პლანეტების ფორმირების პროცესი ყოველთვის ისე არ მიდის, როგორც წარმოგვიდგენია. ახალი სიმულაციები გვაჩვენებს, რომ დიდი პლანეტები, რომლებიც თავიანთი მასპინძელი ვარსკვლავისგან საკმაოდ შორს ფორმირდება, ცხოვრებას ჩვეულებრივი სფეროს სახით კი არ იწყებს, არამედ უფრო გაბრტყელებული დისკის ფორმით, თითქოს M&M-საც ჰგავს… თუმცა ბრუნვისას ეს პროტოპლანეტები მასალებს იკრებს და საბოლოოდ ჩვენთვის ნაცნობ იუპიტერის მრგვალ ფორმაში წარმოგვიდგება.
ასტროფიზიკოსების, ადამ ფენტონისა და დიმიტრის სტემატელოს, აღმოჩენა ნათელს ჰფენს იმ მრავალფეროვან გზებს, რომლითაც პლანეტები ყალიბდება — პატარა ვარსკვლავის გარშემო მბრუნავ მტვრისა და გაზის დისკზე.
„პლანეტების ფორმირებას დიდი ხნის მანძილზე შევისწავლით, მაგრამ აქამდე არასდროს გვიფიქრია პლანეტების ფორმის შემოწმებაზე მათი ჩამოყალიბების პროცესში. ყოველთვის ვვარაუდობდით, რომ ისინი სფეროს ფორმის იქნებოდა. გაოცებული დავრჩით, როცა ბრტყელი სფეროები ვნახეთ“, — განმარტავს სტამატელო.
მართალია, ირმის ნახტომში მრავალი პლანეტა აღმოაჩინეს და დღემდე 5500 დადასტურებული შემთხვევაა, მაგრამ სრულად მკაფიო არ არის, თუ როგორ ჩამოყალიბდა ისინი. როცა ვარსკვლავი იბადება, იგი კოსმოსში გაზისა და მტვრის უზარმაზარი მკვრივი ღრუბლიდან ყალიბდება, რაც იშლება გრავიტაციის ქვეშ და ბრუნვას იწყებს. მის ირგვლივ არსებული მატერია აყალიბებს დისკს, რომელიც პატარა ვარსკვლავს კვებავს და მის ზრდას უზრუნველყოფს. ხოლო ის, რაც რჩება, უკვე პლანეტურ სისტემას — პლანეტებს, კომეტებს, ასტეროიდებსა და მთვარეებს აყალიბებს.
ისეთი პატარა პლანეტების შემთხვევაში, როგორიც დედამიწა, ვენერა, მარსი და მერკურია, მეცნიერები ფიქრობენ, რომ მასალა დისკში თანდათანობით იქმნება კლდის აკრეციისგან, რომელიც გროვდება და ეკვრის ერთმანეთს მანამ, სანამ პლანეტად არ ჩამოყალიბდება. რაც შეეხება უფრო დიდ გაზის გიგანტებს, მეცნიერებს სწამთ, რომ აქ ის შეიძლება მოხდეს, რასაც დისკის არასტაბილურობა ჰქვია — მაშინ ხდება, როცა ვარსკვლავის გარშემო არსებული სწრაფად გაცივებული დისკი იშლება ნაწილებად, რომლებიც კონდენსირდება გრავიტაციის ქვეშ და პლანეტებად ყალიბდება. ეს საკმაოდ მიმზიდველი იდეაა, რადგან შეუძლია იმ პლანეტების შესახებ გვითხრას, რომლებსაც ჩვეულებრივ აკრეცის თეორიით ვერ ავხსნით…
ფენტონს სურდა, უკეთ გაეგო დისკის არასტაბილურობის პროცესი პლანეტების ფორმირებაში, ამიტომ, კომპლექსური სიმულაციები ჩაატარა — „უკიდურესად მომთხოვნი გამოთვლითი პროექტი იყო, რომელიც ნახევარ მილიონ CPU საათს მოითხოვდა DiRAC High Performance Computing Facility-ზე, მაგრამ შედეგები გასაოცარია და ამ ძალისხმევადაც ღირდა!“.
როგორც აღმოჩნდა, გაზის გიგანტური პროტოპლანეტები ბრუნვისას ჯერ ბრტყელ ფორმას აყალიბებს, რაც მნიშვნელოვანია იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ ამ ეტაპზე პროტოპლანეტა მატერიის ჯერ კიდევ არაორგანიზებულ კოლექციას წარმოადგენს… ამასთან, სიმულაციები ვარაუდობს, რომ მასალები მზარდ პროტოპლანეტებზე უმეტესად პოლუსებზე გროვდება და არა, ეკვადორის გარშემო. გამოდის, ვარსკვლავურ დისკში ჩაშენებული პროტოპლანეტის თვისებები შეიძლება განსხვავებული იყოს ხედვის კუთხიდან გამომდინარე — გვერდიდან თუ ბლინის ბრტყელი ფორმა აშკარად ჩანს, ზემოდან მარტივია მრგვალი სფეროს ფორმაში აგერიოთ…