in , ,

ახალგაზრდა ქართველი ავტოდიზაინერი, რომელიც Alfa Romeo-სა და Bertone-ის შესანიშნავ მოდელებს ქმნის


ბევრ ბავშვს უყვარს ახალი ავტომობილების გამოგონება, განსაკუთრებით ბიჭებს, რომელთა რვეულებში ხშირად გვინახავს ორიგინალური ჩანახატები. ისინი ოცნებობენ, შექმნან ასეთი ინოვაციური მოდელები, როდესაც გაიზრდებიან, თუმცა, რამდენი მათგანი ახერხებს ამას?! ავტოინდუსტრიის 100 წლიანი ისტორიის მანძილზე, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, სულ რამდენიმე ქართველი პროფესიონალი ავტოდიზაინერი მოღვაწეობს და ჩვენი რესპონდენტი ერთ-ერთი მათგანია. ხატვა ბავშვობიდან უყვარდა, თუმცა, “ბნელი, ტკბილი” 90-იანების პირობებში, ვერ წარმოიდგენდა, რომ ამ საქმიანობით საზღვარგარეთ და საერთოდ, დიდი წარმატების მიღწევა იყო შესაძლებელი, თანაც მხოლოდ საკუთარი ნიჭის დამსახურებით, “გავლენიანი სანაცნობოს” დაუხმარებლად. 19 წლისა მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ უნივერსიტეტში გაემგზავრა სასწავლებლად და მალევე, მისი პირველი ავტოპროექტი ტურინის საავტომობილო მუზეუმში განთავსდა, ბოლო 25 წლის მანძილზე შექმნილ მსოფლიოს საუკეთესო ნამუშევრებთან ერთად. გაიცანით FIAT Group-ისა და Ford-ის ავტოდიზაინერი, 27 წლის ალექსანდრე იმნაძე.

 

M: სკოლის ასაკის ბავშვები ხშირად აკეთებენ ჩანახატებს, სადაც ოცნების მანქანის ახალ დიზაინს იგონებენ ხოლმე. შენს შემთხვევაში, როდიდან დაიწყო ავტოდიზაინის მიმართ ინტერესი? და ბავშვებს რომ ეკითხებიან ხოლმე პროფესიაზე, შენ რას ამბობდი, გინდოდა, რომ ავტოდიზაინერი გამოსულიყავი?

ჩანახატებს 3 წლიდან ვაკეთებდი. ერთხელ, ბიძაჩემი მოვიდა ჩემთან, მაგ დროს 5 წლის ვიყავი და როდესაც დახედა ჩემს ნახატებს, მითხრა, რომ შენ ავტოდიზაინერი უნდა გამოხვიდეო. ეს იყო 1995 წელი და ასეთი პროფესიით მუშაობა სრულიად წარმოუდგენელი იყო იმ დროისათვის. რვეულები ხატვის სიყვარულის გამო უფრო მალე მითავდებოდა, ვიდრე სწავლის. ძირითადად, მანქანებს ვხატავდი. მახსოვს, ზვიად ციკოლიას ინტერვიუ რომ ვნახე პირველად, 1997-98 წელი იქნებოდა და გამიკვირდა, არც ვიცოდი, რომ ასეთი პროფესია არსებობდა. დღეს ზვიადი ჩემი ახლო მეგობარია და ფაქტობრივად, მსოფლიო ავტოინდუსტრიაში 2 ქართველი ავტოდიზაინერი ვპოზიციონირებთ.

M: პროფესიით ვინ ხარ და რა იყო შენი პირველი სამსახური?

17 წლის ვიყავი, სკოლას ვამთავრებდი, როცა სამსახური შემომთავაზეს მაქსიმილიანო პუქსასთან, რომელიც თბილისის რიყესა და იუსტიციის სახლის პროექტის ავტორია და  მსოფლიოს არქიტექტორთა TOP ათეულში შედის.

ამჟამად, მე მაქვს სამი პროფესია, რომელიც არის დიზაინთან დაკავშირებული. ვარ არქიტექტორი, კომპიუტერული თამაშების დიზაინერი და ავტოდიზაინერი, თუმცა, საქმიანობის მხრივ, ყველაზე მეტად ავტოდიზაინში გამიმართლა, შემიძლია ვთქვა, რომ ის ორი პროფესიაც ძალიან წამადგა.

 

M: ტურინში როგორ აღმოჩნდი?

