in

ახალი ქართული ფონტი, რომელიც მარიამ ჩხიკვაძემ იტალიაში შექმნა

დიზაინერებმა და ტიპოგრაფებმა კარგად იციან ქართული ფონტის მრავალფეროვნების მნიშვნელობა. არაერთხელ გვსმენია მათგან, რომ ლათინური ფონტები საკმაოდ ბევრნაირი არსებობს, ქართული კი შედარებით მწირი რაოდენობა გვაქვს, ამიტომ ყოველი ახალი მცდელობა, შეიქმნას განსხვავებული ციფრული დამწერლობა, დასაფასებელია.

BOG
BOG

მარიამ ჩხიკვაძემ სულ ცოტა ხნის წინ ფლორენციის უნივერსიტეტში IED – Istituto Europeo di Design, სამაგისტრო პროგრამა Master in Graphic Design Focus on New Media დაასრულა. საბოლოო პროექტის ფარგლებში, გადაწყვიტა, შეექმნა ნაშრომი, რომელიც, ერთი მხრივ, ქართული დამწერლობის ცნობადობას გაზრდიდა, მეორე მხრივ კი, კიდევ ერთ ნიმუშს შემატებდა ქართული ფონტების ოჯახს. ამ საქმეში მასთან ერთად მუშაობდა იტალიური სააგენტო Zetafonts-ის დამფუძნებელი, რომლისთვისაც ქართულ პროექტზე მუშაობა ახალი გამოცდილება იყო.

დეტალების გასარკვევად marketer თავად მარიამს დაუკავშირდა:

პირველი ქართული ფონტი შეიქმნა იტალიაში და პირველი ნაბეჭდი წიგნიც იტალიურ-ქართული ლექსიკონი იყო, ეს გახდა ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც გადავწყვიტე, პროექტი „შრიფტში დაკარგული” დამეწყო. ამასთან ერთად, ბოლო წლის განმავლობაში ჩვენს ქვეყანაში საკმაოდ დაძაბული სიტუაცია იყო და მინდოდა, რაღაც მნიშვნელოვანი მეც გამეკეთებინა, ამ ყველაფერს კი ემატება ჩემი სიყვარული ფონტების მიმართ და ჩვენი დამწერლობის სილამაზე. 

პროექტის მიზანია, გაიზარდოს ქართული დამწერლობის ცნობადობა. მსურს, დავაინტერესო დიზაინერები და სააგენტოები, შექმნან ქართული ფონტები, ვასწავლო ხალხს ჩვენი დამწერლობის ისტორია და ამ ყველაფერთან ერთად გადმოვცე ჩვენი ქვეყნის წარსული. პროექტი სხვადასხვა ეტაპისგან შედგებოდა და მოიცავს: ინსტაგრამის პოსტებს, წიგნს „Lost in Script”, ფონტს, ორენოვან პოსტერებს, ანიმაციასა და ვებსაიტს. პროექტი ემსახურება როგორც საგნმანათლებლო, აგრეთვე მარკეტინგულ მიზნებს.

M: ქართული ფონტების მრავალფეროვნება დიზაინში ძალიან მნიშვნელოვანია. როგორ უნდა მოვძებნოთ და სად ვნახავთ თქვენ მიერ შექმნილ ფონტს? 

ამჟამად ფონტი Heading Georgian არ არის ბოლომდე დასრულებული, დამუშავების პროცესშია. შეიქმნა variable ფონტი 5 სხვადასხვა წონით. ფონტის ლათინური ვერსია არის Heading now, რომელიც შექმნილია Zetafonts მიერ, ეს არის იტალიური Type Foundry, შესაბამისად, როცა დასრულდება ყველა სტილის შექმნა, მათივე ვებსაიტზე გამოქვეყნდება.

როდესაც დასრულდება, ალბათ, ერთ-ერთი ყველაზე მეტი სტილის მქონე ქართული ფონტი იქნება.

M: როგორი იყო ფონტზე მუშაობის პროცესი, ვისთან ერთად მუშაობდით, რა მიგნებები გქონდათ და საბოლოო შედეგი როგორ მიიღეთ? 

ძალიან საინტერესო და გამოწვევებით სავსე. ჩემთვის პირველი ფონტი იყო, რომელიც შევქმენი, შესაბამისად, თავად უნდა მესწავლა, შემდეგ სხვისთვის რომ ამეხსნა ეს პროცესი. როგორც ზემოთ აღვნიშნე, Heading now-ს ფონტი არის ქართული ვარიანტი, ფონტზე ვიმუშავე Zetafonts-თან ერთად, რომლის ერთ-ერთი დამფუძნებელი ჩემი პროფესორი იყო. საბოლოოდ, ძალიან საინტერესო შედეგი მივიღეთ და ვაპირებთ სხვა ვარიანტების შექმნასაც.

M: რაში შევძლებთ ფონტის გამოყენებას?

ფონტი არის ინდუსტრიული, არ არის პატარა ზომის ტექსტისთვის განკუთვნილი. საუკეთესო იქნება, თუ გამოიყენებთ პოსტერებისთვის, ვებსაიტისთვის, ჟურნალებში ან აქციების დროს პლაკატებისთვის.

M: როგორია თქვენი სამომავლო გეგმები ამ მიმართულებით? 

ამჟამად ვატარებ ვორკშოპებს ფლორენციაში და ვასწავლი ქართულად წერას, ვცდილობ, დიზაინის საშუალებით გავაცნო ხალხს ქართული ენა და დამწერლობა. აგრეთვე, ვაგრძელებ ქართულ ფონტზე მუშაობას და ვფიქრობ ჩემი პროექტის გავრცობას უფრო ახალი ტექნოლოგიების მიმართულებით. ასევე, მზად ვარ ნებისმიერი კოლაბორაციისთვის.

ავტორი: მარიამ გოჩიაშვილი

OK Go-მ ახალი მუსიკალური ვიდეო 64 ტელეფონით შექმნა

როგორ დაწეროთ 1-გვერდიანი, მარტივი კონტენტსტრატეგია