როგორც იცით, CERN მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანია ფუნდამენტური ფიზიკის კვლევების მიმართულებით. თუმცა ცერნის საქმიანობის არეალი, ფიზიკის გარდა, საინჟინრო და ტექნოლოგიურ სფეროებსაც მოიაზრებს — სწორედ ამ მიმართულებით მუშაობს ინჟინერი და არქიტექტორი ალექსანდრე მელქაძე აღნიშნულ ორგანიზაციაში.
ამჟამად კი ის ჩართულია ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ექსპერიმენტის “CMS” საინჟინრო დეპარტამენტში, რომლის საქმიანობაც ექსპერიმენტის არსებული საინჟინრო ინფრასტრუქტურის და ახალი სისტემების პროექტირებას მოიცავს. უფრო კონკრეტულად, CMS ექსპერიმენტი იკვლევს ჩვენთვის დღემდე უცნობი ელემენტარული ნაწილაკების და უკვე არსებულის ახალ თვისებებს.
M: საინტერესოა, ამ დრომდე სხვა რა პროექტებზე გიმუშავია?
ცერნში მუშაობის პერიოდში პარალელურად არაერთ მნიშვნელოვან პროექტში ჩავერთე, რომელთა ნაწილი წარმატებით დასრულდა, ნაწილი კი დღესაც მიმდინარეობს. პროექტების უმრავლესობა დაკავშირებულია ექსპერიმენტის მაღალტექნოლოგიური დეტექტორების დიზაინის შექმნასა და არსებული სისტემების გაუმჯობესებასთან. მაგალითად, HGcal დეტექტორის თერმული იზოლაციის პროექტირება, ახალი კალორიმეტრის მიწისქვეშა ექსპერიმენტულ დარბაზში ტრანსპორტირება და მაღალი სიზუსტით პოზიციონირება, ახალი ნაწილაკების “ფარის” პროექტირება და ა. შ.
M: შენი აზრით, რამდენად მნიშვნელოვანია საქმე, რომელსაც აკეთებ?
თანამედროვე სამყაროში სამეცნიერო კვლევების და ფუნდამენტური მეცნიერებების მნიშვნელობასა და მის როლზე სულ უფრო მეტად ვრწმუნდებით. ეს კვლევები მჭიდრო კავშირშია საზოგადოების ისეთ მნიშვნელოვან საკითხებთან, როგორიცაა მედიცინა, ინჟინერია, ტექნოლოგიური განვითარება. ეს ის საკითხებია, რომლებიც ყოველდღიურ გავლენას ახდენს ადამიანების ცხოვრებაზე. ვინაიდან ჩემი პროფესიული საქმიანობა ამჯერად პირდაპირ კავშირშია აქტუალურ სამეცნიერო კვლევებთან, ჩემთვის დიდი გამოცდილებაა ვიყო ამ პროცესების მონაწილე.
M: როგორ ფიქრობ, რა არის ამ ყველაფრის მომავალი და თავად რა შედეგებზე გსურს გასვლა?
სამეცნიერო კვლევების პრაქტიკული შედეგები თითქმის შეუმჩნევლად გადმოდის ყოველდღიურ ცხოვრებაში. მათ მნიშვნელოვანი გავლენა აქვს ჩვენს ცხოვრებაზე, კომფორტზე, ინფორმაციის გაცვლაზე, მობილობაზე და სხვა ასპექტებზე. არსებულ რეალობაში პროგნოზების გაკეთება რთულია, რადგან არაერთი პარალელური პროცესი მიმდინარეობს და ბევრი გამოწვევაც არსებობს, თუმცა დარწმუნებული ვარ, სამეცნიერო სფეროდან ბევრ საინტერესო სიახლეს უნდა ველოდეთ.
ჩემი სამომავლო გეგმები კი ამ პროცესებში აქტიურ ჩართულობასა და პროფესიულ ზრდას უკავშირდება. თანამედროვე სამყაროს განვითარების ტემპი იმდენად ჩქარია, რომ არ იძლევა მოდუნების საშუალებას და ყოველთვის არის ახალი ინფორმაციისა თუ პროფესიული უნარების განვითარების სივრცე.
M: როგორც აღნიშნე, თანამედროვე სამყაროს განვითარების ტემპი ძალიან სწრაფია… თუმცა საინტერესოა, ამ გადმოსახედიდან, საქართველოში რამდენად ხელმისაწვდომია სამეცნიერო და ტექნოლოგიური მზარდი განვითარებისთვის საჭირო რესურსები?
ამ ეტაპზე საქართველო მსგავსი ტიპის რესურსების ნაკლებობას განიცდის… მაგრამ როგორც ვიცი, არსებობს მათ განვითარებასთან დაკავშირებული სამომავლო გეგმები. ვიმედოვნებ, ეს გეგმები რეალურ პროექტებად გარდაიქმნება და დადებითად აისახება ქვეყანაში სამეცნიერო დარგებში თანამედროვე სტანდარტების დანერგვასა და მათ ხელშეწყობაზე.
ავტორი: ქეთია ბელქანია