in ,

„აუცილებელი არ არის, დაწყებამდე ყველაფერი იცოდე“ – ალექსანდრე ჯაფარიძის, ქართველი ნანომეცნიერის გზა მეცნიერებიდან მეწარმეობამდე

ალექსანდრე ჯაფარიძე 14 ივნისს Spotlight X-ის სცენაზე წარდგება

„ჩვენ ყოველდღიურ საქმიანობაში ზუსტად ასეთი ტექნოლოგია გვჭირდება. გვინდა პაციენტების სწრაფად და ზუსტად მკურნალობა, თქვენ კი ამისთვის უკვე გაქვთ გამოსავალი”, – ეს წინადადება იქცა გარდამტეხ მომენტად ალექსანდრე ჯაფარიძის, SoundCell-ის დამფუძნებლის კარიერაში, რომელმაც შეძლო, მეცნიერება და ბიზნესი გაეერთიანებინა. 

ყველაფერი თბილისში, ფიზიკის ფაკულტეტით და მერე გერმანიაში გაცვლითი პროგრამით დაიწყო, სადაც ალექსანდრე ნანომეცნიერების სასწავლად გაემგზავრა და ამ დარგით იმდენად მოიხიბლა, რომ გადაწყვიტა, ბოლომდე გაჰყოლოდა. შემდეგ იყო დოქტორანტურა შვეიცარიაში; ნიდერლანდებში, Delft University of Technology-ში მუშაობა, საერთაშორისო სამეცნიერო გარემო და დიდი გამოცდილება ამ მულტიკულტურულ სივრცეში. 

თავდაპირველად ალექსანდრეს ფოკუსი ცალსახად აკადემიური მიმართულება იყო, თუმცა პანდემიის პერიოდში თანამოაზრეებთან ერთად დაიწყო ისეთი იდეის დამუშავება, როგორიცაა უჯრედებისა და ბაქტერიების უფრო სწრაფად და ზუსტად გაზომვა და ასე დაიბადა სტარტაპის, SoundCell-ის იდეაც. ტექნოლოგია უჯრედების მექანიკურ ვიბრაციებს,  ე.წ. „უჯრედების ხმას“ უსმენს და ექიმებს ეუბნება, მოქმედებს თუ არა კონკრეტული ანტიბიოტიკი ინფექციაზე.

ალექსანდრეს გზა, აკადემიური კვლევიდან მეწარმეობამდე, საკმაოდ საინტერესოა. ნიდერლანდებში მოღვაწე მეცნიერ-სტარტაპერი 14 ივნისს ქართველი აუდიტორიის წინაშე, Spotlight X-ის სცენაზე წარდგება. მანამდე კი გადავწყვიტეთ, ასე, წერილობითი ფორმით გავსაუბრებოდით და marketer-ის მკითხველებისთვის უკეთ გაგვეცნო.

M: თქვენი გზა, მეცნიერებიდან მეწარმეობამდე, საკმაოდ არატიპურია. რა იყო ის მომენტი, როცა მიხვდით, რომ მხოლოდ ახალი ცოდნის შექმნა აღარ გყოფნიდათ და მისი რეალურ პროდუქტად ქცევა გინდოდათ?

პირველი რეალური გაცნობიერება იმისა, რომ მართლაც ღირებული პროდუქტი გვქონდა და მას შეეძლო რეალური გავლენა მოეხდინა ადამიანების ცხოვრებაზე, მაშინ მოვიდა, როდესაც საავადმყოფოებში ინფექციონისტებთან და კლინიკურ მიკრობილოგებთან დავიწყეთ თანამშრომლობა და აქტიური კომუნიკაცია.

იმ დროს სხვადასხვა სფეროს სპეციალისტებს ვხვდებოდით, რათა გაგვეგო, რამდენად პრაქტიკული და გამოსადეგი შეიძლებოდა ყოფილიყო ჩვენი მოწყობილობა და იდეა. სწორედ ინფექციონისტები იყვნენ პირველები, ვინც პირდაპირ გვითხრეს, რომ ზუსტად ასეთი ტექნოლოგია სჭირდებოდათ. ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი, გარდამტეხი მომენტი ჩემს კარიერაში. სწორედ მაშინ მივხვდით, რომ ჩვენს ტექნოლოგიას შეეძლო აკადემიური სივრცის ფარგლებს გასცდენოდა და ადამიანების ცხოვრებაში რეალური ცვლილება მოეტანა.

M: დღეს SoundCell ანტიბიოტიკების ეფექტიანობის სწრაფად განსაზღვრებაზე მუშაობს. ერთი პრობლემის სამუდამოდ მოგვარება რომ შეგეძლოთ მეცნიერების დახმარებით, რა იქნებოდა ეს და რატომ?

შევეჭიდებოდი იმას, რაზეც დღეს ვმუშაობ – ანტიბიოტიკურ რეზისტენტობას. ის ფაქტი, რომ ინფექციები სულ უფრო ხშირად აღარ ექვემდებარება ანტიბიოტიკებს, მოითხოვს სწრაფ რეაგირებასა და ეფექტიან გადაწყვეტილებებს. ამ ეტაპზე ამ პრობლემის სრულყოფილი გადაწყვეტა ჯერ კიდევ არ არსებობს, ხოლო მისი დიაგნოსტიკა პროცესის მნიშვნელოვანი ნაწილია, თუმცა ამ გამოწვევის დასაძლევად, ასევე, საჭიროა უფრო ძლიერი ჯანდაცვის სისტემა და ახალი ანტიბიოტიკების შექმნა.