ტურინში 19 წლისა მოვხვდი, როცა უნივერსიტეტის პროგრამით რომში აღმოვჩნდი არქიტექტურაზე. ესაა მსოფლიოში მეოთხე ყველაზე პრესტიჟული უნივერსიტეტი, აქ ასწავლიდნენ ისეთი დიზაინერები, ვინც მუშაობს როლს როისში, ფერარიში. მოკლედ, ჩემმა ერთ-ერთმა ლექტორმა შეამჩნია, რომ მანქანებს ვხატავდი და მირჩია, გავსულიყავი უნივერსიტეტის (Istituto Europeo di Design) საერთაშორისო კონკურსზე, სადაც 36 გრანტიდან მხოლოდ 2 იყო სრული დაფინანსება, ავტოდიზაინის მიმართულებით, თანაც, 800 თუ 900 განაცხადი იყო შეტანილი. მე მოვხვდი სრული დაფინანსებით და გადავედი ტურინში. პარალელურად, ექსტერნით ვაბარებდი აქაური უნივერსიტეტის გამოცდებს.

უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, მუშაობა დიზაინის სახლ Barton-ში დავიწყე, Fiat Group-შიც ვიყავი 2-3 წელი და Ford-ში 2 წელი.

M: შენ ახსენე მესამე პროფესია, თამაშების დიზაინი. როდის და სად დაეუფლე ამ პროფესიას და თუ გამოგიყენებია საქმიანობაში?

იმ პერიოდში, როდესაც მე ვაბარებდი უმაღლესში და ვფიქრობდი, რა სპეციალობა ამერჩია, ხელში ჩამივარდა თამაშების ჟურნალი და ძალიან დამაინტერესა მედიახელოვნებამ. იმ დროს, ამ მიმართულებით, საქართველოში არაფერი არ არსებობდა. დავიწყე ინტერნეტით მოძიება ინფორმაციის და ვიპოვე რუსული მასალები, საიდანაც დამოუკიდებლად სწავლას შევუდექი. ავითვისე საჭირო პროგრამები და აღმოვაჩინე, რომ ამ ცოდნით მაშინვე შემეძლო სამსახურის პოვნა. მართლაც ასე მოხდა რუსეთიდან, ინტერნეტით შემომთავაზეს თამაშებზე მუშაობა. შემდეგ, თბილისის ფორუმზეც შეამჩნიეს ჩემი ნამუშევრები და აქაც შევძელი კომპიუტერული თამაშების ფირმაში მუშაობის დაწყება. თამაშების ინდუსტრია ძალიან სწრაფად ვითარდება. თუ 5 წლის წინ, თამაშების გრაფიკას ისე სერიოზულად არავინ უყურებდა, დღესდღეობით, თამაშების სტრუქტურა და დიზაინი ერთმანეთს ერწყმის. რასაც თქვენ ხედავთ, ჟენევის ავტოჩვენებაზე, ესაა მნიშვნელოვნად მოძველებული დიზაინი იმ ადამიანებისთვის, ვინც ამას ვქმნით, მინიმუმ, 5 წლით.

M: ალბათ, ეს განპირობებულია იმით, რომ ავტომობილის დიზაინი, დამტკიცებამდე და სატესტო მოდელის აგებამდე ბევრ ინსტანციას გადის…

დიახ, რა თქმა უნდა. იგივე, Alfa Romeo, რომელიც Fiat Group-ს ეკუთვნის. მოდელებზე Julia და Silvio, ჯიპი, რომელიც წელს წარმოადგინეს, მე ვმუშაობდი 2013-2015 წლებში. ავტომწარმოებლები, დღეს, აკეთებენ ციფრულ სიმულაციებს და დღეს იყურებიან არა 5 წლით, არამედ 30 წლით წინ, რა იქნება მერე აქტუალური, თუმცა, ჩვენ ვმუშაობთ იმ ტექნოლოგიების გამოყენებით, რაც დღეს არის ხელმისაწვდომი. მაგალითად, მოდელი, რომელზეც მე ვიმუშავე 2013 წელს, გამოვიდა 2017-ში, მისი სასიცოცხლო ციკლი დაახლოებით, 2024 წლამდე გაგრძელდება. ასევე, ვმუშაობთ მომავლის ტრენდებზეც, მაგალითად, ვფიქრობთ, რა მანქანები მოეწონებათ, 2025-2030 წლებში. თამაშების ინდუსტრიას კონცეპტუალურ ხელოვნებას უწოდებენ. ვცდილობთ, წარმოვადგინოთ, როგორი იქნება ეს სფერო მომავალში.

M: დიდი ხანია, საუბრობენ ავტომობილებში ხელოვნური ინტელექტის ინტეგრირებაზე, მაგალითად, ავტომობილი რომ მართავდეს თავის თავს და მძღოლს არ უწევდეს მანევრირება, იყოს მაქსიმალურად უსაფრთხო და ა.შ. რა ეტაპზეა ეს მიმართულება?

