არც ისე მარტივია, გავიგოთ, მეხსიერების დაქვეითება ასაკში შესვლის ნიშანია თუ ამაზე ბევრად მეტი… შესაბამისი ტექნოლოგიებიც არ არის ხელმისაწვდომი, რის გამოც სპეციალისტები თავიანთ გამოცდილებასა და დემენციის დადგენილ ნიშნებს ეყრდნობიან. თუმცა ახლა კარგი ამბავი გვაქვს — მეცნიერებმა დაადასტურეს, რომ ალცჰაიმერის დიაგნოსტირებისთვის ძვირადღირებული სკანირებებისა და ზურგის სითხის ნიმუშების გარდა, ახლა სისხლის ანალიზის სახით ახალი ვარიანტი გვაქვს, თანაც საკმაოდ ზუსტი!
უფრო კონკრეტულად რომ გითხრათ, ლუნდის უნივერსიტეტის მკვლევრები აფასებდნენ, შესაძლებელი იყო თუ არა ალცჰაიმერის პათოლოგიის გამოვლენა პაციენტებში, რომელთა სერუმშიც ცილების თანაფარდობა ვლინდებოდა… შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს მასშტაბით დაახლოებით 55 მილიონი ადამიანი დემენციით ცხოვრობს, რომელთა უმეტესობა ალცჰაიმერის სახით ვლინდება. მართალია, პროცესი კომპლექსურ გენეტიკურ და გარემო ფაქტორებს აერთიანებს, მაგრამ ალცჰაიმერის მქონე ინდივიდებს ერთი რამ აერთიანებთ და ეს ნეირონების დაკარგვაა.
აქ ორ ცილას მოვიაზრებთ, ბეტა-ამილოიდსა და ტაუს, რომლებიც გროვდება ან ერთმანეთში ისე იხლართება, რომ პირდაპირ აზიანებს უჯრედებს და სხვა იმუნური პროცესების დაზიანებასაც იწვევს. მისი დადგენა კი, ზოგადად, CT სკანირებებით ხდება, თუმცა საუკეთესო შემთხვევაში როცა ყველა დიაგნოსტიკური ხელსაწყო გააქტიურებულია, ხშირად პასუხები მაინც არასწორია.
„პირველადი ჯანდაცვის ექიმები ალცჰაიმერის დადგენას 61%-იანი სიზუსტით ახერხებენ, ხოლო სპეციალისტი ფიზიკოსები ამ მაჩვენებელს 73%-მდე ზრდიან. ეს ხაზს უსვამს კარგი, ხარჯეფექტური დიაგნოსტირების ხელსაწყოების ნაკლებობას, კონკრეტულად პირველადი ჯანდაცვის სფეროში. თუმცა ამასთან, მიგვითითებს სისხლის ანალიზის დანერგვის პოტენციალზე დიაგნოსტირების საკითხში“, — აცხადებს სებასტიან პალმქვისტი, ნევროლოგი.
ამასობაში ბოლო წლებში ჩატარებული მრავალი კვლევით პლაზმის ცილების ზომების პოტენციური როლიც განსაზღვრეს ალცჰაიმერის დაავადებაში. ამაში კი ბეტა-ამილოიდისა და ტაუს ნორმალურად მიჩნეული ზომები და ფორმები იგულისხმება. თუმცა იმისათვის, რომ გაეგოთ, რამდენად სანდო იყო ეს ანალიზი, მკვლევართა ჯგუფი 1213 პაციენტს დააკვირდა, რომლებსაც დიაგნოზი ოჯახის ექიმმა 2020-2024 წლებში დაუსვა…
პირდაპირ გეტყვით, შედეგებმა 90%-იანი სიზუსტე აჩვენა, რაც იმას ნიშნავს, რომ უფრო მეტ ადამიანს მიეცემა ზუსტი დიაგნოსტირების და, შესაბამისად, დროულად მკურნალობის საშუალება.
„ტესტი უკვე ხელმისაწვდომია ამერიკაში და, სავარაუდოა, რომ მალე ბევრი ქვეყანა გაიზიარებს ამ ბედს. თუმცა თავიდან სპეციალიზებულ კლინიკებში გამოიყენებენ და, შესაძლოა, საჭირო სახელმძღვანელო წესებისა თუ ტრენინგების ნაწილს ერთი ან ორი წელი დასჭირდეს“, — ამბობს ოსკარ ჰანსონი, ნევროლოგი.
თანაც არ დაგავიწყდეთ, რომ FDA-მ ალცჰაიმერის სამკურნალო წამალი უკვე დაამტკიცა!












