილი ბაქტერიები გამრავლებას აგრძელებს, გადის შემთხვევით მუტაციებს და სწორედ ასე უმკლავდება “განსაცდელს”. საბოლოოდ კი წამლებისადმი რეზისტენტული პოპულაცია იქმნება.
ახალი წამლების შექმნა გარკვეული პერიოდის განმავლობაში ეფექტურია, მაგრამ თანდათან ბაქტერიებს მათ მიმართ რეზისტენტობაც უვითარდება. ახლად ჩატარებულმა კვლევებმა კი გამოავლინა მოლეკულები, რომლებიც ბაქტერიების მიერ წამლების გასანეიტრალებლად გამოყენებულ ცილებს ანადგურებს. იმისათვის, რომ წამალმა იმუშაოს, რეზისტენტული ცილები ძალიან სპეციფიკურ ფორმებად უნდა დაიკეცოს. როგორც აღმოჩნდა, ცილა, სახელწოდებით DsbA იდეალურია ამ შედეგის მისაღწევად და მკვლევართა აზრით, იგი ეფექტურად შეაჩერებს რეზისტენტული ცილების წარმოებას.
“ჩვენი შედეგები აჩვენებს, რომ დისულფიდური ბმების ფორმირებაზე და ცილების დაკეცვაზე ზემოქმედებით, შეიძლება, ანტიბიოტიკების წინააღმდეგობა რამდენიმე ძირითად პათოგენსა და რეზისტენტობის მექანიზმში შეიცვალოს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მომავალში კლინიკურად სასარგებლო DsbA ინჰიბიტორების შემუშავება რეზისტენტული ინფექციების მკურნალობის ახალ გზას შემოგვთავაზებს”, — განმარტა კრისტოფერ ფურნისმა, კვლევის თანაავტორმა.
მეცნიერების შემდეგ ნაბიჯს უსაფრთხო DsbA ინჰიბიტორების მოძიება წარმოადგენს, რომელთა გამოყენებაც პაციენტებში იქნება შესაძლებელი.