in

ალექს გიჯაშვილი #პირველისამსახური

ყველაფერი დაიწყო 9-თვიანი სტაჟირების პროგრამით „საქართველოს შემოსავლების სამსახურში”. ეს პერიოდი თავისებურად რთული და დატვირთული იყო: ბევრი წიგნის წაკითხვა, ბევრ პროცესში ჩაძიება და სიღრმისეულად გარკვევა მიწევდა. მთავარი გამოწვევა იყო ის, რომ მინდოდა, მაქსიმალურად სასარგებლო და ღირებულების მომტანი ვყოფილიყავი გუნდისთვის. 

საბედნიეროდ, თვითონ გუნდიც ისეთი შემხვდა, რომ ხელს მიწყობდნენ. მათ სრული ნდობა გამომიცხადეს და თავისუფლება, რაც იმ ეტაპზე ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის. ეს გახდა მოტივატორი, სტაჟირების დასრულების და სამსახურში აყვანის დღეებს არ ვითვლიდი და კონცენტირებული ვიყავი ყოველდღე, ჩემი თავის უკეთესი ვერსია ვყოფილიყავი. ამ გამოცდილების შემდეგ ამიყვანეს სამსახურში ბიზნეს ანალიტიკოსის პოზიციაზე და ჩემი ხელფასი 1600 ლარი იყო, რომელიც მაშინ საკმაოდ ნორმალურ თანხად ითვლებოდა. სიმართლე გითხრათ, რაში დავხარჯე პირველი ხელფასი, არ მახსოვს, მაგრამ დიდი მონდომება არ სჭირდებოდა ამ ჰონორარის დახარჯვას. 

რა მასწავლა პირველმა სამსახურმა? პირველ რიგში, ადამიანების მოსმენა, მათი პრაქტიკული რჩევების გათვალისწინება და, რა თქმა უნდა, ბევრი კითხვის დასმა. ეს დღემდე მომყვება. ჩემი აზრით, ყველა ადამიანი არის უნიკალური და ყოველთვის შეიძლება რაღაც ახლის აღმოჩენა. კარიერული წარმატების გზაზე მნიშვნელოვანია, რომ ადამიანს გააჩნდეს ფოკუსი და დისციპლინა. ფოკუსი მიზნის დასახვისა და ამ მიზნისკენ გადახვევების გარეშე სწრაფვის კონტექსტში, დისიპლინა საჭიროა მიზნისკენ მიმავალ გზაზე შეფერხებებთან გამკლავებისთვის. 

პირველი სამსახურიდან დღემდე პროფესია და ინტერესები მრავალჯერ შევიცვალე. ამჟამად ვარ პირველი ქართული ნეობანკი „სფეისის” ეჯაილ ტრანსფორმაციის ხელმძღვანელი, პარალელურად ვკითხულობ ლექციებს პროექტების მართვის მიმართულებით. მიუხედავად პროფესიის ცვლილებისა, პირველ სამსახურში შეძენილი გამოცდილება ხშირად მადგება ყოველდღიურ საქმიანობაში.

იმ ახალგაზრდებს, რომლებიც ახლა დგამენ პირველ ნაბიჯებს კარიერულ გზაზე, ვურჩევდი, საფუძველშივე გაიაზრონ, რომ რეალურ ცხოვრებაში ხანდახან წიგნებში წაკითხული კაზუსები არ/ვერ მუშაობს. შესაბამისად, მზად უნდა იყო პრაგმატული და პრაქტიკული გადაწყვეტილებების სამყაროში ადაპტაციისათვის. ასევე, უნდა გქონდეს მოტივაცია. მოტივაცია ერთგვარი ტრიგერია საიმისოდ, რომ „აენთო და მთები გადადგა“. ამასთან, მნიშვნელოვანია დამწყებს გააზრებული ჰქონდეს, რომ იმ გარემოში, სადაც ხვდება, შეიძლება მუშაობდნენ სუპერპროფესიონალები, რომლებისგანაც ბევრი რამის სწავლაა შესაძლებელი. ამის აღიარება და დაშვება ძალიან მნიშვნელოვანია. 

ალექს გიჯაშვილი – Agile ტრანსფორმაციის ხელმძღვანელი SPACE-ში, პროექტების მენეჯმენტის ლექტორი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და კერძო სასწავლებლებში.

როგორ გავაკეთოთ CV, რომელსაც დამსაქმებლები გვერდზე არ გადადებენ?

Citroen Ami – ნულოვანი ემისია, ხმაური და სტრესი – ელექტრომობილი საქართველოში „ავტო გალერიმ“ „ქარისთვის“ ჩამოიყვანა