ტანსაცმელი და სამკაული ჩვენი ცხოვრების, სტილისა და თვითმყოფადობის განუყოფელი ნაწილია. სამოსი ადამიანის ვიზუალს ქმნის, რომლის აუცილებელი ორნამენტიც, როგორც კოკო შანელი იტყოდა, სამკაულია. მართლაც, კარგ ტანსაცმელს შეხამებული კარგი აქსესუარები თითქოს უფრო მეტად გამოხატავს ჩვენს სტილსა და განწყობას.
სწორედ ეს განწყობა შექმნა ცოტა ხნის წინ ორმა ქართულმა ბრენდმა: ALEKSANDRE AKHALKATSISHVILI-მა და MOULE-მ. ერთობლივი თანამშრომლობის ფარგლებში, მათ გამოუშვეს კოლექცია, სახელად SS24, სადაც დიზაინერის სამოსთან ერთად მოდელები MOULE-ს სამკაულებით არიან დამშვენებულნი.
MOULE ქართული ბრენდია, რომელიც პანდემიის დროს, ორი წლის წინ დაფუძნდა და ორიგინალური დიზაინის მქონე ვერცხლის სამკაულებს ქმნის. მისი დამფუძნებლები მოდის სფეროში მრავალწლიან გამოცდილებას ფლობენ და თავიანთი ცოდნა საკუთარ ნამუშევრებად გარდაქმნეს. რაც შეეხება ალექსანდრე ახალკაციშვილს, დიზაინერის სამოსი უკვე მრავალი წელია როგორც ქართულ, ისე საერთაშორისო ბაზარზე დიდი პოპულარობით სარგებლობს. მისი კოლექციები ისეთ პლატფორმებზე იყიდება, როგორებიცაა Farfetch.com, ssense.com და სხვები. თავის მხრივ, საერთაშორისო ბაზარი ათვისებული აქვს MOULE-საც. მისი პუბლიკაციები VOGUE, ELLE, Harpers, Bazaar-ისა და სხვა ჟურნალების გვერდებზე ქვეყნდება.
Marketer-ის კითხვებს MOULE-ს თანადამფუძნებელი და დიზაინერი, ნიკო კეჟერაშვილი პასუხობს.
M: ნიკო, ჯერ MOULE-ს შესახებ რომ მოგვიყვეთ: როგორ შეიქმნა ეს ბრენდი და რით არის გამორჩეული თქვენი პროდუქცია?
MOULE პანდემიის დროს შეიქმნა, როდესაც სახლიდან ვმუშაობდით. მოგეხსენებათ, ამ დროს ხალხის უმრავლესობა და ჩვენი ყოველდღიური აქტივობები ლიმიტირებული იყო რეგულაციების გამო. გამომდინარე იქიდან, რომ მე და ჩემი პარტნიორი ორივე მოდის სფეროში ვმუშაობდით სხვადასხვა საერთაშორისო ბრენდისთვის როგორც საქართველოში, ასევე საზღვრებს გარეთ, დავაგროვეთ ბევრი ცოდნა და გამოცდილება რითეილის სფეროში. გაგვიჩნდა სურვილი, გაგვეკეთებინა საკუთარი ბრენდი. ჩვენი დიზაინიდეების, ფიქრების გადათარგმნასა და ფურცელზე დატანაში ძალიან დაგვეხმარა ჩემი განათლება არქიტექტურაში და დავიწყე მათი ჩანახატებად ქცევა, ხოლო შემდეგ განხორციელება, რასაც თავიდან მხოლოდ ჰობის სახე ჰქონდა, თუმცა საზოგადოებისგან მივიღეთ საინტერესო გამოხმაურება და დიდი ინტერესი, ამიტომ ეს ყველაფერი ვაქციეთ ჩვენს მთავარ საქმიანობად.
პროდუქტი არის ვერცხლში შესრულებული და მათი უმრავლესობა საკმაოდ მოცულობითია. ის მარტივად იპყრობს ადამიანების ყურადღებას და ჩვენს მომხმარებლებს ამშვენებს როგორც ყოველდღიურად, ასევე განსაკუთრებული ღონისძიებების დროს.
M: რა არის ბრენდის კონცეფცია და რით გამოხატავს ის თავის იდენტობას?
ჩვენი ინსპირაცია ძირითადად მოდერნისტული ფორმებიდან და თანამედროვე სკულპტურებიდან მოდის. ასევე საინტერესო და მნიშვნელოვანია, გავუსვათ ხაზი იმ ფაქტს, რომ ვინარჩუნებთ სამკაულზე მუშაობის ძველ ტრადიციასაც. შესაბამისად, ყოველი ნივთი არის ხელნაკეთი თბილისში, ადგილობრივი არტიზანების მიერ და არ არის მასობრივი, ქარხნული წარმოების, რაც მათ მნიშვნელობას კიდევ უფრო ზრდის. ამ ორი კომპონენტის სინთეზი დღეს საკმაოდ იშვიათია ბაზარზე არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ზოგადად მსოფლიოში და, ალბათ, ამიტომაც გამოიწვია განსაკუთრებული ყურადღება.
M: მოგვიყევით ALEKSANDRE AKHALKATSISHVILI-ს ბრენდთან კოლაბორაციაზე – როგორ და რატომ შედგა ეს თანამშრომლობა და უფრო ვრცლად – რას გულისხმობს ეს კოლაბორაცია?
ALEKSANDRE AKHALKATSISHVILI იყო და არის ჩვენი ერთ-ერთი ფავორიტი ბრენდი ყველა ბრენდს შორის საერთაშორისო ბაზარზე. როგორც ჩვენი შეხვედრის დროს აღმოჩნდა საერთო სამეგობრო წრეში, მათ უკვე შემჩნეული ჰქონდათ MOULE-ს სამკაულები და განიხილავდნენ ჩვენი პროდუქტის გადაღებას თავიანთ სამოსთან ერთად, რის შემდეგაც წამოვიდა იდეა, რომ მომდევნო სეზონისთვის გაგვეკეთებინა კოლაბორაცია და უშუალოდ მათი ბრენდისთვის შეგვექმნა დიზაინები, რაზეც დიდი სიხარულით დავთანხმდით.
ჩვენ და ALEKSANDRE AKHALKATSISHVILI-მა გავიარეთ 4 სხვადასხვა კონცეფციის დიზაინსესია. რის შემდეგაც შეირჩა და დამუშავდა მოდელები, რომლებიც ორივე ბრენდის ესთეტიკურ ხედვას აერთიანებდა.
M: რა არის ის საერთო ხედვა, რაც ამ ორ ბრენდს აკავშირებს და რითაც თანამშრომლობა უფრო საინტერესოა?
ორივე ბრენდს მოგვწონს მასიური და დიდი ზომის სამკაულები, რომლებიც დატვირთულია დეტალებითა და რთული კონსტრუქციით. ამავდროულად, არის კომფორტული და მარტივად სატარებელი. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ამ კოლექციის დამუშავება ყველაზე რთული პროცესი იყო ჩვენს გამოცდილებაში, მაგრამ შედეგებით ორივე მხარე უზომოდ კმაყოფილები ვართ.
ALEKSANDRE AKHALKATSISHVILI-სა და MOULE-ს ერთობლივად შექმნილი კოლექცია მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომი ორივე ბრენდის ვებგვერდზე იქნება. კოლექცია უკვე გატანილი იყო პარიზის მოდის კვირეულზე, 2024 წლის მარტიდან კი საერთაშორისო პლატფორმებზეც გაიყიდება.
ავტორი: მარიამ გოჩიაშვილი