შესაძლოა, მფრინავი მანქანის იდეა ჯერ კიდევ შორეულ მომავლად გეჩვენებოდეთ, მაგრამ, უნდა ვაღიაროთ, რომ მათ შესახებ მრავალი უნიკალური ხედვა უკვე ჩვენს თვალწინაა… სილიკონის ველის სტარტაპ Alef Aeronautics-ის Model A, როგორც ხედავთ, ჩვეულებრივ სპორტული მანქანის მსგავსად არის აგებული. შორიდან, ალბათ, ვერც განასხვავებთ, თუმცა თუ უფრო კრიტიკული თვალით დააკვირდებით, დაინახავთ, რომ მისი კორპუსი მთლიანად ბადისგან არის დამზადებული, სალონი კი მისგან სრულად იზოლირებულია.
მეტიც, Model A-ს ზუსტად ისე შეუძლია ჰაერში აფრენა და დაფრენა, როგორც სხვა ელექტრო მანქანებს. მაგრამ თუ თქვენ დაელოდებით, როდის გაშლის ეს მანქანა ფრთებს, მაშინ იმედგაცრუებული დარჩებით ან უფრო მეტად გაოცებული — Alef Aeronautics-მა მიაგნო ინოვაციურ მეთოდს, რომელიც ფრთების საჭიროებას ხსნის. იგი ამ მიზნით მანქანის ბადისებრ კორპუსს იყენებს.
სალონი მის შუა ნაწილზეა დამაგრებული, გარე კორპუსი კი მისგან დამოუკიდებლად მოძრაობს, რათა ფრთების მსგავსად იმოქმედოს. მეტიც, ფრთების მოხსნის გადაწყვეტილება Model A-ს ორი მიზნით გამოყენების საშუალებას გვაძლევს, როგორც საგზაო, ისე მფრინავი მანქანის სახით. იგი ბატარეებზე მუშაობს, გზებზე 320 კილომეტრის, ხოლო ჰაერში 170 კილომეტრის გავლა შეუძლია.
მართალია, Model A Bugatti-ისა და Jaguar-ის ყოფილი დიზაინერის ჰირაშ რაზაგის მიერ შეიქმნა, მაგრამ ის მათი მსგავსი სიჩქარით არ იმოძრავებს — იგი სულ რაღაც 30-40 კმ/სთ-თ გადაადგილების საშუალებას გვაძლევს. საინტერესო ფაქტია ისიც, რომ თუ მისი აფრენა მოგინდებათ, აეროპორტისკენ უნდა აიღოთ გეზი და ასაფრენად საჭირო ბილიკზე მოთავსდეთ.
აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ ჯერჯერობით Model A-ს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ეროვნული ან ფედერალური საავიაციო ადმინისტრაციებისგან ნებართვა არ მიუღია. ამასთან, არც ის ვიცით, მის მფლობელს მძღოლის ლიცენზია დასჭირდება თუ პილოტის… მაგრამ მაინც Alef Aeronautics წინასწარ შეკვეთებს იღებს. დიახ, თქვენ Model A-ს ყიდვა 300 000 დოლარად შეგიძლიათ, მის გაჩერებას თქვენს სახლთან კი, სავარაუდოდ, 2025 წლისთვის შეძლებთ.