in

აკრძალული წიგნების ხუთეული — როგორ მოქმედებდა ცენზურა?

წარმოიდგინეთ, როგორი შეგრძნება იქნება, საუბარს რომ ცდილობთ და თქვენი ხმა არ ისმის? თითქოს, ყველაფერი, რასაც ამბობთ, ერთგვარ ფილტრში ექცევა და იქვე იხშობა. ხალხს კი არაფერი ესმის — უბრალოდ, ვერ მიდის მათ ყურამდე. საბოლოოდ, თავადაც ეჭვი გეპარებათ იმ აზრების არსებობაში, რისი გამოთქმაც გინდოდათ… რაღაც საშინელებათა ჟანრის სცენარს კი ჰგავს, მაგრამ ზუსტად იმ რეალობის ნაწილია, რომელშიც ცენზურა მკაცრად მოქმედებდა. სწორედ ამგვარი მოცემულობის შედეგად აიკრძალა ბევრი ნაწარმოები სხვადასხვა დროსა და კულტურაში. მწერლებსა და საზოგადოებას შორის ცენზურის ეკლებიანი კედელი აღიმართა — ნაკუწებად რომ აქცევდა იდეებს თუ სიუჟეტებს; პერსონაჟებს კლავდა და ამბებს აქრობდა.

ამ სტატიაში სწორედ „აკრძალული წიგნების“ სერიაზე საუბარს ვაგრძელებთ. მოგიყვებით წიგნებზე, რომლებსაც სხვადასხვა მიზეზებით ადებდნენ ვეტოს, თუმცა მაინც კულტურის ნაწილად იქცა.

ყვითელი ნახევარმზე — ჩიმამანდა ნგოზი ადიჩი

„მსოფლიო დუმდა, როდესაც ჩვენ ვიხოცებოდით“ – ასე ჰქვია რომანს, რომელსაც ამ წიგნის ერთ-ერთი პერსონაჟი წერს. მთელი განვითარებული მსოფლიო, ცივილიზებული დასავლეთი შეთანხმებულად არიდებდა თვალს, როგორ იხოცებოდნენ ქალები, ბავშვები, მშვიდობიანი მოსახლეობა 1967-70 წლებში, ნიგერიის სამოქალაქო ომის დროს, იხოცებოდნენ კოლონიზატორი სახელმწიფოების ბომბდამშენებით, ნაღმებით, ტყვიებით, შიმშილით…

ეს არის რომანი ომისეული და ცხოვრებისეული ბრძოლების შესახებ. ცნობილი ნიგერიელი მწერალი, ჩინუა აჩებე, წიგნის ახალგაზრდა ავტორს გრძნეული ორაკულების შთამომავალს უწოდებს, მართლაც, ჩიმამანდა ნგოზი ადიჩი დიდი ოსტატობით ხატავს ომისა და მშვიდობის მონუმენტურ სურათს და დაგვიანებით, მაგრამ მაინც ახერხებს მრავალწლიანი გულგრილობის შერყევას, მსოფლიოს წინაშე ბიაფრის – სამწლიანი ოცნებისა და ეფემერის სახელმწიფოს – გამოსარჩლებას.

ბიაფრა, რომლის სიმბოლოც ყვითელი ნახევარმზე გახლდათ, ერთიანმა ნიგერიამ „გადაყლაპა“, ხოლო „ყვითელი ნახევარმზის“ მიხედვით გადაღებული მხატვრული ფილმი კი 2013 წელს აკრძალა ნიგერიის მთავრობამ.

მრისხანების მტევნები — ჯონ სტაინბეკი

დიდი ამერიკელი მწერლის – ჯონ სტაინბეკის რომანი „მრისხანების მტევნები“ 1939 წელს გამოიცა. წიგნი გამოსვლისთანავე მოექცა კრიტიკის ქარცეცხლში. კონსერვატორები ავტორს კომუნისტობას სწამებდნენ, ამერიკული ინდივიდუალიზმის უარყოფაში სდებდნენ ბრალს; მიწათმფლობელებსა და მსხვილ მეწარმეებს მშრომელთა შეგულიანება აფრთხობდათ; მშობლები და მასწავლებლები ენას უწუნებდნენ; მრევლი მკრეხელობის, ძალადობისა და გარყვნილების წაქეზებას აბრალებდა. რომანი იმავე წელს აიკრძალა, უფრო მეტიც, ზოგიერთ ქალაქში საჯაროდ დაწვეს კიდეც. თუმცა ამ ყველაფერმა წიგნს უდიდესი პოპულარობა მოუპოვა: 1939 წელს „მრისხანების მტევნები“ ბესტსელერი გახდა, 1940-ში ეროვნული წიგნის ჯილდო მიიღო, იმავე წელს კი პულიცერის პრემია დაიმსახურა. 1962 წელს, როდესაც ჯონ სტაინბეკს ნობელის პრემია მიანიჭეს, კომიტეტმა ერთ-ერთ ძირითად მიზეზად „მრისხანების მტევნები“ დაასახელა.

