in

„ალდაგი“ „კაიროს ლოჯისტიკსთან“ პარტნიორობის სტრატეგიულ ეტაპზე გადადის

„კაიროს ლოჯისტიკსი“ საქართველოში 2013 წლიდან ოპერირებს საერთაშორისო გადაზიდვების მიმართულებით და ის საქართველოს ბაზრის ერთ-ერთი ლიდერია.  სადაზღვევო კომპანია „ალდაგთან“ მისი პარტნიორობა სტრატეგიულ ეტაპზე გადავიდა, რაც ნიშნავს იმას, რომ იმპორტიორი/ექსპორტიორი კომპანიებისთვის კიდევ უფრო უსაფრთხო და გაუმჯობესებული სერვისის შეთავაზება იქნება შესაძლებელი.

„კომპანია „ალდაგთან“ თანამშრომლობის გაღრმავება მოგვცემს საშუალებას, ჩვენს კლიენტებს შევთავაზოთ ექსკლუზიური პირობები და მივცეთ გარანტია, რომ თანამშრომლობის შემთხვევაში, ნებისმიერი მათი ტვირთი მაქსიმალურად დაზღვეული იქნება გაუთვალისწინებელი ფინანსური ზარალისგან“ – ამბობენ „კაიროს ლოჯისტიკსში“.

რას გულისხმობს „ალდაგსა“ და „კაიროს ლოჯისტიკს“ შორის პარტნიორობა და რა სარგებელი შეიძლება მოიტანოს ამ თანამშრომლობამ იმპორტიორ – ექსპორტიორი კომპანიებისთვის – ამ საკითხებზე „კაიროს ლოჯისტიკსის“ დამფუძნებელ მიხეილ ნამადოვს და „ალდაგის“ კორპორატიული დაზღვევის დირექტორ დავით ეჯიბიას  ვესაუბრეთ.

„კაიროს ლოჯისტიკსის“ დამფუძნებელი მიხეილ ნამადოვი

რა სერვისს აწვდით გადამზიდავ კომპანიებს, რა არის თქვენი კონკურენტული უპირატესობა?

მიხეილ ნამადოვი: „კაიროს ლოჯისტიკსის“ სერვისის უპირატესობა კლიენტთან სტრატეგიული მუშაობა, მათთვის გადაზიდვის პროცესის გამარტივება და ტრანსპორტირებისას მაქსიმალური ეფექტიანობაა. ჩვენი კომპანიის სერვისები მოიცავს როგორც სახმელეთო, ისე საზღვაო და საჰაერო გადაზიდვებს. ეს დარგი სწორ დაგეგმვას, რისკების ანალიზს, ოპტიმალურ გადაწყვეტილებებს და მომსახურების უმაღლეს ხარისხს საჭიროებს. ჩვენი გუნდი 50-მდე პროფესიონალითაა დაკომპლექტებული. სერვისი მოიცავს ტრანსპორტირების მთლიან ციკლს, მარშრუტის შერჩევიდან დაწყებული, დასრულებული A პუნქტიდან B პუნქტამდე ტვირთის მაქსიმალურად ეფექტურ და უსაფრთხო მიწოდებას.

საკმაოდ მძიმე წელია გლობალურად ბიზნესისთვის და მათ შორის გადაზიდვების სფეროსთვის. ვიცით, რომ სექტორმა 20%-იანი ვარდნა განიცადა, რა გეგმით მიდიხართ და როგორ შეაფასებთ დღეს არსებულ მდგომარეობას?

მ. ნ. : როგორც იცით, კაიროს ლოჯისტიკსი ერთ-ერთი ლიდერია საერთაშორისო გადაზიდვების მიმართულებით საქართველოში. ამაზე მეტყველებს ისიც, რომ ჩვენ ვემსახურებით უმსხვილეს კომპანიებს, მათ შორისაა: „ბორჯომი“, „ორიფლეიმი“, „გეფა“, „ნესტლე“, „თეგეტა მოტორსი“, „ჯი დი ალკო“ და ა.შ. კომპანია დინამიურად ვითარდება და ფართოვდება. ამ ეტაპზე საქართველოს გარდა უკვე გვაქვს ფილიალები – უკრაინასა და ბელარუსში. უახლოეს მომავალში იგეგმებოდა კიდევ ორ ქვეყანაში წარმომადგენლობის გახსნა, თუმცა პანდემიამ ჩვენი გეგმები ცოტათი შეცვალა. მიუხედავად ამისა, ბაზარზე არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით ივნისის მდგომარეობა საკმაოდ დამაიმედებელია.

რა გამოწვევებს ხედავთ სფეროში და სახელმწიფოსგან რა ტიპის მხარდაჭერას ელით?

მ. ნ. : ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევაა წვდომა კაპიტალზე და სერვისის მხარე, ვგულისხმობ, ტრანსპორტის შეკეთება/მომსახურების სერვისის განვითარებას. ზოგადად, შეიძლება ითქვას, რომ ბაზრის მასშტაბირებაა საჭირო. საქართველო, გადაზიდვების კუთხით, პატარა ბაზარია. კონკურენციის გაწევა გვიწევს დიდ საერთაშორისო გადამზიდავ კომპანიებთან, ვინაიდან ამ სფეროში მოქმედებს ღია ფანჯრის პრინციპი და კონკურენცია საკმაოდ მაღალია. იქედან გამომდინარე, რომ სახელმწიფოს ესმის ამ დარგის სტრატეგიული მნიშვნელობა, გვაქვს პოზიტიური მოლოდინები ლოჯისტიკის სფეროში საინტერესო ცვლილებების და დინამიკის გააქტიურების მიმართულებით. ჩვენი კომპანია თავის მხრივ იყო ერთ-ერთი მთავარი მონაწილე იმისა, რომ საქართველოს პანდემიის პირობებში არ შექმნია სურსათისა და მედიკამენტების პრობლემა. ამ პერიოდში ჩვენ მივიღეთ რთული, მაგრამ სტრატეგიულად გამართლებული გადაწყვეტილება, რომ მოვმსახურებოდით მხოლოდ საქართველოს გადაზიდვებს. აქედან გამომდინარე, ტვირთების ტრანსპორტირებას ვახორციელებდით მხოლოდ საქართველოს მიმართულებით, ან საქართველოდან ქვეყნის გარეთ. ეს იმ დროს, როცა ბევრად მომგებიანი იქნებოდა მეზობელი ქვეყნებისთვის სატრანსპორტო მომსახურების გაწევა. ვფიქრობ, რომ ჩვენ სწორი გადაწყვეტილება მივიღეთ, რაზეც მეტყველებს კიდეც შედეგი და ჩვენს მიმართ გაზრდილი ნდობის ფაქტორი, რომელიც გვეხმარება ქართულ კომპანიებთან გრძელვადიანი ურთიერთობის გაღრმავებაში.

რა იქნება თქვენი შემდეგი ნაბიჯი, როგორ აპირებთ განვითარებას?

მ. ნ. : შემდეგი ნაბიჯი, რომელზეც დიდ იმედებს ვამყარებთ, ეს არის ლოჯისტიკური სერვისების გაციფრულების პროცესი და ამას „ალდაგთან“ პარტნიორული ურთიერთობით ვიწყებთ. პროექტი „ტრანსლაივი“ მოგვცემს საშუალებას, რომ საერთაშორისო გადაზიდვები გადავიტანოთ მთლიანად ციფრულ სივრცეში. იმპორტიორ/ექსპორტიორ კომპანიებს, რომლებსაც დღემდე უწევთ ტვირთის გადაზიდვისთვის საუკეთესო პირობების მოძიება  სხვადასხვა არხებით (რაც რთული პროცესია), პროექტის განხორციელების შემდეგ შეეძლებათ მარტივად, ერთ პლატფორმაზე მიიღონ სრული ინფორმაცია და სერვისი ოპტიმალურ ფასად. გამარტივებული პროცესი მოიცავს „ონლაინ“ აუქციონს, რომელიც დაეხმარება კლიენტებს, შეარჩიონ კონკრეტული გადამზიდავები კონკრეტულ მარშრუტზე. პლატფორმის მეშვეობითვე მოხდება ყველა აქტიური გადაზიდვის დაზღვევა, დოკუმენტების სწრაფი მიმოცვლა, რაც ბევრად უფრო ამარტივებს პროცესს, ამცირებს დროს, ზოგავს ფინანსებს და ამაღლებს სერვისის ეფექტურობას. პროგრამისტების გუნდი უკვე მუშაობს ამ პროექტზე და იმედი გვაქვს, 2021 წლის დასაწყისში „ტრანსლაივი“ მზად იქნება. ვფიქრობთ, ეს ინიციატივა რეალურად გააჯანსაღებს ბაზარს, კლიენტი მიიღებს საუკეთესო შეთავაზებას, უსაფრთხოების გარანტიებს და გადამზიდავი კომპანიებისთვისაც ეს იქნება ახალი შესაძლებლობა.

„ალდაგის“ კორპორატიული დაზღვევის დირექტორი დავით ეჯიბია

„კაიროს ლოჯისტიკსის“ კომპანია „ალდაგთან“ თანამშრომლობა რას გულისხმობს უფრო კონკრეტულად?

დავით ეჯიბია: „ალდაგი“ წლებია, თანამშრომლობს „კაიროს ლოჯისტიკსთან“. ბოლო წლების განმავლობაში ჩვენ მილიონ ლარზე მეტი გვაქვს ანაზღაურებული მათ რამდენიმე პროექტში. მოხარულები ვართ, რომ კომპანია სტაბილურად იზრდება, ნერგავს ინოვაციებს და ჩვენ ამ ინოვაციების ნაწილი ვართ. ზოგადად, იმპორტის და ექსპორტის პროცესში ტვირთის დაზღვევა – ეს აღარ არის არჩევანი, ეს არის ბიზნესის წარმატების აუცილებელი წინაპირობა და ჩვენი პარტნიორობა გვაძლევს საშუალებას, „ტრანსლაივის“ კლიენტებს შევთავაზოთ ექსკლუზიური პროდუქტები და ფასები. თავის მხრივ, „ალდაგის“ ტვირთის დაზღვევა, ეს ნიშნავს სწორად შერჩეულ და ფართო დაფარვების მქონე დაზღვევას, რომელიც ბიზნესკომპანიებს დაეხმარება რისკების მინიმიზებასა და ფინანსური დანაკარგებისგან გათავისუფლებაში.

 

[R]

Lions Live, დღე 2 – უყურეთ პირდაპირ Marketer-ზე!

„კატრანტინი“ – მოკლე ფილმი კრეატორზე, რომელმაც კარანტინში აღმოაჩინა, რომ კატაა