ჩემს უნივერსიტეტში, როცა სადიპლომოს ვაბარებდი, მოწვეული გვყავდა დიპლომების კურატორად კრის ბენგლი, რომელიც მანქანების ინდუსტრიაში უმნიშვნელოვანეს პერსონად ითვლება. ის იყო BMW-ს ხელმძღვანელი და უამრავი ტრენდი შექმნა, არის ფუტურისტი. მას აქვს დაწერილი წიგნი, სადაც ხსნიდა კონცეფციას, თუ როგორი იქნება ჩვენი მომავალი 2040 ან 2050 წელს. ამ დროისთვის, ეს ცოტა ფანტასტიკას ჰგავს, მაგრამ საკმაოდ რეალურია. დღეს, ავტომობილი გადაადგილების საშუალებად ითვლება, თუმცა, სამომავლოდ, ავტოინდუსტრია მას “მოძრავ სახლად” განიხილავს. დღეს უკვე მუშავდება ტექნოლოგიები, რომლებიც მოგვცემენ ამგვარი პროექტების განხორციელების საშუალებას.

M: სახელს რაც შეეხება, ვინ არჩევს მოდელის დასახელებას, როცა ბრიფს გაძლევენ, გეუბნებიან, როგორი უნდა იყოს მანქანა, რა ერქვას, რა კრიტერიუმი ჰქონდეს და ა.შ? ზოგადად, როგორია ავტომობილის დაპროექტების პროცესი?

სახელზე მუშაობენ მარკეტერები, ასევე გვაქვს შეხვედრები მოდისა და არქიტექტურის სფეროს წარმომადგენლებთან. რეალურ მანქანებს როცა ქმნიან, სახელის შერჩევას 5 თვიდან 1 წლამდე ანდომებენ, რატომ უნდა ერქვას მოდელს Silvia და არა რაღაც სხვა. ყველაფერი არის გათვლილი ადამიანის ფსიქოლოგიაზე, როგორი მომხმარებლისთვისაა, რა უნდა ღირდეს, ვინ შეძლებს მის შეძენას, თუ ექნება მის მფლობელს იმის აღქმა, რას ყიდულობს და ა.შ. ესაა კომპლექსური ფსიქოლოგია მსოფლიო ბაზრის და ამაზე პროფესიონალი მარკეტერები მუშაობენ, შემდეგ კი ჩვენ გვიხსნიან.

M: ამჟამად, მხოლოდ ავტოდიზაინით ხარ დაკავებული, თუ რაიმე სხვა გეგმაც გაქვს, თუნდაც, საქართველოსთან დაკავშირებით?

როცა Ford-ში მუშაობის შემდეგ აქ ჩამოვედი, ვფიქრობდი, გამეკეთებინა საკუთარი ფირმა ან დიზაინ სკოლა, დღეს საქართველოში, პროფესიონალურ დიზაინს არ ასწავლიან და შესაბამისად, აქაური ახალგაზრდები ძალიან იშვიათად საქმდებიან საზღვარგარეთ. ამავდროულად, მანქანების დიზაინზე მუშაობისას, კარგად შევისწავლე ტყავზე მუშაობა, თანაც, რაკი მოდაც მომწონს, ვიფიქრე, მამაკაცებისთვის მაღალი დონის ტყავის ჩანთების წარმოებაც დამეწყო. ბევრი იდეა მაქვს. ამჟამად, მეგობართან ერთად ვმუშაობ ამ საკითხებზე.

M: როგორ წარმოგიდგენია შენთვის იდეალური ავტოპროექტი? ან, იქნებ არის კიდეც ასეთი შენს ნამუშევრებში?

ავტოდიზაინში არსებობს სხვადასხვა სკოლა, მათ შორის, გერმანული, რუსული, იტალიური, ამერიკული და ბრიტანული. მე იტალიური სკოლის წარმომადგენელი ვარ და შესაბამისად, ჩემთვის იდეალურ პროექტს თუ შევქმნი, ამ სტილისა და გემოვნების იქნება. თუმცა, არის Alfa Romeo-ს მოდელი, რომელზეც ვიმუშავე და დღესდღეობით, ვფიქრობ, რომ ესაა ყველაზე მაგარი პროექტი, რაც გამიკეთებია, თანაც, ყველაზე სერიოზული რეზონანსი მოყვა. ამასთან, ჩემმა პროფესორმა, რომელიც არის Rolls Royce-ის დიზაინერი, ძალიან შემაქო ამ ნამუშევრის გამო. შეიძლება ითქვას, რომ დღესდღეობით, ესაა მაქსიმუმი იმისა, რაც შემიძლია.