რომანში მოვლენები „დიდი დეპრესიის“ ფონზე ვითარდება. მცდარი ეკონომიკური გათვლის, უმძიმესი კლიმატური პირობებისა თუ სხვა მიზეზთა გამო მილიონობით ამერიკელი უკიდურეს გაჭირვებაში ჩავარდა. საკუთარი მიწებიდან აყრილი, ღირსებაშელახული ხალხი სარჩო-საბადებლის საძიებლად სამხრეთ-დასავლეთიდან „აღთქმული მიწისკენ“ – კალიფორნიისკენ დაიძრა. ჯოუდების მრავალრიცხოვანი ოჯახი ერთ-ერთი მათგანია.

დამქანცველი, ფათერაკებით სავსე, დაუსრულებელი გზა და ბოლოს „აღთქმული მიწა“, სადაც ჯოუდებს არავინ ელის, არავის სჭირდება. სიღატაკე, შიმშილი, გარშემო გამეფებული დაუნდობლობა, მტრობა და ვერაგობა ვერ ერევა ჯოუდებს. ისინი ერთად დგანან, არ ნებდებიან, იბრძვიან. მათი ცხოვრება ერთი დიდი საგაა, სადაც გათითოკაცებას ერთიანობა სძლევს, მტრობას – სიყვარული, სიხარბეს – სიკეთე და ხელგაშლილობა…

ყველაფერი ნაცარტუტად იქცევა ბოლოს — ჩინუა აჩებე

„ყველაფერი ნაცარტუტად იქცევა ბოლოს“ ეპოქალური ნიგერიელი მწერლის, ჩინუა აჩებეს მიერ ინგლისურ ენაზე შექმნილი უმნიშვნელოვანესი რომანია, რომელსაც მთელ მსოფლიოში დიდი აღიარება ხვდა წილად. ეს ნაწარმოები დღემდე აუცილებელ სასწავლო ტექსტადაა მიჩნეული როგორც აფრიკის კონტინენტის, ისე ინგლისურენოვანი ქვეყნების სკოლებსა და უნივერსიტეტებში. წიგნი თარგმნილია ორმოცდაჩვიდმეტ ენაზე და ამ დრომდე გაყიდულია ოც მილიონზე მეტი ეგზემპლარი.

რომანში პირუთვნელად, შეულამაზებლადაა აღწერილი ნიგერიული ტომის ცხოვრება მე-19 საუკუნის მიწურულს, კოლონიზაციამდე, და მას შემდეგ, რაც პირველმა ევროპელებმა ამ მხარეში დადგეს ფეხი. წიგნი, რომელიც პირველად 1958 წელს გამოქვეყნდა – ორი წლით ადრე, ვიდრე ნიგერია დიდი ბრიტანეთისგან დამოუკიდებლობას გამოაცხადებდა – სრულადაა დაცლილი კოლონიამდელი ეპოქის გაიდიალებისგან და გვიხატავს სამყაროს, რომლისთვისაც ძალადობა, ომი და გაჭირვება უცხო არ არის, თუმცა ამასთან, გაჯერებულია ტრადიციების, რიტუალების, რწმენა-წარმოდგენებისა და სოციალური ურთიერთგაგების ძლიერი განცდით. რომანში აღწერილია ერთი ადამიანის, იბოს ტომის წარჩინებული, ძლევამოსილი და უშიშარი მებრძოლის – ოკონკვოს ქარიშხლიანი, ტრაგიკული ცხოვრება და ბრძოლა იბოს ტომის ტრადიციების გაუფასურებათა ყოველი მცდელობის წინააღმდეგ – მათ შორის გაორებულ თანატომელთა წინააღმდეგაც.

„ყველაფერი ნაცარტუტად იქცევა ბოლოს“ კოლონიზაციის პროცესის მუქი საღებავებით დახატვის გამო მალაიზიისა და ნიგერიის მთავრობებმა აკრძალეს. მართალია, აშშ-ში წიგნი ოფიციალურად არასდროს აკრძალულა, თუმცა 2012 წელს გასაჩივრდა წიგნში შესული რასისტული ელემენტების გამო.

