ქართველი კინოოპერატორის, ალექსანდრე ჯაფარიძის, იგივე Alex Jaffar-ის გადაღებულმა ფილმმა „The Stolen Ride“ დიდი წარმატება მოიპოვა – ის energa CAMERIMAGE ფესტივალზე მიიღეს, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და პრესტიჟული ფესტივალია ამ ინდუსტრიაში. როგორც ალექსანდრე გვიყვება, ოფიციალურ მეილამდე ინფორმაცია პირველად კოლეგისგან, ტობიას ბოსეკისგან მიიღო და მისთვის ეს ამბავი მოულოდნელი, თუმცა, ამავდროულად უზომოდ სასიხარულო აღმოჩნდა.
ალექსანდრემ თინეიჯერობის ასაკიდანვე იცოდა, რომ მისი მომავალი კინოს დაუკავშირდებოდა. ცხოვრების ნახევარი გერმანიაში გაატარა და საქართველოში პერიოდულად ჩამოდიოდა ხოლმე. 2022 წლიდან ჰამბურგში გადავიდა და ახლაც იქ იმყოფება, თუმცა ამას marketer-ისთვის ხელი არ შეუშლია, რომ ახალგაზრდა ოპერატორს დავკავშირებოდით და უშუალოდ მისგან გაგვეგო წარმატებული ფილმისა და კარიერული გზის შესახებ.
M: ალექსანდრე, პირველ რიგში, მოგვიყევით თქვენი კარიერული გზის შესახებ…
ჩემი ცხოვრების თითქმის ნახევარი გერმანიაში მაქვს გატარებული და, შემიძლია ვთქვა, გერმანიამ დიდი წვლილი შეიტანა ჩემს პიროვნულ და პროფესიულ განვითარებაში. პიროვნული იმიტომ ვახსენე, რომ კინოინდუსტრია იმ პროფესიათა კატეგორიას მიეკუთვნება, სადაც არ გაქვს უფლება, დასუსტდე. „რკინის ნერვები“ უნდა გქონდეს. როგორც ფიზიკურად, ასევე მენტალურად უნდა იყო მზად, გაუძლო non stop რეჟიმში მუშაობას, ასევე ყინვასა და სიცხეში.
კონკრეტულად, ამ პროფესიის არჩევა შეგრძნებასთანაა კავშირში, ვატყობ, რომ ამის გაკეთება შემიძლია. როცა განათებას ვაყენებ და რეჟისორთან ერთად სცენას ვიზუალურად ვდგამ, ჩემი ტვინი მარტო ამ საქმეზეა კონცენტრირებული და ვერ ვგრძნობ დაღლას, სიცივეს, შიმშილს და ა.შ. მსიამოვნებს როცა ვქმნი კადრს, განსაკუთრებით მაშინ, როცა სეტი ლოგისტიკურად რთულია.
M: როგორია თქვენი ახლანდელი საქმიანობა ჰამბურგში?
ჰამბურგში 2022 წელს გადმოვედი, როდესაც ერთ-ერთმა უძლიერესმა კინოსკოლამ, Hamburg Media School-მა მიმიღო და 6 ადამიანში გამომარჩია. ამიყვანეს. მახსოვს, გასაუბრებაზე რომ მიმიწვიეს, ფული ვისესხე და 2 დღით ჩავფრინდი, რომ გამოცდა ჩამებარებინა.
შემიყვანეს სტუდიაში, სადაც ერთი საათი მქონდა სინათლის დასაყენებლად. ამ ერთ საათში ტექნიკაც უნდა ამერჩია, რითაც ვიმუშავებდი. სპეციალურად დამახვედრეს არეული Art department, ერთმანეთის გვერდით არასწორად დალაგებული მაღალი ძაბვის კაბელები და სხვა რეალური შეცდომები, რომელთა გასწორებაც დიდ დროს დამაკარგინებდა. 40 წუთში ჩავეტიე, გავანათე და მიზანსცენაც დავდგი.
Hamburg Media School-ში მოხვედრამ გამოცდილების მაღალ საფეხურზე გადამიყვანა და დიდ კონტაქტებთან გამიყვანა, როგორებიცაა ARRI, Kodak და NANLITE, Astera. ერთი წელი ფირზე ვიღებდი და რამდენიმე შავ-თეთრი ნამუშევარიც გავაკეთე. ერთი მოკლემეტრაჟიანი შავ-თეთრი ფილმი „RUDI“, რომელიც ვიზუალურად ძალიან ლამაზი გამოვიდა.
