ცენზურა ის არის, რასაც ადამიანები საუკუნეების განმავლობაში გაურბოდნენ, რათა აზრებისა თუ ფიქრების რაიმე ფორმით გამოხატვა შეზღუდული არ ყოფილიყო და ყველას თავისუფლად შესძლებოდა „რაღაცის ისე დაწერა, როგორც თავად სურდა“. მიუხედავად ადამიანის ამ ნების გაცნობიერებისა, ხშირად მაინც დიდ სირთულეს წარმოადგენდა მსგავს სისტემასთან გამკლავება და ამის შედეგად არაერთი წიგნის გამოცემა შეუწყვეტიათ, მათი კითხვაც აუკრძალავთ და ბევრი მათგანი უბრალოდ სამუდამო გაქრობის წინაშეც აღმოჩენილა.
ამ თემაზე საუბრისას ყოველთვის „451º ფარენჰაიტით“ მახსენდება, რომელშიც იდეალური სიზუსტით, მთელი დრამატიზმითაა წარმოდგენილი არა თუ კონკრეტული ნაწარმოების ცენზურის საშინელება, არამედ ზოგადად კითხვის აკრძალვა. თუმცა ერთი წიგნის გაქრობასაც ანალოგიური შედეგები მოაქვს, რადგან თითოეულ მათგანში რაღაც განსაკუთრებულია და შეიძლება ერთი კონკრეტული სწორედ ყველაზე გამორჩეული იყოს სუბიექტისთვის.
სტატიაში სწორედ აკრძალულ წიგნებზე ვისაუბრებთ — ისეთებზე, სხვადასხვა დროს სხვადასხვა ქვეყანაში რომ უფრთხოდნენ და საგულდაგულოდ ცდილობდნენ საზოგადოებისგან დამალვას. თუმცა გავიდა წლები და „კედელთან დახვრეტის მოლოდინში დგომის“ ნაცვლად, ეს ნაწარმოებები მაინც მივიდა მკითხველამდე, ყველამ თავისი გზა იპოვა.
„ყველაფერი ნაცარტუტად იქცევა ბოლოს“ — ჩინუა აჩებე
„ყველაფერი ნაცარტუტად იქცევა ბოლოს“ ეპოქალური ნიგერიელი მწერლის, ჩინუა აჩებეს მიერ ინგლისურ ენაზე შექმნილი უმნიშვნელოვანესი რომანია, რომელსაც მთელ მსოფლიოში დიდი აღიარება ხვდა წილად. თუმცა ამ აღიარებამდე საკმაოდ რთული გზა გაიარა, რადგან საზოგადოებაში საკმაოდ დიდი კრტიკა გამოიწვია, ევროპული კოლონიალიზმის ნეგატიური მხარის დემონსტრაციისთვის. უფრო კონკრეტულად, კოლონიზაციის პროცესის მუქი საღებავებით დახატვის გამო მალაიზიისა და ნიგერიის მთავრობებმა აკრძალეს. მართალია, აშშ-ში წიგნი ოფიციალურად არასდროს აკრძალულა, თუმცა 2012 წელს გასაჩივრდა წიგნში შესული რასისტული ელემენტების გამო.
დეისათვის კი აუცილებელ სასწავლო ტექსტადაა მიჩნეული როგორც აფრიკის კონტინენტის, ისე ინგლისურენოვანი ქვეყნების სკოლებსა და უნივერსიტეტებში. ამის შედეგია ის ფაქტიც, რომ წიგნი თარგმნილია ორმოცდაჩვიდმეტ ენაზე და ამ დრომდე გაყიდულია ოც მილიონზე მეტი ეგზემპლარი.
