მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები ჩვენი ცხოვრების ის ნაწილია, რომლებსაც საფუძვლიანი ცვლილებები მოყვება ხოლმე ჩვენს გზაზე. ზოგჯერ, გაუცნობიერებლად ვირჩევთ კონკრეტულ მიმართულებას. ხანდახან ახსნაც კი გვიჭირს, რატომ გვირჩევნია სწორედ ამ გეზით წასვლა და მხოლოდ მაშინ, როდესაც ეს გზაჯვარედინი დიდი ხნის გავლილია და მთლიანი სურათის აღქმის საშუალება გვეძლევა, ვამბობთ, რომ ეს მართლაც მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იყო ჩვენს ცხოვრებაში. ალექსი ჭანტურაიასთვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებებიც და მოვლენებიც Wissol-ს უკავშირდება, სადაც უკვე 21 წელია მუშაობს. სულ ცოტა ხნის წინ, „ვისოლის“ კამპანიის ფარგლებში, ალექსი ჭანტურაიამ ავტომობილი მოიგო, რამაც კომპანიასთან მისი ისტორია კიდევ უფრო საინტერესო თავგადასავლად აქცია.
„ვისოლში“ მუშაობა ისეთ დროს დავიწყე, როდესაც ქვეყანაში სრული უიმედობა იყო. წარმოიდგინეთ, პროფესიით მუშაობაზე ვინ იოცნებებდა, ჩვეულებრივი სამუშაოც რთული საპოვნელი იყო იმ გაჭირვებაში. უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ, ხან სად ვცადე მუშაობა, ხან სად – შემდეგ, რეგიონიდან თბილისში წამოვედი. აქტიურად ვეძებდი სამსახურს, რომ ოჯახს ფინანსურად დავხმარებოდი. ერთხელად, მეგობარმა მითხრა, „ახლა რომ მწვანე ავტოგასამართი სადგურები შენდება, იქვე ავტოსამრეცხაოებია და ცადეო“. კი, მაგრამ, ავტოსამრეცხაოში როგორ უნდა იმუშაოო – მკითხა სხვა ახლობელმა. რა მოხდა, გვარიშვილობას ხომ არ ჩამომართმევენ, მიჭირს და უნდა ვიმუშაო მეთქი, რომ ვუპასუხე, გამოძებნა ნაცნობი და ასე აღმოვჩნდი „ვისოლში“, მაშინ „კანარგო სტანდარტ ოილი“ ერქვა. ძალიან გამიმართლა მენეჯერებში. ჩემი ხელმძღვანელი, გელა კანდელაკი შვილივით მეპყრობოდა და მენდობოდა. ერთხელაც მითხრა, სხვა ავტოგასამართ სადგურზე ოპერატორს ვეძებ და სანდო ადამიანი მინდა, იქნებ, გადმოხვიდეო. დავთანხმდი და როგორც აღმოჩნდა, სწორადაც მოვიქეცი – ეტაპობრივად, ჯერ ცვლის უფროსი გავხდი, შემდეგ – მენეჯერის მოადგილე.
მკითხეთ, ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება რა მიგიღიაო და ის პერიოდი გამახსენდა, როცა „ვისოლმა“ სატრენინგო ცენტრის ჩამოყალიბება და ინსტრუქტორების მასშტაბური რამდენიმეეტაპიანი შერჩევა დაიწყო. მაქსიმალურად ცდილობდნენ სწორად შეერჩიათ კანდიდატებია, ამიტომ საკმაოდ რთული ეტაპები იყო გასავლელი. გასაუბრებაში მეც მივიღე მონაწილეობა, თუმცა იმედი არც კი მქონდა, რომ ამიყვანდნენ. მახსოვს, როგორ მკითხეს – რატომ დაინტერესდი ინსტრუქტორობითო. ვუპასუხე – ვგრძნობ, მეტი შემიძლია და შესაბამისი შესაძლებლობა მჭირდება მეთქი. მართლა ეგრე ვგრძნობდი, ბევრად მეტი შემეძლო და მინდოდა მეკეთებინა. მახსოვს, სამსახურში ვიყავი, ჩემი ხელმძღვანელი რომ მოვიდა და მითხრა, ტელეფონზე გირეკავენ, შენთან საუბარი სურთო. მამცნეს – როგორც კი მორჩები ცვლას, მოდი და ხელშეკრულებას მოაწერე ხელიო. ისეთი მოულოდნელი იყო, დაჯერებაც მიჭირდა. ჩემს ცხოვრებაში სრულიად ახალი ეტაპი დაიწყო და შერჩეული კანდიდატების გადამზადებაში ჩავერთე. გვასწავლიდნენ, როგორ უნდა გვესწავლებინა და როგორ წარგვემართა იდეალურად მთელი სასწავლო პროცესი, რათა სხვა თანამშრომლებისთვის გადაგვეცა ცოდნა.
უკვე 21 წელია, რაც „ვისოლში“ ვარ. ჩემი ცხოვრების არაერთი მნიშვნელოვანი ემოცია სწორედ მას უკავშირდება. „ვისოლში“ ვიყავი, როცა ქუთაისში მივლინებით წასულმა გავიგე, რომ დიდხნიანი მოლოდინის შემდეგ, მამა გავხდებოდი. ახლაც, ავტომობილის მოგების წარმოუდგენელი ემოცია „ვისოლში“ მეწვია.
ეს იყო ალექსი ჭანტურაიას გზა. ამ რუბრიკის ფარგლებში, კიდევ არაერთხელ გაგაცნობთ ადამიანების მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებებისა და ცხოვრებისეული მოვლენების შესახებ, მანამდე კი, რა გზასაც არ უნდა ირჩევდეთ, კეთილი მგზავრობა.