ბრაიდსჰედში დაბრუნება — ივლინ ვო

2004 წელს ალაბამის მკვიდრმა, კანონმდებელმა ჯერალდ ალენმა მიმართა საკანონმდებლო ორგანოს მოთხოვნით, არ გაეცათ სახელმწიფო სახსრები იმ სახელმძღვანელოებისა და საბიბლიოთეკო მასალების შესყიდვისთვის, რომლებშიც აღიარებული და წახალისებული იყო ჰომოსექსუალიზმი, როგორც ცხოვრების მისაღები სტილი. მისი კანონპროექტი ასევე ითვალისწინებდა, რომ ის რომანები, რომლებსაც გეი პერსონაჟები ჰყავდა და კოლეჯის სახელმძღვანელოები, რომლებშიც აღიარებული იყო ჰომოსექსუალიზმი, როგორც ბუნებრივი მდგომარეობაა, დაუყოვნებლივ უნდა აეღოთ ბიბლიოთეკების თაროებიდან და გაენადგურებინათ. კანონპროექტი ითვალისწინებდა, რომ კანონი უნდა აღსრულებულიყო ალაბამას სკოლების, საჯარო და საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკების მასშტაბით. აკრძალვა გულისხმობდა, როგორც კლასიკურ, ისე თანამედროვე ლიტერატურას, მათ შორის ივლინ ვოს „რაიდსჰედში დაბრუნებას“, ელის უოკერის „იისფერს“, ოსკარ უაილდის „დორიან გრეის პორტრეტსა“ და სხვა რომანებს.

ივლინ ვოს „ბრაიდსჰედში დაბრუნებას“ ყველა თაობის მკითხველი თავისებურად აღიქვამს: სკოლის ასაკის მკითხველები, უმეტეს შემთხვევებში, რომანში „კონკიას“ ამბავს კითხულობენ – საშუალო კლასის წარმომადგენელი ჩარლზ რაიდერი, რომელსაც ხვედრად მძიმე ბავშვობა ერგო, ოქსფორდში სწავლისას სებასტიან ფლაიტს, მარკიზის, ლორდ მარჩმეინის, უმცროს ვაჟიშვილს და მის ოჯახს უმეგობრდება. ერთი შეხედვით ბედნიერი, მდიდარი და უზრუნველი ფლაიტები მასზე წარუშლელ შთაბეჭდილებას ახდენენ. ჩარლზის ცხოვრება სრულიად იცვლება; ის სამყაროს ფლაიტების ფანჯრებიდან უცქერს, ბედნიერებას მათ მიერ გამოწვდილი პეშვიდან ეწაფება. ჩარლზისა და სებასტიანის ძლიერი, მაგრამ ხანმოკლე ჰომოსექსუალური სიყვარულის ისტორია, ამ მრავალწახნაგოვანი რომანის მხოლოდ ერთი მხარეა; ზრდასრული მკითხველისთვის კი უზარმაზარი, რთულად საცნობი, როგორც ავტორი ამბობს „სფეროთა სისტემა“ იშლება, სადაც ადამიანები „მბრუნავ პლანეტებს“ შორის იკარგებიან.

შიშველი საუზმე — უილიამ ბეროუზი

ეს არის წიგნი, რომელშიც ცხოვრება შიშვლადაა გადმოცემული — ისე ახლოდან, როგორც ჩანგალზე წამოცმული საუზმე… აქ ყველაფერი პოსტმოდერნისტული მანერითაა გადმოცემული. იმდენად ქაოსური და ამავდროულად ცალსახაა, რომ ბეროუზის თქმით, სხვადასხვა თავის თანმიმდევრობით წაკითხვა არაა საჭირო.

რომანი იმდენად საკამათო აღმოჩნდა, რომ მისი სავარაუდო უხამსობის გამო რიგი სამართლებრივი გამოწვევების წინაშე აღმოჩნდა. მაგალითად, 1965 წლის იანვარში ბოსტონში აკრძალეს — ამტკიცებდნენ, რომ წიგნის ვულგარულობამ ნებისმიერი ლიტერატურული ღირებულება გადაფარა. ამავდროულად, ხაზს უსვამდნენ რომანის სტრუქტურის ნაკლებობას, ვერ ხედავდნენ მის სოციალურ ღირებულებას თუ ლიტერატურულ დამსახურებას… ზოგმა ჯოჯოხეთის ცეცხლის ქადაგებაც კი უწოდა, რომელიც დანტე ალიგიერისა და ჰიერონიმუს ბოსხის ნამუშევრებს ჰგავს. თითქოს, ვულგარულობა მთავარი „ინგრედიენტი“ იყო, ბეროუზის უკონტროლო წერის პროცესმა კი რომანის მხატვრულობას შეარყია.

უკვე 1965 წლის იანვარში ლოს-ანჯელესში ორი ადამიანი გაასამართლეს „შიშველი საუზმის“ ასლების გაყიდვისთვის — როგორც ჩანს, მათ კალიფორნიის უხამსობის დებულება დაარღვიეს.


რუბრიკის წარმდგენია გამომცემლობა ინტელექტი

#ვისაუბროთწიგნებზე

ავტორი: ქეთია ბელქანია

აღმოაჩინე დიზაინ პროფესიები, რომელთა სწავლასაც სმარტ აკადემიაში შეძლებ

„სიზმრიდან რეალობამდე“ – მხატვარი ბექა დვალი პირველი გამოფენისთვის ემზადება