30
Apr
2019

მზიურის კაფეში განახლებული კინო ზონა მოეწყო

30 Apr 2019

3 მაისს, მზიურის სოციალურ კაფეში თავისუფალი კინოჩვენებების განახლებული სივრცე იხსნება. კინოჩვენებების სეზონი ოქტომბრის ჩათვლით გაგრძელდება და კინომოყვარულებს საყვარელი ფილმების ქართულ ენაზე ნახვა, ყოველ პარასკევს, 20:00 საათზე შეეძლებათ. მზიურის სოციალური კაფე სრულადაა ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობის  მქონე პირებისთვის. კაფე 150-ზე მეტ ღონისძიებას აწყობს ყოველწლიურად. მზიურის კაფეშიახალ სეზონზე კინოჩვენებების წარმდგენი სილქნეტია. სოციალური პასუხისმგებლობის პროექტის ფარგლებში, სილქნეტმა მზიურში მობილურის დამტენი სტენდი, Wi-Fi და კინო ზონა მოაწყო. “მზიურის” კინოჩვენებას “სილქნეტი” საკომუნიკაციო მიმართულებითაც შეუწყობს ხელს.

ანა გოგუაძე,  პროექტ “ახალი მზიურის” ავტორი: “მზიური, გახსნის დღიდან, აკეთებს თავისუფალ კინოჩვენებებს. ესაა ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პროექტი. აქ არ იმართება მხოლოდ კინოჩვენება, თითოეული ღონისძიება სადისკუსიო ფორმატში იმართება. ამ პროექტის ორგანიზატორები მოხალისეები არიან ხოლმე და ვმუშაობთ, რომ ყველანაირი მაყურებლის ინტერესი დავაკმაყოფილოთ. ვცდილობთ, საბავშვო კომპონენტიც იყოს, კლასიკაც გავუშვათ და დისკუსიისთვისაც საინტერესო იყოს.

სილქნეტთან ერთად, წლევანდელ კინოსეზონს განახლებული ეზოთი ვხვდებით. მოგეხსენებათ, “მზიურის კაფე” სოციალური საწარმოა. არ გვქონდა რესურსები კინოჩვენების ახლებურად მოსაწყობად. სილქნეტი დაგვეხმარა ავეჯის შეცვლაში და საკომუნიკაციო საკითხებშიც გვიჭერს მხარს. ახალი გარემო ჩვენი სტუმრებისთვის უფრო კომფორტულია. რაკი კინომოყვარულები ხშირად გვსტუმრობენ,  მაგიდების გასაფორმებლად მინიმალისტური კინოკონცეფცია ავირჩიეთ. ფილმების თვალსაზრისითაც ძალიან ხმაური სეზონი იქნება. დავიწყეთ “ბოჰემური რაფსოდიათი” და ბევრი ისეთი ფილმი იქნება, რომელიც ფართო განხილვის საგანი გახდა. თვეში ერთხელ გვექნება საბავშვო ჩვენებაც.”

ანუკა წერეთელი, “სილქნეტის” პროექტის მენეჯერი: “სილქნეტი” მრავალი წელია სოციალურ პროექტ ,,ახალი მზიურის“ მეგობარი და მხარდამჭერია. ამ წლების განმავლობაში, მზიურის სოციალურ კაფესთან ერთად მრავალი ღონისძიება გავმართეთ. წელს კიდევ უფრო საინტერესო განვითარება აქვს ჩვენს პარტნიორობას. ეს გახლავთ “სილქ კინო” მზიურში. სეზონის განმავლობაში, “სილქნეტი” მზიურის თავისუფალი კინოჩვენების წარმდგენია. პარტნიორობის ფარგლებში, კომპანიამ კინომოყვარულების განწყობაზეც იზრუნა და სივრცისთვის ძალიან საინტერესო, მინიმალისტური კინოკონცეფცია შექმნა. ასე რომ, ყოველ პარასკევს 20:00 საათზე კინომოყვარულებს ვიწვევთ სადისკუსიო ფორმატის ჩვენებებზე. წინ ძალიან საინტერესო სეზონი გველის.”

კონცეფციაზე სილქნეტის მარკეტინგის გუნდმა იმუშავა.

განხილვა