ფილმი The Stolen Ride კი ახლა პოლონეთში საკმაოდ პრესტიჟულ 32-ე საოპერატორო ფესტივალ energa CAMERIMAGE-ზე მიიღეს.

M: გვითხარით მეტი ამ ინფორმაციის შესახებ: როგორ მოხვდა ფილმი ფესტივალზე, რაზეა ის და ა.შ.
როდესაც ეს ამბავი გავიგე, თბილისში, ჩემს სახლში ვიყავი. კოლეგამ, ტობიას ბოსეკმა ოფიციალურ წერილს დაასწრო და მომილოცა. 20 კინოოპერატორს შორის ამირჩიეს, რაც ჩემთვის ბედნიერებასთან ერთად საკმაოდ დიდი პასუხისმგებლობაც არის.
ფილმის შექმნას საინტერესო ისტორია უძღვის წინ: Hamburg Media School-ს ასეთი სისტემა ჰქონდა – დრამატურგები წერდნენ სცენარს და შემდეგ ოპერატორებს, პროდუსერებსა და რეჟისორებს უგზავნიდნენ. ჩვენ უნდა მიგვეცა ხმა რომელი, გვინდოდა და რომელი – არა. მე ეს სცენარი მაშინვე დავბლოკე, რადგან გაუმართავი იყო, ხოლო ცოტა ხნის შემდეგ სამხატვრო ხელმძღვანელმა დამირეკა და მითხრა: „ალექს, ცუდი ამბავი მაქვს და უკაცრავად, სამწუხაროდ, ის სცენარი უნდა მოგცე, რომელიც არ გინდოდა“.
კამათს აზრი არ ჰქონდა. მე და რეჟისრომა, მაშა მოლენჰაუერმა დავიწყეთ მუშაობა. დიდი წვლილი მიუძღვის პროდიუსერს, შარლოტა ნოივირთს. სცენარის დახვეწაზე ორი თვე ვმუშაობდით და 14 მონახაზი გავაკეთეთ. საბოლოოდ კი, ჟანრობრივად, სოციალური დრამა ჩამოვაყალიბეთ. თემატიკა აქტუალური და მძიმეა, სადაც სკოლის მოსწავლეები ერთმანეთს სოციალურ-ეკონომიკური ფონის მიხედვით განსჯიან და მდიდრების შვილები ჩაგრავენ ღარიბი ოჯახის შვილებს. The Stolen Ride იმიტომ ჰქვია, რომ მთავარ პროტაგონისტ ალისიას თავისი ძმა დაბადების დღეზე ჩუქნის ველოსიპედს, რომელსაც იპარავს. ეს ველოსიპედი კი ალისიას თანასკოლელის აღმოჩნდება.
M: გქონდათ თუ არა მოლოდინი, რომ ფილმი energa CAMERIMAGE-ზე გავიდოდა?
სიმართლე გითხრათ, მეგონა რომ „RUDI“-ს უფრო მიიღებდნენ, რადგან ვიზუალური კონცეფცია მასში უფრო ფოტოგრაფულია. ბევრი განათებით ნამუშევარი და მილიმეტრობით გათვლილი დეტალები. უკვე მესამე წელია, რაც CAMERIMAGE-ზე სისტემატურად დავდივარ და ძალიან ძლიერ ნამუშევრებს ვხვდები. Hamburg Media School-ის კურსიდან მე ვარ წელს ის ერთადერთი, ვისი ნამუშევარიც მიიღეს. რომ არ მოგატყუოთ, არ ვიცი, კონკრეტულად რა კრიტერიუმით შეირჩა, მაგრამ მაღალ პლატფორმებზე ფილმი ფასდება ყველა პუნქტით: თემა, ინსცენირება, ვიზუალი, art department, საუნდი და ა.შ. მოკლედ რომ ვთქვა, ფილმი არის გუნდური მუშაობის შედეგი და ჩემი, როგორც ოპერატორის წარმატება, სხვა დეპარტამანტების დამსახურებაცაა.
