4
Dec
2019

საქმე, სწავლა, ურთიერთობა, ანუ „ალდაგში“ მუშაობის პლიუსები

4 Dec 2019

თანამშრომლის პროფესიულ და პიროვნულ განვითარებაზე აქცენტს არაერთი თანამედროვე კომპანია აკეთებს. ისინი, კომპანიის სპეციფიკიდან გამომდინარე, სხვადასხვა მიდგომას იყენებენ თანამშრომელზე ორიენტირებული კორპორატიული კულტურის შესამუშავებლად. მაგალითად, სადაზღვევო კომპანია „ალდაგი“ პროფესიულ ტრენინგებთან ერთად, თანამშრომლებს გრძელვადიანი განვითარების პროგრამებს სთავაზობს. უფრო კონკრეტულად, უკვე ორი წელია კომპანიაში, კონკურსში გამარჯვებულ თანამშრომელს ლონდონში, ჰენლის ბიზნეს სკოლაში სწავლას უფინანსებენ. უნდა აღვნიშნოთ, რომ ეს სასწავლებელი მსოფლიოს ბიზნესსკოლების 20-ეულშია. „ალდაგის“ ადამიანური რესურსების მართვის განყოფილების უფროსი – ქეთი ახვლედიანი გვიყვება, რომ გარდა ამ შესაძლებლობისა, კომპანიაში აქვთ წელიწადნახევრიანი პროგრამა პოზიტიური ლიდერობის განვითარების მიმართულებით, რომელიც ეფუძნება არა მხოლოდ პროფესიულ ზრდას, არამედ პიროვნულ განვითარებასაც. 

ეს კეთდება იმისათვის, რომ ჩვენი კოლეგები იყვნენ არა მხოლოდ პროფესიონალები, არამედ პოზიტიური ენერგეტიკის მატარებელი გუნდი, რომელსაც შეუძლია ადეკვატურად უპასუხოს გარემოს საჭიროებებს, მომხმარებლის სურვილებს და მეორე მხრივ, ჰქონდეს სავსე პირადი ცხოვრება“, – ამბობს მარკეტერთან საუბრისას ქეთი ახვლედიანი.

M: როგორც ვიცით, ალდაგის თანამშრომელთა 80% არის 35 წლის ქვემოთ. რა გამოწვევაა ეს კომპანიის HR სამსახურისთვის? რას ურჩევდით კომპანიებს, რომლებშიც მსგავსი სიტუაციაა?
დიახ, „ალდაგში“ თანამშრომლების 80% 35 წელს ქვემოთ ასაკისაა. ეს არის ის თაობა, რომლისთვისაც სამსახურით კმაყოფილება მთლიანად დგას მოტივაციაზე, საკუთარი თავის რეალიზების შესაძლებლობაზე, პროფესიული და პირადი განვითარების ბალანსზე. ჩვენ ამას ვუყურებთ, ერთი მხრივ, როგორც გამოწვევას და მეორე მხრივ, როგორც უპირატესობას. უპირატესობაა იმიტომ, რომ ეს გუნდი ქმნის უმთავრეს ღირებულებას – ესაა ბიზნესის ინოვაციურად და იდეურად კეთება. ხოლო გამოწვევაა იმიტომ, რომ ჩვენ მუდმივად უნდა ვიფიქროთ იმაზე, რომ მათ სრულად შეძლონ საკუთარი შესაძლებლობების და იდეების განხორციელება. პარალელურად, ალდაგში გვყავს გუნდი, რომელიც კომპანიას წლებია მოყვება და ესეც ჩვენთვის დიდი პასუხისმგებლობაა.M: როგორ ირჩევთ გამარჯვებულ თანამშრომლებს, რომელთაც ჰენლის ბიზნეს სკოლაში გზავნით?
გვაქვს შიდა პლატფორმები, რომლებიც, ერთი მხრივ, გვეხმარება აღმოვაჩინოთ გუნდის საინტერესო წევრები და მეორე მხრივ, მთელ გუნდს გავაცნოთ ადამიანები, რომლებსაც შეუძლიათ მათი შთაგონება, იდეების გაზიარება და ა.შ. „ალდაგისთვის“ ეს არა რაღაც დამატებითი სარგებელი, არამედ კორპორაციული კულტურის ნაწილია.

M: ბოლო დროს, დიდი ყურადღება ეთმობა სამუშაო გარემოს/სივრცეს, რომელშიც თანამშრომლები დღის დიდ ნაწილს ატარებენ. „ალდაგში“ რამდენად ექცევა ყურადღება ამ კომპონენტს?
ახალხან შევიცვალეთ ოფისი და ეზოში კალათბურთის, პინგპონგის თამაშის შესაძლებლობა გვაქვს და ვაპირებთ, ეს სივრცე მაქსიმალურად გამოვიყენოთ, რადგან გვესმის, რომ თავისუფალი დრო და ურთიერთობები მნიშვნელოვანი შემაკავშირებელია გუნდის წევრებისთვის. გარდა ამისა, დღეში მხოლოდ 7 საათს ვმუშაობთ და ქართულ კომპანიებში ეს, ვფიქრობ, იშვიათობაა. ამას იმიტომ ვაკეთებთ, რომ გვინდა ბიზნესში წარმატებას ადამიანების რეალური მოტივაციის ხარჯზე მივაღწიოთ და ამგვარი მიდგომის გარეშე წარმატება ვერ წარმოგვიდგენია.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, ორი წელია, რაც „ალდაგი“ ჰენლის ბიზნეს სკოლაში სასწავლებლად გზავნის თანამშრომლებს. ნათია ანასტასიადი ერთ-ერთი მათგანია და ამჟამად, „ალდაგის“ საცალო გაყიდვების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილეა. ნათიას ჰენლის ბიზნეს სკოლაში სწავლის შესაძლებლობის მნიშვნელობასა და გეგმებზე ვესაუბრეთ:

ნათია ანასტასიადი

M: რამდენად მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა თქვენთვის ჰენლის ბიზნეს სკოლაში სწავლა?
რაც ბიზნესში ვმუშაობ, სულ მქონდა სურვილი, რომ ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით გამეღრმავებინა ცოდნა და ასე ვთქვათ, სტრუქტურირებული ფორმა მიმეცა ჩემი გამოცდილებისთვის, უნარებისთვის. ეს სურვილი მარტივად რეალიზებადი ნამდვილად არ არის. საკმაოდ ძვირი სიამოვნებაა MBA-ის გაკეთება, მით უმეტეს ისეთ უნივერსიტეტში, როგორიც Reading-ის უნივერსიტეტია და ისეთ პროგრამაზე, რომელიც ერთ-ერთი უძველესი და პრესტიჟულია ევროპაში – ჰენლის ბიზნეს სკოლაში. ჰენლიში სტუდენტები მსოფლიოს 160 ქვეყნიდან იყრიან თავს და 2018 წელს ამ დიდ გუნდს ქართველებიც შევუერთდით და რა თქმა უნდა, ეს კიდევ უფრო საპასუხისმგებლოს ხდის სწავლების პროცესს. პროგრამა არის ძალიან პრაქტიკული და ყველა საგნის და მიმართულების შესწავლის პარალელურად, თვითონ ხვდები, როგორ იცვლები და იზრდები, როგორც პროფესიონალი. რამდენი ეფექტური ცვლილების შეტანა შეგიძლია კომპანიის საქმიანობაში. ეს პროცესები პარალელურად მიმდინარებს და ეს ძალიან მნიშვნელოვანია.

M: როგორია თქვენი პროფესიული სამომავლო გეგმები ჰენლის ბიზნეს სკოლის დასრულების შემდეგ?
ბუნებრივია, ყველაზე დიდი სურვილი და გამოწვევა იქნება მიღებული ცოდნა პრაქტიკაში გამოვიყენო. სხვათა შორის, სწავლის დაწყებამდე მქონდა განცდა, რომ ძირითადი ქეისები, რომლებსაც სხვადასხვა მოდულის დროს განვიხილავდით, არ იქნებოდა ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენი რეალობისთვის რელევანტური. თუმცა, პირიქით, კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ალდაგი ძალიან პროგრესული კომპანიაა, 30-წლიანმა გამოცდილებამ კომპანია იმ დონეზე გაზარდა და განავითარა, რომ მენეჯმენტის თვალსაზრისით იგი არ ჩამოუვარდება მსოფლიოს ბევრ წამყვან კომპანიას თუნდაც იგივე დარგში. ამიტომ, იმაში ფაქტობრივად დარწმუნებული ვარ, რომ ალდაგს აქვს მზაობა ჩემი და ჩემი კოლეგების ცოდნა გამოიყენოს იმისთვის, რომ კიდევ უფრო ეფექტური მმართველობის სტილი დაამკვიდროს კომპანიაში.

„ალდაგის“ მეორე თანამშრომელი, რომელიც ამჟამად, ჰენლის ბიზნეს სკოლაში სწავლობს ნინა იანკოვსკაიაა. ის კომპანიის მარკეტინგის დეპარტამენტის უფროსია და მსგავს სასწავლებელში მოხვედრას საინტერესო გამოწვევად აფასებს. 

ძალიან საინტერესო შესაძლებლობაა, ჰენლიში განსაკუთრებულად რაც მომწონს არის ის,  რომ გამოცდილების გაზიარება ხდება მუდმივად, ასევე ყველა მიდგომის თუ მოდელის რეალურ სიატუაციასთან ანალიზი და მოდელის განხილვა ნათელს ხდის პრაქტიკაში როგორ შეიძლება სქემამ იმუშავოს“, – ამბობს ნინა იანკოვსკაია.   

M: როგორი იყო შერჩევის პროცესი და რა კრიტერიუმების გათვალისწინებით გახდით გამარჯვებული? რა მოლოდინი გაქვთ, რას შეცვლის ჰენლის ბიზნეს სკოლა თქვენს სამომავლო გეგმებში?
შერჩევის პროცესი სკოლის საერთაშორისო წარმომადგენლობასთან გასაუბრებას და ტესტირებას მოიცავდა, შეფასების შედეგად კი, კომპანიიდან ერთი კანდიდატი 50%-იან დაფინანსებას მიიღებდა. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ არა მხოლოდ ჰენლის ბიზნეს სკოლის დასრულების შემდეგ, არამედ სწავლის პროცესშიც შევძლებ ბევრი რამის გამოყენებას ჩემს ყოველდღიურ საქმიანობაში. ჩემს ცოდნას, ცხადია, გავუზიარებ კოლეგებსაც და ჩემს გუნდს, რომ ერთად უკეთესი შედეგები მივიღოთ.

[R]

 

განხილვა