4
Sep
2018

“ახალი ხილი” – კამპანია საქართველოში კორპორაციული პასუხისმგებლობის გასაძლიერებლად

4 Sep 2018

სამოქალაქო საზოგადოების განვითარებასთან ერთად გაჩნდა ბუნებრივი მოთხოვნა, რომ ბიზნესმა არ იზრუნოს მხოლოდ საკუთარ მოგებაზე და საზოგადოებასაც მოუტანოს სიკეთე. თავის მხრივ, კომპანიებიც აღიარებენ, რომ პასუხისმგებლობის აღება და საზოგადოებაზე ზრუნვა სასიკეთოდ აისახება მათ საქმიანობაზეც. Corporate Social Responsibility (CSR) კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობაა, ესაა ბიზნესის კეთილი ნება, გააკეთოს უფრო მეტი, ვიდრე კანონი ავალდებულებს. საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის (CSRDG) ინიციატივით, საკომუნიკაციო კამპანია „ახალი ხილი“ დაიწყო, რომლის მიზანია CSR-ის შესახებ ცნობიერების ამაღლება და მის შესახებ საზოგადოებისთვის ინფორმაციის მარტივი და გასაგები ფორმით მიწოდება. დეტალებზე კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ექსპერტს, ელენე ჩხეიძეს, ვესაუბრეთ.

M: რა არის “ახალი ხილი”?

ბიზნესის სოციალური როლის გააზრება საქართველოში ჯერ კიდევ ახალი ხილია და ნაკლებად არის ცნობილი, როგორც ფართო საზოგადოებისთვის, ასევე ორგანიზაციების უმრავლესობისთვის. „ახალი ხილი“ საკომუნიკაციო კამპანიაა, რომლის მიზანია საინტერესო კონცეფციით, ერთი მხრივ, ფართო საზოგადოებას გააცნოს CSR-ის მნიშვნელობა, ხოლო მეორე მხრივ, მის მნიშვნელობაზე ხაზგასმით, წაახალისოს ბიზნეს კომპანიები საკუთარ საქმიანობაში დანერგონ და განავითარონ კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა. კამპანია შეეცდება აჩვენოს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია სწორედ ამ ახალი ხილის დანერგვა და რამდენად დიდ სარგებელს მოუტანს იგი, როგორც ბიზნესს, ასევე მთლიანად საზოგადოებას.

M: რა შეიქმნა კამპანიის ფარგლებში?

„ახალი ხილი“ CSR-ის თითოეულ მიმართულებას მოიცავს და ვიზუალურად შთამბეჭდავი პრინტების საშუალებით, საზოგადოებას აცნობს თუ რამდენად მნიშვნელოვანია ბიზნესმა არ იზრუნოს მხოლოდ საკუთარ მოგებაზე და საზოგადოებასაც მოუტანოს სიკეთე.

M: რა საკომუნიკაციო არხებს იყენებთ ინფორმაციის გასავრცელებლად?

კამპანიის პრეზენტაცია 1 სექტემბერს, The Chemical Brothers-ის კონცერტზე შედგა, სადაც სივრცე Eastern Promotion-მა დაგვითმო. უახლოესი დღეების განმავლობაში „ახალი ხილი“ სხვადასხვა საკომუნიკაციო არხებს გამოიყენებს და კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მნიშვნელობაზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას შეეცდება.

M: ვინ იმუშავა კამპანიაზე?

საკომუნიკაციო კამპანია “ახალი ხილი” მიმდინარეობს პროექტის “სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა” ფარგლებში. პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირისა და გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს მიერ. კამპანიის ვიზუალური მხარე, სარეკლამო კომპანია Saatchi & Saatchi-იმ უსასყიდლოდ შექმნა.

განხილვა