Made by Google 2025-ის ღონისძიებიდან ახალი შესანიშნავი მოწყობილობების შესახებ გავიგეთ — ტექნოლოგიურმა გიგანტმა Pixel 10 სერიის, ახალი დასაკეცი სმარტფონის, Pixel Watch 4-ის, მეორე თაობის ბიუჯეტური A-Series-ის ყურსასმენების დებიუტი შემოგვთავაზა, AI განახლებებთან ერთად, რომლებიც ყველა ახალ მოწყობილობაში გვხვდება.
Pixel 10, 10 Pro და 10 Pro XL
მნიშვნელოვანი ცვლილებებია სტანდარტულ Pixel 10-ის ტელეფონებში. აქ სპეციალური ტელეობიექტივის დამატებაზე საუბრობენ, რომელიც აქამდე მხოლოდ Pro მოდელებისთვის იყო განკუთვნილი. გვეუბნებიან, რომ ახალი 5x ტელეობიექტივი მიახლოების საუკეთესო ხარისხით გამოირჩევა, ხოლო 100x Pro Res Zoom მაღალი ხარისხის ახლო კადრების გადაღების საშუალებას იძლევა. ამ ხაზის ყველა ტელეფონში ახალ Tensor G5-ის პროცესორს შეხვდებით, რაც Gemini-ის ეპოქის საწყისად უნდა ჩათვალოთ…
დიზაინი Pixel 9-ის მსგავსია, ეკრანიც იგივეა — Pixel 10 და Pixel 10 Pro 6.3-დიუმიანი დისპლეით იქნება წარმოდგენილი, Pixel 10 Pro XL კი უფრო დიდი, 6.8-დიუმიანი ეკრანით.
Pro მოდელები კამერისა და ვიდეოს გაუმჯობესებულ ხარისხსაც ჰპირდება მომხმარებლებს, ბარატეის გაზრდილ ზომასთან ერთად. ამ უკანასკნელით კი სწრაფი დამუხტვის შესაძლებლობა ჩნდება, რითაც Pixel-ის, Apple-ისა და Samsung-ის ფლაგმანურ ტელეფონებს შორის არსებული ხარვეზიც გვარდება.
10 Pro-ს ფასი 999 დოლარიდან დაიწყება, ხოლო 10 Pro XL-ის 1119 დოლარიდან, რადგან აქ გუგლი 128-გიგაბაიტიან ვერსიას აღარ გვთავაზობს. ტელეფონები ვერცხლისფერ, მწვანე, თეთრ და შავ ფერებში იქნება ხელმისაწვდომი, წინასწარი შეკვეთები უკვე დაწყებულია.
Pixelsnap

ამ მოწყობილობის დახმარებით Pixel 10 მაგნიტური ტექნოლოგიით გამოირჩევა და ჩათვალეთ, რომ კომპანიის MagSafe ვერსიაა. ამგვარად, გუგლმა მაგნიტური აქსესუარების ხაზი გამოუშვა, რათა ზემოთ აღნიშნულ მოწყობილობებთან დაწყვილება შეგვძლებოდა, მათ შორისაა, 40-დოლარიანი Pixelsnap-ის დამტენი, რომელიც Qi2-ის უკაბელო დამუხტვას გვთავაზობს, 50-დოლარიანი ტელეფონის ქეისი მაგნიტური ბეჭდით და 30-დოლარიანი ბეჭდის სადგამი, რათა მოწყობილობის გამოყენება ხელების გარეშეც შევძლოთ.
Pixel 10 Pro Fold
გუგლის უახლესი დასაკეცი სმარტფონია, რომელიც უფრო დიდი ეკრანით გამოირჩევა — დაახლოებით 6.4-ინჩიანია, მთავარი ეკრანის ზომა კი 8 ინჩამდე აღწევს. მცირე ცვლილებებით დიზაინი ახლა უფრო მყარია და ჩარჩოები მეტად თხელი, რათა ელეგანტურად გამოიყურებოდეს. ამასობაში პირველად IP68 რეიტინგიც მოიპოვა, რაც იმას ნიშნავს, რომ მტვერსა და წყალს უძლებს მაშინ, როცა Pixel 9 Pro Fold-ს არ აქვს მტვრისგან დაცვა.
Pixel 10-ის სხვა ტელეფონების მსგავსად, Pro Fold-შიც გვხვდება ახალი G5-ის ჩიპი, Gemini-ის უახლეს AI ფუნქციებთან ერთად. კამერაც გაუმჯობესდა — 48-მეგაპიქსელიანი ლინზა აქვს და 5x მიახლოება შეუძლია. ბატარეაც გაუმჯობესებულია და ფასი 1799 დოლარს შეადგენს.
The Pixel Watch and Pixel Buds
გუგლის ტარებადი მოწყობილობების გაბრწყინების დროც დადგა — Pixel Watch 4 უფრო თხელი დიზაინით იქნება წარმოდგენილი და ბატარეის უფრო მეტ ხანგრძლივობასაც შემოგვთავაზებს.
ხოლო Pixel Buds 2a-ს ხმაურის ჩახშობის ტექნოლოგია გამოარჩევს, რასაც ნამდვილად არ ვხვდებოდით პირველი თაობის A-Series-ის ყურსასმენებში. თანაც ორ Hazel-ისა და Iris-ის ფერებში იქნება წარმოდგენილი. Gemini-ის ფუნქციები სხვა ახალ მოწყობილობებთან ერთად, Pixel Buds Pro 2-საც ემატება, რაც ჟესტებით ზარებზე პასუხის გაცემას მოიცავს.
როგორც აღვნიშნეთ, Pixel 10-ის ოჯახი უკვე ხელმისაწვდომია წინასწარი შეკვეთით, ოფიციალურად კი Pixel 10, 10 Pro და 10 Pro XL 28 აგვისტოს გამოვა, თუმცა Pixel 10 Pro Fold-ს, Pixel Watch 4-სა და Pixel Buds 2a-ს ოქტომბრამდე ვერ ვიხილავთ.
და თუ Made by Google 2025-ის ღონისძიების სრულად ნახვა გსურთ, ქვემოთ ვიდეოს დაგიტოვებთ:












