in

მეცნიერებმა აქლემის ცხვირით შთაგონებული ტენიანობის სენსორი შექმნეს

მას ადამიანის თითის ამოცნობისა და სხეულის მოძრაობების აღქმის ფუნქციაც აქვს

ჩინელმა მეცნიერებმა ახალი ტიპის ტენიანობის სენსორი შეიმუშავეს, რომელიც აქლემის ცხვირითაა შთაგონებული. მოწყობილობა ჰაერში წყლის მოლეკულების დონეს განსაზღვრავს, რაც მას მრავალფეროვან შესაძლებლობებს ანიჭებს. 

ბაზარზე ამჟამად არსებული ტენიანობის სენსორებიდან ნაწილი მხოლოდ დაბალ მგრძნობელობას გვიჩვენებს, რაც წყლის აღმოჩენაში გვეხმარება. ნაწილს მგრძნობელობის მაღალი მაჩვენებელი აქვს, თუმცა გარემო პირობების ზეგავლენით, მაგალითად, მზის ძლიერი ზემოქმედებით, შესაძლოა, შეფერხდეს ან წყობიდან გამოვიდეს. ჩინელმა მეცნიერებმა გადაწყვიტეს, ახალი მოწყობილობის შექმნით, ყველა არსებული პრობლემა გადაეჭრათ — მათ შეიმუშავეს პროდუქტი, მგრძნობელობისა და გამძლეობის უმაღლესი მაჩვენებლებით. სასურველი შედეგის მიღწევაში მეცნიერებს აქლემის სუპერ მგრძნობიარე ცხვირი დაეხმარა.

აქლემის ცხვირში მოთავსებულია წყლის შთამნთქმელი ლორწო, რომელიც ჰაერში ტენიანობის დონის შესაბამისად ზომას იცვლის. ასეთი ბუნებრივი სენსორის დახმარებით, “უდაბნოს ნავებს” დეფიციტური წყლის მიზნობრივი გამოყენება და მშრალ გარემოზე ადაპტირება შეუძლია. ინოვაციური მოწყობილობა ფოროვანი პოლიმერული ქსელისგან შედგება. ის დაფარულია ზვიტერიონის მოლეკულებით, რომელიც აქლემის ლორწოს უნარს იყენებს და, ტენიანობის შესაბამისად, მოცულობას ცვლის. ჩინელი მეცნიერების მიერ წარმოებულმა ექსპერიმენტებმა აჩვენა, რომ ახალი მეთოდით შექმნილი სენსორი მაღალი გამძლეობითა და მგრძნობიარობით გამოირჩევა. მოწყობილობამ აღიქვა ტენიანობის ცვლილება ცხელ სამრეწველო გამონაბოლქვში. ასევე, შეძლო ერთმანეთისგან უმოკლეს დროში ცოცხალი, ჩამოცვენილი და გამხმარი ფოთლები განესხვავებინა. 

საბოლოოდ, ეს ინოვაციური ტექნოლოგია გარემოსა და ადამიანის სხეულში ტენიანობის განსაზღვრაში დაგვეხმარება. სენსორს შეუძლია, გვაპოვნინოს წყალი ექსტრემალურ პირობებში ან ვარჯიშის დროს სხეულის ოფლიანობის ცვლილებებზე მიგვითითოს. თანაც, მას ადამიანის თითის ამოცნობისა და სხეულის მოძრაობების აღქმის ფუნქციაც აქვს. გარდა ამისა, მეცნიერები აცხადებენ, რომ მოწყობილობას კომპიუტერებთან უკონტაქტო კავშირის დამყარება შეუძლია. 

დაბოლოს, საგულისხმოა, რომ ტენიანობის ახალი სენსორი დამზადებულია პრინციპით, რომლის გამოყენებაც, სამომავლოდ, სხვა მაღალი მგრძნობელობის ქიმიური სენსორების შექმნაში დაგვეხმარება.

კომფორტერი ახალ წელს ახალი გეგმებით და დიდი სიახლეებით ხვდება

რას უსმენს საქართველო?! – Spotify-ის დეკემბერის და 2021 წლის სტატისტიკა