საქართველოს პირველ არხზე ახალი სეზონიდან ქართული მხატვრული სერიალი „სიყვარულს მიღმა“ დაიწყო. ახალი სერიალი პირველი არხის ეთერში კვირაში ოთხჯერ: ორშაბათს, სამშაბათს, ოთხშაბათს და ხუთშაბათს 22:00 საათზე გავა. სიუჟეტი ორი ოჯახის ისტორიაზეა აგებული. მთავარ როლებს ასრულებენ: ანკა ვასაძე, თაზო გახარია, ქეთი გეგეშიძე, ელენე ჩარკვიანი, სოფო გორელაშვილი, ლევან ხურცია, ნინო თარხან-მოურავი, გიგი მიგრიაული, მაიკო ხორნაული და მაიკო გელოვანი. „სიყვარულს მიღმა“ საქართველოს პირველი არხის წარმატებული პროექტის „იდეალური დედის“ შემქმნელების ახალი სატელევიზიო პროდუქტია, რომელიც საზოგადოებრივი მაუწყებლის დაკვეთით და დაფინანსებით მზადდება.
„საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის განსაკუთრებულ პრიორიტეტს წარმოადგენს მაღალი ხარისხის ქართული პროდუქტის შეთავაზება აუდიტორიისთვის და ამასთან ადგილობრივი შემოქმედებითი ინდუსტრიის წახალისება, გარეწარმოების პროდუქტების დაფინანსება და კოპროდუქცია. წინა წელს პირველი არხის დაკვეთით გარესტუდიების მიერ შექმნილი პროდუქციის წილმა ეთერში 30%-დე შეადგინა, რაც მთავარია, ეს იყო მაღალი ხარისხის აუდიოვიზუალური პროდუქტი.“ განაცხადა საქართველოს პირველი არხის გენერალურმა დირექტორმა თინათინ ბერძენიშვილმა.
საზოგადოებრივი მაუწყებელი კულტურისა და შემოქმედებით ინდუსტრიაში მნიშვნელოვანი კონტრიბუტორია. ხელს უწყობს ქართული წარმოების ზრდას და ქმნის სამუშაო ადგილებს. კრეატიულ სექტორში ინვესტიციამ 2021 წელს 8 მილიონი შეადგინა, ხოლო მხატვრული და დოკუმენტური ფილმების, სერიალების დაფინანსებამ და კოპროდუქციამ ჯამურად – 500 000 ლარამდე.
„სერიალი მაქსიმალურად იქნება მორგებული ქართულ რეალობას, ქართულ ოჯახებს, ვფიქრობ, ბევრი თავის თავსაც დაინახავს პერსონაჟებში და უგულშემატკივრებს, იმედი გვაქვს, რომ ეს იქნება ახალი და განსხვავებული პროდუქტი.“ განაცხადა სერიალის რეჟისორმა მაგდა მარიდაშვილმა.
საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში მაყურებელს შეუძლია იხილოს მხოლოდ პრემიუმ ხარისხის ქართული, ამერიკული და ევროპული მხატვრული/დოკუმენტური ფილმები და სერიალები.
[პარტნიორის კონტენტი]