M: რა იყო თქვენთვის საინტერესო ამ ფილმზე მუშაობისას და როგორ შეხვდით მისი წარმატების ამბავს?
2 წელი, რაც Hamburg Media School-ში ვიყავი, ჩათვალეთ, არ მეძინა და არ მქონია პირადი ცხოვრება. ამ სკოლაში მიჰაელ ბალჰაუსი ასწავლიდა (Michael Ballhaus: The Departed, Air Force One, Gangs of New York, Wild Wild West) და მისი პროგრამით გავიარე Master of Arts cinematography. RUDI-ს ფროდაქშენი ახალი დამთავრებული მქონდა, რომ ეგრევე The Stolen Ride-ზე დავიწყეთ Pre-production. საინტერესო იყო, რომ თავიდან „გავბრაზდი“ სამხატვრო ხელმძღვანელზე, რადგან უპატივცემულობად მივიღე მისი დავალება, მემუშავა სცენარზე, რომელიც დავბლოკე. მუშაობის პროცესში „შემოქმედებითი აგრესია“ მქონდა, დამემტკიცებინა, რომ გაუმართავ სცენარსაც გადავწერდით და ისე გადავიღებდი, რომ მინიმუმ მე, როგორც ავტორს უკმარისობის გრძნობა არ შემაწუხებდა.
ფილმმა უკვე 35 ფესტივალი მოიარა და საუკეთესო ფილმის ჯილდოებიც აიღო. ახლა energa CAMERIMAGE-ზე მოხვდა.

M: არის თუ არა რაიმე განსხვავებული სპეციფიკა, როცა უცხოენოვან ფილმზე მუშაობთ უცხოელ კოლეგებთან ერთად?
უცხოურ ფილმზე მუშაობა უშუალოდ უცხოურად ფიქრს ითხოვს. მეტაფორით რომ ვთქვათ, იმ ქვეყნის ქუდის დახურვას ჰგავს, სადაც ხარ. დიდი დრო ეთმობა მოსამზადებელ პერიოდს. არსებობს ვრცელი იურიდიული მხარე, რომელიც გერმანიის კანონმდებლობით გასათვალისწინებელია. მაგალითად, ის რომ მე Key Grip-ის უყურადღებობის გამო დოლიდან გადმოვვარდი, ამას, როგორც წესი, რთული შედეგები მოჰყვება, როგორც მისთვის, ასევე ჩემთვის, როგორც დეპარტამენტის ხელმძღვანელისაც, რადგან ჩემს გუნდზე, ხარისხსა და მუშაობაზე მე ვარ პასუხისმგებელი.
სხვა მხრივ, როგორც გითხარით, მე უკვე დიდი ხანია გერმანიაში ვარ, ამ ენაზე ვფიქრობ და ვლაპარაკობ, მენტალურადაც აქ ჩამოვყალიბდი. რა თქმა უნდა, ზოგჯერ ვეთანხმები და ზოგჯერ ვკამათობ კოლეგებთან, მაგრამ ეს ნორმალურია.

M: რა არის თქვენი სამომავლო კარიერული გეგმები და მიზნები?
ჩემი გეგმაა, ყოველთვის იმის ძალა მქონდეს, დავრჩე ის, ვინც ვარ. მახსოვდეს მე, როგორც ოპერატორი, ვარ ნაწილი დიდი გუნდისა და ჩემი ნამუშევრის წარმატება, ყველა დეპარტამენტის წარმატებაა. ეს მაჩვენებს გზას კარიერაში! ძალიან ბევრი წელი დამჭირდა წარმატებისთვის, მაგრამ რასაც დებ, გროვდება და სამყარო პოზიტიური სხივებივით გიბრუნებს უკან. ორი წლის წინ ჩავედი მაგისტრატურის გასავლელად, დღეს კი გარდა ნამუშევრებისა და საფესტივალო წარმატებისა, სკოლამ მომანიჭა აკადემიური წოდება – Master of Arts cinematography. ახლაც, თქვენ რომ გესაუბრებით, ARRI-დან მომწერეს, CAMERIMAGE-ზე ჩვენს სცენასთან გელოდებითო…
ავტორი: მარიამ გოჩიაშვილი














