მხატვრული ლიტერატურა ისაა, რასაც ცენზურა ან რაიმე სხვა სახის შეზღუდვა არ უნდა ეხებოდეს, მაგრამ ადამიანებს ხშირად გვავიწყდება შემოქმედების ეს „დაუწერელი კანონი“. თავს უფლებას ვაძლევთ, თავად გადავწყვიტოთ, რისი წაკითხვა შეუძლია საზოგადოებას და საპირისპიროდ, რა მოუტანს ზიანს ჩვენს გონებას, აღქმასა თუ მსოფლმხედველობას. უმბერტო ეკოს „ვარდის სახელისა“ არ იყოს, სადაც ხორხე დე ბურგოსი არისტოტელეს პოეტიკის კომედიის ნაწილის პოვნას საგანგებოდ უშლის ხელს, თანამედროვეობაშიც არაერთხელ განუსაზღვრავთ საზოგადოების წამყვან პირებს, რა უნდა წაეკითხა ხალხს. მართალია, ზემოხსენებული პერსონაჟივით ფურცლებს არავინ წამლავდა, მაგრამ მავნებლური აზრების ფრქვევა ნაკლებად მომწამვლელი როდია — შეგონება, რომ რაღაცის წაკითხვა პიროვნებაზე ნეგატიურად იმოქმედებს, ნაწარმოებების „ცოცხლად დაწვის“ ტოლფასია.
ადრეც შემოგთავაზეთ აკრძალული წიგნების ხუთეული, მაგრამ ეს სია იმდენად ვრცელია და იმდენ საინტერესო ნაწარმოებს მოიცავს, რომ ამ თემას კიდევ ერთხელ უნდა შევეხოთ.
ოქროს გალია — შირინ ებადი
შირინ ებადის „ოქროს გალია“ 2011 წელს გამოიცა. წიგნში ავტორის ბავშვობის მეგობრების, სამი ძმისა და ერთი დის ამბავია მოთხრობილი, რომელიც გულგრილს ვერავის დატოვებს. რომანი გვიყვება ოჯახზე, რომელიც პოლიტიკურმა დაპირისპირებებმა გაანადგურა. სამი ძმა: შაჰის გენერალი, კომუნისტი და ხომეინის მომხრე ისე გათიშა აზრთა სხვადასხვაობამ, რომ ურთიერთობის შენარჩუნება ვერც საერთო სისხლმა და სახლმა მოახერხა და ვერც ერთადერთმა დამ.
შირინ ებადის წიგნი ადამიანებზეა, რომლებიც ნებით თუ უნებლიედ მსხვერპლად ეწირებიან რეჟიმს, პოლიტიკას, ერთეულთა ინტერესებს; ოჯახებზეა, რომელთაც ჭერი თავზე ენგრევათ და ნანგრევებში მოყოლილებს მშველელი არ ჰყავთ. იმაზე, რომ სიცოცხლის ბოლო წუთებში არა რომელიმე პოლიტიკოსი ან სულიერი ლიდერი, არამედ დედმამიშვილები და მეგობრები გაგვახსენდება, ისინი კი, შეიძლება, ჩვენივე დამსახურებით, ჩვენ გვერდით არ აღმოჩნდნენ.
შირინ ებადიმ, როგორც ადამიანის უფლებათა დამცველმა, ყოფილმა მოსამართლემ და ადამიანის უფლებათა ცენტრის დამფუძნებელმა, მთელი სიცოცხლე ირანში ქალებისა და უმცირესობათა დაცვას მიუძღვნა. იგი გახდა პირველი ირანელი ქალი, რომელიც ნობელის პრემიით (2003 წ.) დაჯილდოვდა. თუმცა მოგვიანებით (2009 წ.) ირანის მთავრობამ მას ნობელის მშვიდობის პრემიის მედალი ჩამოართვა. ებადის მედალი და დიპლომი სხვა პირად ნივთებთან ერთად საბანკო შემნახველი ყუთიდან ამოიღეს. მოგვიანებით ებადის ქმარი ცოლის ღალატისთვის დააპატიმრეს და ჩაქოლვით სიკვდილი მიუსაჯეს. შემდეგ კი შირინ ებადის, დასავლეთის აგენტად გამოცხადების სანაცვლოდ, თავისუფლება შესთავაზეს. ებადი ქმარს დაშორდა და ემიგრაციაში წავიდა, მოგვიანებით კი თქვა: „ის, რომ სამშობლოსგან შორს ვარ, არ ნიშნავს, რომ ციხეში წასვლის მეშინია. თუკი ირანის ციხეში ვიჯდები, უსარგებლო ვიქნები ჩემი ხალხისთვის… აქ კი შემიძლია, რომ ჩემი ხალხის ხმა ვიყო და მთელ მსოფლიოს მოვუყვე, რა ხდება ჩემს ქვეყანაში“.