ამიტომ, თუ ერთი პრობლემის გადაჭრა შემეძლებოდა – მიუხედავად იმისა, რომ რეალურად ეს ერთმანეთთან დაკავშირებული მრავალი პრობლემის ერთობლიობაა, ეს იქნებოდა ანტიბიოტიკური რეზისტენტობა.

M: წლების განმავლობაში სხვადასხვა ქვეყანაში ცხოვრობდით და მუშაობდით. რა არის ის ერთი რამ, რაც საზღვარგარეთ ცხოვრებამ და მუშაობამ გასწავლათ და რის გაზიარებასაც დამწყებთათვის ისურვებდით?

არსებობს ცნობილი ინგლისური გამოთქმა: „მოგზაურობა გონებას აფართოებს” (travel broadens the mind).

ძალიან ბევრი რამ ვისწავლე იმ ადამიანებთან საუბრით, რომლებიც საერთოდ არ მუშაობდნენ ჩემს სფეროში. გამიმართლა, რომ ვიცხოვრე რამდენიმე ევროპულ ქვეყანაში და ასევე, ამერიკის შეერთებულ შტატებში. ამ გამოცდილებამ მაჩვენა, რომ სხვადასხვა კულტურას განსხვავებული ხედვა აქვს, ხოლო განსხვავებული გამოცდილების მქონე ადამიანები ერთსა და იმავე მოვლენებსა და გამოწვევებს სხვადასხვაგვარად უყურებენ.

მჯერა, რომ ეფექტიანი კომუნიკაციისა და სიმართლის უკეთ აღქმის ერთადერთი გზა ადამიანებთან საუბარი, ღიაობა და საკუთარი მიკერძოებებისა და შეზღუდვების გაცნობიერებაა.

ყველას აქვს საკუთარი ძლიერი მხარეები და სისუსტეები. სრულყოფილი არავინაა. ალბათ, ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი გაკვეთილი, რაც ვისწავლე.

M: თქვენი პროფესიული ცხოვრება ერთ დიდ ექსპერიმენტად რომ წარმოვიდგინოთ, რომელი ჰიპოთეზა აღმოჩნდა მცდარი, მაგრამ სწორედ ამან მიგიყვანათ ყველაზე მნიშვნელოვან აღმოჩენამდე?

ვფიქრობ, შედარებისთვის ყველაზე ახლოს შეიძლება ამერიკის კონტინენტის აღმოჩენა იყოს. რა თქმა უნდა, ეს გადაჭარბებული შედარებაა, არასოდეს შევადარებ ჩემს კარიერას ისეთ გრანდიოზულ მოვლენას, როგორიც ახალი კონტინენტის აღმოჩენაა, თუმცა საუბარია რაღაცაზე, რაც უცნობი იყო, რისკს შეიცავდა და იმ დროისთვის შეზღუდული ცოდნის პირობებში ხდებოდა. საბოლოოდ კი, ეს გზა სრულიად ახალ და მნიშვნელოვან აღმოჩენამდე მივიდა.

ჩემი კარიერის შემთხვევაშიც მსგავსი რამ მოხდა – ისეთ მიმართულებებში გადავდგი ნაბიჯები, რომლებიც ჩემთვის ახალი და უცნობი იყო. არ ვიცოდი ზუსტად, სად მიმიყვანდა ეს გზა, მაგრამ ცნობისმოყვარეობამ და ახალი შესაძლებლობების ძიებამ საბოლოოდ მნიშვნელოვანი შედეგები და ახალი აღმოჩენები მოიტანა.

M: დაბოლოს, Spotlight-ზე რას გაიგებს აუდიტორია თქვენ შესახებ ისეთს, რაც არ ჩანს არც LinkedIn-ზე და არც სამეცნიერო სტატიებში?

შესაძლოა, ბევრს გაუკვირდეს იმის მოსმენა, რომ მიუხედავად ჩემი გამოცდილებისა, დღესაც ხშირად მგონია, რომ ძალიან ბევრი რამ არ ვიცი. რაც უფრო მეტს ვსწავლობ, მით უფრო კარგად ვაცნობიერებ, რამდენი რამ არის კიდევ შესასწავლი.

ხშირად ისეთ საქმეებს ვიწყებდი, რომლებზეც თავიდან თითქმის არაფერი ვიცოდი. ჩემი კარიერის განმავლობაში რამდენჯერმე შევიცვალე სამეცნიერო მიმართულება – მხოლოდ ცნობისმოყვარეობისა და იმის გამო, რომ არ მეშინოდა სიახლის. მოგვიანებით მეცნიერებიდან მეწარმეობაში გადავედი, მიუხედავად იმისა, რომ ბოლომდე არ ვიცოდი, რას მოიტანდა ეს გზა. ასევე დავიწყე ექიმებთან თანამშრომლობა და კლინიკურ კვლევებში ჩართვა, მაშინაც კი, როდესაც სრულად არ მესმოდა, რას მოითხოვდა ეს პროცესი. ამას ვაკეთებდი ცნობისმოყვარეობის, საჭიროებისა და ენთუზიაზმის გამო.

ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გაკვეთილი, რაც ვისწავლე, არის ის, რომ სანამ რაიმეს დაიწყებ, აუცილებელი არ არის, ყველაფერი სრულფასოვნად იცოდე.

ცოდნა ამ პროცესში მოდის. მთავარია, იყო ცნობისმოყვარე, გქონდეს სწავლის სურვილი და არ გეშინოდეს ახალი გამოწვევების.

ავტორი: მარიამ გოჩიაშვილი

ბაზისბანკი და საქართველოს უნივერსიტეტი წარმოგიდგენთ კიბერუსაფრთხოების საერთაშორისო ფესტივალს

დააზღვიე Mercedes-Benz ალდაგში და დაიბრუნე სამი თვის პრემია