22
Jan
2018

Alcoshop – ალკოჰოლური სასმელების ქართული ონლაინ მაღაზია 24/7-ზე

22 Jan 2018

Startauperi
Startauperi


2017 წლის დეკემბერში, ონლაინ სივრცეში მაღაზია Alcoshop.ge გამოჩნდა, რომელიც მომხმარებელს პრემიუმ კლასის ალკოჰოლური სასმლის არჩევანს სთავაზობს. მაღაზიას გააჩნია რამდენიმე კატეგორია, როგორიცაა: ვისკი, არაყი, ტეკილა, რომი, ცქრიალა ღვინო, კონიაკი, ლიქიორი და ა.შ. როგორც პროექტის ავტორები ამბობენ, ონლაინ მაღაზიის შექმნის ძირითადი წინაპირობა იყო ის მოცემულობა, რომ საქართველოში, ალკოჰოლზე სპეციალიზირებული მსხვილ ქსელებს, არ გააჩნიათ ონლაინ მაღაზიები, იმ პირობებში როცა მსოფლიოს მასშტაბით ონლაინ გაყიდვების 5%-ზე მეტი მხოლოდ ალკოჰოლურ სასმელებზე მოდის. აღსანიშნავია, რომ Alcoshop-ის ადგილზე მიტანის სერვისი 24/7-ზეა ხელმისაწვდომი. მოთხოვნის რა მაჩვენებელი აქვს მაღაზიას ფუნქციონირების ერთი თვის განმავლობაში და როგორი იქნება Alcoshop-ის საკომუნიკაციო სტრატეგია ალკოჰოლის რეკლამირებასთან დაკავშირებული შეზღუდვების პირობებში – ამ საკითხებზე მარკეტერი კომპანიის მარკეტინგის მენეჯერს – ანი რობაქიძეს ესაუბრა:

M: რატომ გადაწყვიტეთ შეგექმნათ Alcoshop და რა გამოცდილება გქონდათ ელ. კომერციის სფეროში?
პროექტის ინიციატორი და იდეის ავტორი არის კომპანია „სოლარისი”, ხოლო პროექტის შემსრულებელია Design.ge, რომელსაც აქვს 15 წლიანი გამოცდილება ელექტრონული კომერციის სფეროში, პროექტების დეველოპმენტის მიმართულებით. ცნობილი ფაქტია, რომ მსოფლიოში ონლაინ ვაჭრობა უკვე 500 მილიარდ დოლარს აჭარბებს და ერთ-ერთი ყველაზე მზარდი ბიზნეს მიმართულებაა. რა თქმნა უნდა, მასშტაბი საქართველოში გაცილებით მცირეა, მაგრამ ზრდის მაჩვენებელი ჩვენს ქვეყანაშიც შთამბეჭდავია. სხვადასხვა ფაქტორების ანალიზის შემდეგ მიმართულებად შევარჩიეთ პრემიუმ კლასის ალკოჰოლური სასმელები. შემიძლია ჩამოგითვალოთ რამოდენიმე მიზეზი: საქართველოში არ არსებობს სპეციალიზირებული ონლაინ მაღაზია, რომელსაც გააჩნია ალკოჰოლური სასმელების ფართო არჩევანი (ჩვენს შოპში უკვე 500-ზე მეტი დასახელების სასმელია და არჩევანის რაოდენობა რამოდენიმე თვეში გადააჭარბებს 1000 ერთეულს); როდესაც საქმე ეხება 500 ან მეტი დასახელების სასმელში სასურველი ერთის შერჩევას, ეს პროცესი გაცილებით უფრო კომფორტულია ელექტრონულად, ვიდრე ტრადიციულ მაღაზიებში; გარკვეულწილად, მოდურად ითვლება სოციალურ ქსელებში ცნობილი სასმელების ბრენდების რეკლამების და გვერდების დალაიქება თუ გაზიარება, რაც ამარტივებს ამ ტიპის პროდუქციის რეკლამირებას.

M: ფუნქციონირების ერთი თვის განმავლობაში, როგორია თქვენი ონლაინ მაღაზიით სარგებლობის მაჩვენებელი?
პირველი თვის ძირითადი ამოცანები იყო:

  • მომხმარებელების მიერ სრულად გატესტილიყო ონლაინ მაღაზიის ფუნქციონალი (როგორც ვებ გვერდის, ასევე აპლიკაციის) და მიგვეღო პირველი ფიდბექი მათგან;
  • შეგვეფასებინა მომხმარებლის ძირითადი პრეფერენციები, იყო ეს ფასი, პროდუქტის არჩევანი, სწრაფი მიტანა, ეფექტური შეფუთვა თუ სხვა ფაქტორები;
  • გამოკვეთილიყო ძირითადი მოთხოვნადი პროდუქცია, ასევე ის სასმელები, რომლებიც ამ ეტაპზე არ არის ჩვენ შოპში, მაგრამ მომხმარებელი ისურვებდა მათ დამატებას;
  • გაგვეზომა, რა დრო გვიჭრდება მომხმარებელის შეკვეთის შესასრულებლად (30 წუთი აბსოლუტურად საკმარისი გამოდგა შეკვეთების 90%-ში);
  • გაგვეზომა საშუალოდ, რა მარკეტინგული დანახარჯია საჭირო თითოეული ვიზიტორის და კლიენტის მოსაზიდად;

ჩვენი ონლაინ მაღაზია გაიხსნა დეკემბრის მეორე ნახევრიდან, მომხმარებელი, პროდუქციის მომწოდებელი და კონკურენტებიც, მხოლოდ ახლა იწყებენ ჩვენს გაცნობას, შეკვეთების ტემპიც ეტაპობრივად იმატებს. საერთო ჯამში, როგორც შედეგებით ასევე მომხმარებელებთან საწყისი ინტერაქციით ძალიან კმაყოფილები ვართ.