იისფერი — ელის უოკერი
ელის უოკერის იისფერს ამერიკის ბიბლიოთეკართა ასოციაციამ ყველაზე ხშირად აკრძალული და გასაჩივრებული წიგნების 2000-2009 წლების ასეულში მეჩვიდმეტე ადგილი მიანიჭა. წიგნი ძალიან ხშირად ყოფილა ცენზურის სამიზნე გამჭვირვალედ აღწერილი სექსუალური თემებისა და ძალადობის ამსახველი სცენების გამო.
1985 წელს რომანის მიხედვით გადაღებული ფილმის გამოსვლისთანავე წიგნს კრიტიკის ახალმა ტალღამ გადაუარა. კრიტიკოსებმა მიიჩნიეს, რომ იისფერი ამკვიდრებდა შავკანიანი მამაკაცების ძალადობრივი ბუნების სტერეოტიპს. ფილმი სტივენ სპილბერგმა გადაიღო და მასში მთავარ როლს ვუპი გოლდბერგი ასრულებს.
მოქმედება ვითარდება ჯორჯიის შტატის ერთ-ერთ სოფელში. ორიგინალური ფორმითა და დიდი მწერლური ოსტატობითაა მოთხრობილი აფროამერიკელი ქალების მძიმე და წინააღმდეგობრივი ცხოვრება 1930-იან წლებში. ელის უოკერმა ამ რომანისთვის 1983 წელს პულიცერისა (ავტორი პირველი ფერადკანიანი ქალი იყო, რომელმაც ეს პრემია მიიღო) და ამერიკის წიგნის ეროვნული პრემია მიიღო.
1984 — ჯორჯ ორუელი
ცნობილ ინგლისელ მწერალს, ჯორჯ ორუელს დისტოპიური რომანის „1984“ დაწერისკენ ორი დიქტატორის, ადოლფ ჰიტლერისა და იოსებ სტალინის, აღზევებამ უბიძგა. თემატური სიმდიდრე, სათქმელის შეულამაზებლად გადმოცემა, სატირის ოსტატურად გამოყენება და თხრობის სადა, კლასიკური მანერა „1984“-ს ნამდვილ ლიტერატურულ შედევრად აქცევს.
პოლიტიკური თემების, სლოგანების — ომი მშვიდობაა, მონობა თავისუფლებაა, უმეცრება ძალაა — ბელადების სახეების მაგ., „უფროსი ძმა“, და ჩაგვრის სხვადასხვა სახის წარმოჩინების გამო, წიგნი სხვადასხვა ქვეყანაში (საბჭოთა კავშირი, ჩინეთი) იკრძალებოდა, უფრო მეტიც, წვავდნენ. უცნაურია, მაგრამ 1981 წელს ის ფლორიდაშიც აიკრძალა.
უკიდეგანოდ დიდ ქვეყანას, ოკეანიას, პარტიის ერთპიროვნული ლიდერი „უფროსი ძმა“ მართავს, რომელიც ცხოვრების ყველა ასპექტში ერევა. „ის ყველგან იყო და გამუდმებით გიცქერდა მონეტიდან, მარკებიდან, წიგნის ყდებიდან, დროშებიდან, სიგარეტის კოლოფებიდან… გიცქერდა და ჩაგძახოდა — ძილში თუ ღვიძილში, მუშაობის თუ ჭამის დროს, შინ თუ გარეთ, აბაზანაში თუ საწოლში — მას ვერსად გაექცეოდი“. ამ სამყაროს წიაღში გაზრდილი მთავარი გმირი უინსტონ სმიტი, პარტიის დაბალი რანგის მუშაკი, ბედავს და პარტიის წინააღმდეგ სუსტ ამბოხს იწყებს — საიდუმლო მოსაზრებებს დღიურს ანდობს, რაც მძიმე „ფიქრდანაშაულია“. მალე მას სიყვარული ეწვევა და თავის შეყვარებულთან, ჯულიასთან ერთად ცდილობს განსხვავებულად იცხოვროს, დატკბეს თავისუფლებითა და სიყვარულით, თუმცა ეს აკრძალულია და სასტიკად ისჯება; რადგან ისინი ცხოვრობენ სივრცეში, სადაც არსებობის ერთადერთ შესაძლებლობად ორაზროვნება მიიჩნევა — „სრული სიმართლე უნდა გცოდნოდა და კარგად შეკერილი სიცრუე გელაპარაკა… ლოგიკით ლოგიკა გაგენადგურებინა, უარი გეთქვა ზნეობაზე და თან სხვებისთვის ზნეობა გექადაგა…“.
ჯორჯ ორუელი უმნიშვნელოვანესი რომანით კაცობრიობას აფრთხილებს, რომ უკონტროლო ძალაუფლებამ სწორედ ასეთი სახე შეიძლება მიიღოს.