M: პროექტებზე მუშაობისას, სად ეძებ, სად პოულობ შთაგონებას?

ყველგან. ეს შეიძლება იყოს ავანგარდული საწოლი ან ქალის ხელჩანთა. პლუს, რა თქმა უნდა, კომპანიის ისტორია, როგორი წარსული, როგორი ტრადიცია აქვს. ყველაფერი მუშაობს შთაგონებაზე.

M: შენი ავტომობილი Mahindra Bee, ბოლო 25 წლის საუკეთესო ნამუშევრებს შორის იყო ტურინში გამოფენილი…

Mahindra Bee იყო ჩემი სადიპლომო ნამუშევარი. ჩვენი ჯგუფის მუშაობა კონკურსის სახით მიდიოდა. 35 ადამიანიდან მხოლოდ 3-ის ნამუშევრის რეალური მოდელის შექმნა იყო შესაძლებელი, რადგან ძალიან ძვირი ფუფუნებაა. თუნდაც, ჩემი Mahindra რომ შექმნილიყო, 20 000 ევრო დასჭირდა. მოკლედ, სრულიად მოულოდნელად, უნივერსიტეტმა აარჩია ჩემი ნამუშევარი, შეიქმნა რეალური მოდელი და ტურინის საავტომობილო მუზეუმში განთავსდა, ბოლო 25 წლის მანძილზე შექმნილ საუკეთესო ავტომობილებთან ერთად. ძნელი იყო, მაგრამ მაინც გამოვიდა. შემდეგ უნივერსიტეტმა მილანის დიზაინ კვირეულზე წარმოადგინა, რომელიც ძალიან პრესტიჟულად ითვლება და სხვადასხვა გამოფენებზეც გამოჩნდა. მე განსაკუთრებულად არ მომწონს ეს პროექტი, მაგრამ უნივერსიტეტმა მოიწონა.

M: როგორც გავიგე, პროფესიონალ ავტოდიზაინერს ამ დრომდე არ აქვს მართვის მოწმობა…

კი, დღემდე არ მაქვს და სწორედ ახლა ვგეგმავ. საქმე ისაა, რომ არ მქონდა ამის დრო. საქმე ისაა, რომ მე შეძლებული ოჯახიდან არ მოვდივარ, 5 წლის ვიყავი, როდესაც დედ-მამა დამეღუპა და ცხოვრებამ მასწავლა, რამე რომ გქონდეს, ბევრი უნდა იშრომო, შესაბამისად, სულ ვმუშაობდი და იტალიაში სწავლისას ქვეყნის დათვალიერებაც ვერ მოვახერხე, არამცთუ მართვის მოწმობის აღება. თუმცა, ახლა უკვე მაქვს საამისო დრო და ყოველივე ამას ვგეგმავ.

M: რამდენიმე წლის შემდეგ, შენს თავს ისევ ავტოდიზაინში ხედავ, თუ გაქვს სხვა მიმართულება, რა მხრივაც გინდა, რომ განვითარდე? ერთხელ ახსენე, რომ სამომავლოდ, პოლიტიკაში აპირებდი ჩართვას…

დიახ, ერთ-ერთ ინტერვიუში მკითხეს, თუ აპირებ საქართველოში გადმოსვლას და რას გააკეთებდიო? მაშინ დაუფიქრებლად ვუპასუხე, რომ საქართველოში ჩამოსვლის შემთხვევაში, პოლიტიკაში წავიდოდი და განათლების მიმართულებით ვეცდებოდი რამე შემეცვალა ქვეყანაში. თუმცა, შემდეგ მივხვდი, რომ ჩვენ ისედაც შეგვიძლია ყველაფრის შეცვლა, მთავარია, დავიწყოთ და შევქმნათ. ასე რომ, ამ ეტაპზე, უახლოესი წლების მანძილზე, ჩემს თავს ისევ ავტოინდუსტრიაში ვხედავ, შემდეგ ვნახოთ, რა იქნება.

M: დაგვიტოვე ნამუშევარი, რომლითაც ყველაზე მეტად ამაყობ…

Alfa Romeo-ში მუშაობის დროს, შევქმენი Alfa Romeo Giulia, ესაა ჩემთვის ერთ-ერთი პირველი საამაყო პროექტი, სადაც მიმიღია მონაწილეობა ინტერიერის დიზაინერად.


ხელის გულზე ასახული ცხოვრება – ფოტოპროექტი

თვალის წვეთები გადაღლილი თვალებისთვის – იაპონური კომპანია „როტო“ უკვე საქართველოშია