რომანში პირუთვნელად, შეულამაზებლადაა აღწერილი ნიგერიული ტომის ცხოვრება მე-19 საუკუნის მიწურულს, კოლონიზაციამდე და მას შემდეგ, რაც პირველმა ევროპელებმა ამ მხარეში დადგეს ფეხი. წიგნი, რომელიც პირველად 1958 წელს გამოქვეყნდა — ორი წლით ადრე, ვიდრე ნიგერია დიდი ბრიტანეთისგან დამოუკიდებლობას გამოაცხადებდა, სრულადაა დაცლილი კოლონიამდელი ეპოქის გაიდეალებისგან და გვიხატავს სამყაროს, რომლისთვისაც ძალადობა, ომი და გაჭირვება უცხო არ არის, თუმცა ამასთან, გაჯერებულია ტრადიციების, რიტუალების, რწმენა-წარმოდგენებისა და სოციალური ურთიერთგაგების ძლიერი განცდით. რომანში აღწერილია ერთი ადამიანის, იბოს ტომის წარჩინებული, ძლევამოსილი და უშიშარი მებრძოლის — ოკონკვოს ქარიშხლიანი, ტრაგიკული ცხოვრება და ბრძოლა იბოს ტომის ტრადიციების გაუფასურებათა ყოველი მცდელობის წინააღმდეგ – მათ შორის გაორებულ თანატომელთა წინააღმდეგაც.
პუტინის რუსეთი — ანა პოლიტკოვსკაია
უკრაინული წარმოშობის რუსი ჟურნალისტი ანა პოლიტკოვსკაია „ნოვაია გაზეტას“ სპეციალური კორესპონდენტი იყო. ის უშიშრად ამხელდა რუსეთის ხელისუფლებას, პოლიტიკური პარტიების ლიდერებს, გენერლებს, ბიუროკრატებსა და სხვა გავლენიან ხალხს. მან ჩეჩნეთის ომის შესახებ გაბედული რეპორტაჟებით გაითქვა სახელი, უფრო მოგვიანებით კი უშუალოდ ვლადიმერ პუტინზე დაიწყო წერა. ჟურნალისტი ყურადღებას ამახვილებდა იმ საფრთხეებზე, რომლებსაც პუტინის პოლიტიკა რუსეთის სტაბილურობას უქადდა; იმ ტერორზე, ქვეყანაში რომ სუფევდა.
ანა პოლიტკოვსკაიას მხატვრულ-დოკუმენტური რომანი „პუტინის რუსეთი“ 2004 წელს დიდ ბრიტანეთში გამოქვეყნდა და მაშინვე ბესტსელერად იქცა. ავტორი „პუტინის რუსეთში“ მოქალაქეების ყოფის შესახებ მოგვითხრობს. ნამდვილი ისტორიების მაგალითზე, ფაქტებით გვიჩვენებს იმას, თუ როგორ არაფრად უღირს რუსულ სახელმწიფოს ადამიანის სიცოცხლე და მისი უფლებები, როგორ იბადება და იკვებება სისასტიკე და ბოროტება პუტინის რეჟიმში.
ანა პოლიტკოვსკაიას სიმართლის სამსახური საბოლოოდ სიცოცხლის ფასად დაუჯდა — ის წიგნის გამოცემიდან ორ წელიწადში, რუსეთის მიერ ხელდასხმული ჩეჩნეთის ლიდერის მამხილებელ მასალებზე მუშაობისას, 2006 წლის ოქტომბერში, გაურკვეველ ვითარებაში მოკლეს. 2014 წელს მისი მკვლელობისთვის ხუთი ადამიანი დააკავეს, თუმცა „ვერ მოხერხდა“ შემკვეთის პოვნა.
„პუტინის რუსეთი“ ითარგმნა და გამოიცა ამერიკის შეერთებულ შტატებში, დანიაში, ფინეთში, საფრანგეთში, გერმანიაში, ჰოლანდიაში, იტალიაში, იაპონიაში, ნორვეგიაში, ესპანეთში, შვედეთსა და კიდევ ბევრ სხვა ქვეყანაში. ცხადია, რუსეთში წიგნად არასდროს გამოცემულა.