დეკამერონი — ჯოვანი ბოკაჩო
დეკამერონი, ჯოვანი ბოკაჩოს მოთხრობათა კრებულია, რომელიც სავარაუდოდ 1349-1353 წლებში შეიქმნა და კლასიკური იტალიური პროზის შედევრად ითვლება. ის 101 ნოველასგან შედგება და ათი ახალგაზრდის მიერ მოთხრობილ ამბებს აერთიანებს — ახალგაზრდების, რომლებიც ფლორენციაში გაჩენილი შავი ჭირისგან გარბიან და თავს ქალაქგარეთ გართობას აფარებენ.
მიუხედავად იმისა, რომ თითოეული ამბავი რომანტიკული ტონითა და ფორმითაა გაჟღენთილი, მათ უკან შუასაუკუნეებიის რიგი პრობლემები იკვეთება. მაგალითად, პირველი დღე ადამიანური მანკიერებების მახვილგონივრულ განხილვას ეთმობა, მომდევნო დღეებში კი სიყვარულის ტრაგიკული ისტორიები იკავებს მთავარ ადგილს, რასაც ბედნიერი დასასრულის მქონე ამბები მოჰყვება და ა. შ.
აქვე აღსანიშნავია, რომ ბოკაჩოს ბევრი მოთხრობა ფოლკლორსა და მითოლოგიას ეფუძნება, მაგრამ ნაწარმოების დახვეწილი მხატვრული ენა თუ სტრუქტურა ცხადყოფს, რომ ავტორი უბრალო ანთოლოგიის ცნებას მნიშვნელოვნად სცდება… მით უმეტეს, ბოკაჩოს პროზამ დიდი გავლენა იქონია რენესანსის ეპოქის ბევრ მწერალზე.
რაც შეეხება აკრძალვას, ეს წიგნიც ვერ გადაურჩა კრიტიკისა თუ უარყოფის ქარცეცხლს. მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი კრიტიკოსი აკრიტიკებდა ნაწარმოებს, როგორც ვულგარულს და ცინიკურს, ავტორი მორალურ ფასეულობებს ყველაზე ცუდ პასაჟებშიც კი ინარჩუნებდა. უბრალოდ, ვინაიდან იმდროინდელ კათოლიკურ ეკლესიასთან კონფლიქტში მოდიოდა, საზოგადოების დიდი ნაწილი ვერ ეგუებოდა აღნიშნული ნაწარმოების არსებობას. სწორედ ამის შედეგი იყო ის ფაქტი, რომ ფლორენციაში გაჩაღებულ „ამაოების კოცონში“ დეკამერონიც დაწვეს. 1927-დან 1973 წლამდე კი ავსტრალიაშიც აკრძალული იყო.
თუმცა, საბოლოოდ, თანამედროვე ურბანული საზოგადოების განხილვით, იუმორისტული და ტრაგიკული გამწყობებით, ასევე ღია ნარატივით, დღემდე ერთ-ერთ საუკეთესო პროზაულ ნაწარმოებად რჩება.
საოცარი ახალი სამყარო — ოლდოს ჰაქსლი
ეს ინგლისელი მწერლის დისტოპიური რომანია, რომელიც 1931 წელს დაიწერა და 1932-ში გამოიცა. ძირითადი მოქმედება ფუტურისტულად მოწყობილ სახელმწიფოში ხდება, რომლის მოქალაქეებიც ინტელექტზე დაფუძნებული სოციალური იერარქიით ცხოვრობენ. რომანში ნაჩვენებია რეპროდუქციული ტექნოლოგიისა და ფსიქოლოგიური მანიპულაციის მეცნიერული წინსვლა. ეს ყველაფერი კი დისტოპიურ საზოგადოებაში ხდება.
1999 წელს Modern Library-ის XX საუკუნის საუკეთესო წიგნების ასეულში „საოცარი ახალი სამყარო“ მეხუთე ადგილზე მოხვდა,ხოლო 2003 წელს The Observer-ს სიაში „ყველა დროის 100 საუკეთესო რომანი“ 53-ე ადგილი დაიკავა. თუმცა გამოშვების დღიდან ხშირად ხვდებოდა აკრძალულ წიგნებს შორის — ამერიკის ბიბლიოთეკის ასოციაციის სიაში 100 აკრძალულ და „გამომწვევ“ წიგნებშიც დასახელდა. მიზეზად კი „უხამსი სექსის“ დემონსტრირება, ასევე ოჯახურ და რელიგიურ ღირებულებებთან შეუსაბამობა სახელდებოდა — სწორედ ამიტომ აიკრძალა ნაწარმოები 1932 წელს ავსტრალიაში.ხოლო 1967 წელს ინდოეთში აიკრძალა მისი სექსუალური შინაარსის გამო.
რუბრიკის წარმდგენია გამომცემლობა ინტელექტი
#ვისაუბროთწიგნებზე
ავტორი: ქეთია ბელქანია