ალცჰაიმერის დაავადებით ბევრი ადამიანი იტანჯება და სამწუხაროდ, ხშირად ზუსტი დიაგნოზის დასმის პროცესი დიდ დროს მოიცავს. ცხადია, ეს გაუგებრობა მოცემულ ვითარებას კიდევ უფრო დაძაბულს ხდის და დაავადების საწყის ეტაპზევე ჩარევა ნაკლებად ხდება.
ახლა კი ლონდონის საიმპერატორო კოლეჯმა იპოვა გზა, რათა მხოლოდ ერთი მარტივი პროცედურით დაადგინონ, აქვს თუ არა პაციენტს ალცჰაიმერი. დიაგნოსტიკისა და სიზუსტის შთამბეჭდავი მაღალი დონით, მხოლოდ ტვინის ერთ სკანირებას შეუძლია განსაზღვროს, თუ რამდენად პროგრესირებს დაავადება. საუბარია MRI სკანირებაზე, რომელსაც ექიმები კიბოს იდენტიფიცირებისთვის იყენებენ ტვინის ვიზუალიზაციის დროს. თუმცა ამ შემთხვევაში მკვლევრებმა ალგორითმი გაავარჯიშეს, რათა 115 სხვადასხვა რეგიონი და ტვინის 660 ასპექტი დაეთვალიერებინა.
ამჟამად ტვინის სკანირება ჰიპოკამპუსის შესამოწმებლად გამოიყენეს — ეს არის ნაწილი, რომელიც მეხსიერების ფუნქციებს აკონტროლებს. ამასთან, მკვლევრები ისეთ სფეროებზე ფოკუსირდნენ, როგორიცაა ცერებრუმი და ვენტრალური დიენცეფალონი. ისინი კოორდინაციასა და სენსორულ აღქმაზეა პასუხისმგებელი.
საგულისხმოა, რომ ახლად შემუშავებულმა მეთოდმა 95%-იანი სიზუსტით შეძლო დიაგნოზის, ხოლო 78%-იანი სიზუსტით დაავადების პროგნოზირების. ლონდონის საიმპერატორო კოლეჯის მეცნიერებმა გამოიყენეს 1.5 ტესლას MRI აპარატი, რომელიც მანქანური სწავლების შესაძლებლობებითაც არის აღჭურვილი, რათა ზუსტი შედეგების მიღებაში სულ უფრო მეტად დახელოვნდეს.
შეგახსენებთ, რომ წარსულში პაციენტებს რამდენიმე მედიკამენტის გამოცდა და ნევროლოგიური ტესტების გავლა უწევდათ. ხანგრძლივობის გარდა, ეს ძალიან დამღლელი და სტრესული პროცესი იყო როგორც თავად დაავადებულისთვის, ისე გარშემომყოფებისთვის… შესაბამისად, სტატიაში განხილულ მიღწევას დადებითი სარგებელი ექნება, დიაგნოსტიკური პროცესის ერთ სკანირებამდე დაყვანით.