მზის დაბნელება — არტურ კოესტლერი
ძნელად თუ მოიძებნება მე-20 საუკუნის ევროპულ ლიტერატურაში მწერალი, რომელსაც არტურ კოესტლერივით ხიფათებით აღსავსე ცხოვრებით ეცხოვროს. სრულიად ახალგაზრდა პალესტინაში წავიდა სიონისტურ მოძრაობაში მონაწილეობის მისაღებად; 1931 წელს, ბერლინში ცხოვრებისას, გახდა კომუნისტური პარტიის წევრი და წლების განმავლობაში იზიარებდა კომუნიზმის ილუზიებს; როგორც რეპორტიორი, მონაწილეობდა ესპანეთის სამოქალაქო ომში, სადაც ტყვედ ჩაუვარდა ფრანკისტებს, რომელთაც სიკვდილი მიუსაჯეს. შემდეგ წლებში შპიონაჟის ბრალდებით დაპატიმრებული იყო საფრანგეთსა და ინგლისში. მეორე მსოფლიო ომის დროს იგი ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც ჰოლოკოსტის წინააღმდეგ საჯაროდ გამოდიოდა. ყველა განსაცდელს უვნებლად გადაურჩა და 1983 წელს მეუღლესთან ერთად თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე.
არტურ კოესტლერის მთავარი წიგნი „მზის დაბნელება“ გასაოცარი ძალის ანტიტოტალიტარული ნაწარმოებია. იგი კლასიკური დისტოპიის ჟანრშია დაწერილი, სადაც არც ქვეყანა, სადაც რომანის მოქმედება ხდება და არც ისტორიული პირები დასახელებულნი არ არიან, თუმცა ის მაინც გამოკვეთილი ისტორიულ-პოლიტიკური კონტექსტის მატარებელია. კერძოდ, იგი ეძღვნება საბჭოთა კავშირში 1936-1938 წლების „დიდ წმენდას“ — იმას, თუ როგორ ჭამს და ანადგურებს რევოლუცია თავის შვილებს, რომელთაც ქვეყნის განვითარებაზე პარტიული ხელმძღვანელობისგან განსახვავებული შეხედულება აქვთ. ეს არის ფსიქოგრამა ტოტალიტარიზმისა, რომელიც ადამიანს აიძულებს მის მიერ ჩაუდენელი, გამოგონილი ბრალდებები აღიაროს და საკუთარ სასიკვდილო განაჩენს მოაწეროს ხელი.
ისევე როგორც ავტორს, იმ ეპოქის პოლიტიკური კატასტროფების შედეგად, „მზის დაბნელებასაც“, რომელიც ავტორმა 1940 წელს დაწერა, საოცარი ბედი ხვდა წილად. კოესტლერი ნაცისტებისაგან გაქცევისას იძულებული გახდა, მთელი თავისი არქივი და მათ შორის ამ რომანის ხელნაწერიც პარიზში დაეტოვებინა, რომლის კონფისკაციაც საფრანგეთის ჟანდარმერიამ მოახდინა. ამის შემდეგ კი ეს ხელნაწერი უკვალოდ გაქრა. გადარჩა მხოლოდ წიგნის ინგლისურენოვანი თარგმანი, საიდანაც ითარგმნა და გავრცელდა მსოფლიოს 30-ზე მეტ ქვეყანაში, მათ შორის ავტორისეული უკუთარგმნით გერმანულ ენაზეც. წიგნმა მეორე მსოფლიო ომის შემდგომ წლებში საერთაშორისო აღიარება მოიპოვა და ბევრ ქვეყანაში ბესტსელერადაც იქცა. რომანის უგზო-უკვლოდ დაკარგულად მიჩნეული ავტორისეული ვარიანტი მხოლოდ 2015 წელს აღმოაჩინეს ციურიხის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში. ქართული თარგმანი სწორედ ამ თავდაპირველი, ორიგინალური ტექსტიდან არის შესრულებული.