M: Alcoshop-ის სერვისის (ადგილზე მიტანა) მიღება შეუძლიათ მხოლოდ თბილისში თუ ქვეყნის მასშტაბითაც?
ჯერჯერობით, მხოლოდ თბილისში, თუმცა, მომავალში გავრცელდება ბათუმსა და ქუთაისზეც. ჩვენ აქცენტს ვაკეთებთ მომენტალურ მიტანის სერვისზე (საშუალოდ 30 წუთი), რაც დაკავშირებული გარკვეულ ლოჯისტიკურ პრობლემებთან, ამიტომ, ქვეყნის მასშტაბით ამ სერვისის გავრცელბა, საწყის ეტაპზე, რთული იქნება.

M: როგორც ვიცით, მომსახურებით სარგებლობა შესაძლებელია 24/7-ზე. რა განაპირობებს მუშაობის ამ პრინციპს და როგორ უზრუნველყოფთ მას?
მთავარი პრინციპი 24 საათიანი სამუშაო გრაფიკისა ისაა, რომ ადამიანებს ალკოჰოლი ყველაზე ხშირად საღამოს საათებში ან ღამე სჭირდებათ, როცა მეგობრები ერთობიან, რამეს აღნიშნავენ ან უცებ გადაწყვეტენ გართობას და არ უნდათ, რომ უხარისხო პროდუქტი შეიძინონ. ჩვენი კურიერი, დაახლოებით, ნახევარ საათში მიიტანს პროდუქტს ადგილზე.

M: როგორია თქვენი საკომუნიკაციო სტრატეგია ალკოჰოლის რეკლამირებასთან დაკავშირებული შეზღუდვების პირობებში?
ჩვენი მომხმარებლები არიან ონლაინ სივრცეში, შესაბამისად, ლოგიკურია, რომ ჩვენი მთავარი საკომუნიკაციო არხია ინტერნეტი, მივმართავთ ციფრულ მარკეტინგის ფართოდ გავრცელებულ მეთოდებს. ფეისბუკში, +18 ასაკის მომხმარებლებისთვის ალკოჰოლური სასმელის რეკლამა აბსოლუტურად დასაშვებია. მომხმარებლებისა და ვიზიტორების ზრდის პარალელურად, თავად ვებგვერდი alcoshop.ge გახდება საინტერესო სარეკლამო პლატფორმა ალკოჰოლური სასმელების საბითუმო შემომტანებისთვის. უკვე მომავალი თვიდან, ვგეგმავთ ერთობლივ სარეკლამო აქციებს რამდენიმე პოპულარული ალკოჰოლური სასემლის იმპორტიორთან ერთად, მიმზიდველ ფასად. იგივე ტიპის აქციების დაგეგმვას ვთავაზობთ სხვა მაღალი ხარისხის სასმელების იმპორტიორებს და ქართველ მწარმოებლებს. პროდუქციის მომწოდებლებისთვის ეს შეთავაზება საკმაოდ საინტერესოა, რადგან მათ მიერ გამოყოფილი სარეკლამო ბიუჯეტი სრულად ხმარდება მათივე ბრენდის და სასმელის რეკლამას სოციალურ სივრცეში, ასეთი აქციის დროს ჩვენი დაინტერესება მხოლოდ საიტზე გაზრდილი ტრაფიკია და არ ვაკეთებთ არანაირ ფასნამატს პროდუქტზე.

M: რა მიმართულებით გეგმავთ Alcoshop.ge-ს განვითარებას?
ჩვენი ონლაინ მაღაზიის მიზნები და განვითარების მიმართულებები საკმაოდ ამბიციურია. რა თქმა უნდა, პირველ რიგში ვცდილობთ, გავზარდოთ გაყიდვებისა და ვებგვერდზე ვიზიტორების რაოდენობა. განსაკუთრებულ ყურადღებას მივაქცევთ ქართული ბრენდების განთავსებას ვებგვერდზე და გვინდა, რომ პოპულარული გავხადოთ როგორც ქართველი, ისე უცხოელი მომხმარებლებისთვის. ასევე, ვაპირებთ, უფრო შემოქმედებითად მივუდგეთ საქმეს და დავამატოთ კოქტეილების მენიუ და ბარის ატრიბუტიკა, რაც ალკოჰოლის მიღების პროცესს კიდევ უფრო სასიამოვნოს ხდის. ვებგვერდზე განთავსდება საინტერესო სტატიები მსოფლიოში გამორჩეულ სასმელზე. შესაძლებელია, გაჩნდეს ფორუმიც, სადაც მომხმარებელი თავად შეძლებს ინფორმაციის განთავსებას და ინტერაქციას. ვგეგმავთ სპეციალური სასაჩუქრე პაკეტების და შეფუთვების დამატებას. მნიშვნელოვანია ასორტიმენტის კიდევ უფრო გაფართოება, რათა მომხმარებელი დარწმუნებული იყოს, რომ ჩვენთან აუცილებლად იპოვის მისთვის სასურველ სასმელს. გვაქვს დაგეგმილი რამდენიმე საინტერესო აქტივობაც, რასაც ძალიან მალე შევთავაზებთ მომხმარებელს.

განხილვა