როცა სიცხის ტალღები დაარტყამს ქალაქს, საფეხმავლო ბილიკები, გზები და შენობები ჰაერს კიდევ უფრო ცხელს გახდის. ამას კი ე. წ. ურბანული სითბოს კუნძულის ეფექტს უნდა „ვუმადლოდეთ“, მთელი ინფრასტრუქტურა შთანთქავს და შემდგომ გამოყოფს მზის სითბოს, რაც ტემპერატურას გაზრდის. გაგრილება კი ყველა რადიაციისგან თავის დაცვას ნიშნავს, რასაც ახლა ახალი ქსოვილი გვთავაზობს — პლასტმასისა და ვერცხლის ნანომავთულებისგანაა დამზადებული, შეუძლია მფლობელს, 16 გრადუსით ნაკლები ტემპერატურა შეუნარჩუნოს.
ეს კი მნიშვნელოვანი ამბავია, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ მაღალი ტემპერატურისგან თავის დაღწევის საშუალებად ადამიანებს უმეტესად კონდიციონერი მიაჩნიათ, რაც სათბურის აირებს უშვებს ატმოსფეროში და, თავის მხრივ, პრობლემასაც ამწვავებს.
ახალი ქსოვილის შექმნისას კი ე. წ. რადიაციული გაგრილების პროცესი გამოიყენეს, რომელიც აღწერს, თუ როგორ გაცივდება ობიექტები თერმული ენერგიის გამოსხივებით მათ გარემოში. მართალია, მსგავსი ქსოვილი აქამდეც არსებობდა, მაგრამ ის, რაზეც ჩვენ ახლა გესაუბრებით, მხოლოდ მზის სხივებს კი არ ირეკლავს, არამედ გარემოში არსებულ სითბოსაც. აქ განსხვავებულ ტალღის სიგრძეებზეა საუბარი, რაც იმას ნიშნავს, რომ ქსოვილს აქვს ორი სხვადასხვა ოპტიკური მახასიათებელი მათთან გასამკლავებლად.
ამისთვის მკვლევრებმა სამფენიანი ქსოვილი შექმნეს. ზედა ფენა პლასტმასის ერთ-ერთი ტიპის პოლიმეთილპენტენისგან (PMP) არის დამზადებული, რომელიც ჩვეულებრივ შეფუთვებში გამოიყენება, მეორე ფენა ვერცხლის ნანომავთულების ფურცელია, რომელიც ინფრაწითელ რადიაციას სარკის მსგავსად ირეკლავს, ეს ორი ერთად კი მზის რადიაციას ბლოკავს, რომ აღარაფერი ვთქვათ, ზედაპირიდან არეკლილ შუქზე. რაც შეეხება მესამე ფენას, ნებისმიერი მოსახერხებელი მასალა შეიძლება იყოს, იქნება ეს ბამბა თუ შალი. მიუხედავად ამდენი ფენისა, ქსოვილი ჩვეულებრივი სისქისაა. ზედა ფენა დაახლოებით ადამიანის თმის 1/100-ს უდრის…
უკვე ტესტირებებმაც აჩვენა, რომ კონკრეტული ქსოვილი ჩვეულებრივ აბრეშუმზე უკეთესია, იმ ე. წ. სუნთქვად ქსოვილებზეც, რომლებიც კაბებისა და მაისურებისთვის გამოიყენებოდა. იმასაც ამბობენ, რომ ეს გრილი ქსოვილი, შესაძლოა, შენობებში, მანქანებსა და საწყობებშიც გამოიყენონ.
გამომდინარე იქიდან, რომ გლობალური დათბობის თანმდევ შედეგებს სულ უფრო მწვავედ განვიცდით, ჯანმრთელობასთან დაკავშირებული რისკებიც იზრდება. მკვლევრებმა ამ ეტაპისთვის იციან, რომ ქსოვილს შეუძლია კანის ტემპერატურის გაგრილება, მომავალში კი უკეთ შეისწავლიან, თუ როგორ გადაიზრდება ეს საზოგადოებრივი ჯანდაცვის სარგებელში…