„ულისე“ — ჯეიმზ ჯოისი
ყოველთვის, როცა „ულისეზე“ მიდგება საუბარი, ის ერთი სახალისო ფრაზა მახსენდება, რომლის მიხედვითაც, „ყველა ვიბრალებთ, რომ ეს წიგნი წაკითხული გვაქვს“. თვის მხრივ, ასეთი მოსაზრების არსებობა უკვე იმაზე მიანიშნებს, რამდენად მნიშვნელოვანი ნაწარმოებია ლიტერატურულ სამყაროში — ყველას გვინდა ხაზგასმა, რომ „ულისე“ ჩვენთვის ნაცნობია…
რომანი ორი ადამიანის, 38 წლის დუბლინელი ებრაელის, ლეოპოლდ ბლუმისა და 22 წლის სტივენ დედალოსის ცხოვრების შესახებ მოგვითხრობს. ნაწარმოები სამ დიდ ნაწილადაა დაყოფილი — ავტორის ჩანაფიქრით, წიგნის სტრუქტურა ჰომეროსის „ოდისეას“ უნდა შეესაბამებოდეს, რომლის მთავარი გმირის ლათინური ტრანსკრიფციაც იკითხება, როგორც ულისე. თუმცა ძველბერძნულ ნაწარმოებთან კავშირი მეტწილად პირობითია.
ჯოისი რომანს 7 წლის განმავლობაში წერდა და მისი დევნა ჯერ კიდევ ეპიზოდების ამერიკულ ჟურნალ The Little Review-ში გამოქვეყნებიდან დაიწყო. საზოგადოება რომანს უხამსობის გამო აკრიტიკებდა, გაერთიანებულ სამეფოში კი მაშინვე აიკრძალა — ზოგადად, 1934 წლამდე რომანი ყველა ინგლისურენოვან ქვეყანაში აკრძალული იყო. 1920 წელს კი სასამართლო საჩივრები ამერიკაშიც დაიწყო, როგორც უხამსი ნაწარმოების წინააღმდეგ ბრძოლის მცდელობები. ამას მოჰყვა იმ ჟურნალების გამომცემლების დაპატიმრება და დაჯარიმება, რომლებშიც ნაწარმოები ეპიზოდებად ქვეყნდებოდა. საბოლოოდ, აშშ-ში ეს ბრძოლა 1934-ში დასრულდა, როდესაც სასამართლომ დაადგინა, რომ წიგნი პორნოგრაფიული ხასიათის არ ყოფილა და არც რაიმე სახის უხამსობას შეიცავდა.
„ყოფის აუტანელი სიმსუბუქე“ — მილან კუნდერა
„ყოფის აუტანელი სიმსუბუქე“ — მილან კუნდერას ყველაზე ცნობილი რომანი — 1982 წელს დაიწერა, თუმცა მისი გამოქვეყნება ავტორმა მხოლოდ ორი წლის შემდეგ მოახერხა. ჩეხურ ენაზე დაწერილი წიგნი პირველად ფრანგულად გამოიცა. რომანი საოცარი სიზუსტით ასახავს 1960-70-იანი წლების პრაღის ცხოვრებას. რთული ურთიერთობები და ფილოსოფიური საკითხები კი, რომლებსაც კუნდერა ეხება, ნებისმიერ ეპოქასა თუ ადგილს მიესადაგება, რადგან დროის თუ ადგილის მხოლოდ ერთი მონაკვეთით არ შემოიფარგლება.
მართალია, აღნიშნულ ნაწარმოებს „ინსპირაციული ციტატების თავშესაყარსაც“ უწოდებენ, მაგრამ კომუნიზმის მანკიერების დემონსტრაციის გამო 1980-იანი წლების ბოლომდე იკრძალებოდა ჩეხოსლოვაკიაში. მნიშვნელობა არ ჰქონდა მის ლიტერატურულ ღირებულებას და ზოგადსაკაცობრიო თემებს, მთავარ დაბრკოლებად ეს კრიტიკა მოიაზრებოდა. თანაც, უშუალოდ მთელი პათოსი და განწყობაც სრულად ეწინააღმდეგება კომუნისტურ აღქმას — მწერალი შთაგვაგონებს, რომ ადამიანი მხოლოდ ერთხელ ცხოვრობს და ის, რაც ცხოვრებაში ხდება, აღარასოდეს განმეორდება. ამგვარად, „ყოფიერების სიმსუბუქე“ თავის თავში თავისუფლებას გულისხმობს.
რუბრიკის წარმდგენია გამომცემლობა ინტელექტი
#ვისაუბროთწიგნებზე
ავტორი: ქეთია ბელქანია