in

ალექსანდრე ჯაფარიძემ ÉCU – The European Independent Film Festival-ზე საუკეთესო კინოოპერატორის ჯილდო მოიპოვა!


ქართველი კინოოპერატორი ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული კინოფესტივალის ÉCU – The European Independent Film Festival-ის გამარჯვებული გახდა კატეგორიაში Best Cinematography!

ევროპის დამოუკიდებელი კინოს ფესტივალი მსოფლიოში საუკეთესო კინორეჟისორების აღმოჩენას ისახავს მიზნად. ფესტივალი ყოველწლიურად ტარდება და გვაჩვენებს ფილმებს, რომლებიც ხარისხით, შემოქმედებითა და ინოვაციურობით გამოირჩევა. წელს კი მათ შორის RUDI აღმოჩნდა, რომელსაც ალექსანდრე შემდეგნაირად გვაცნობს და დეტალებსაც გვიმხელს კამერის კონცეფციის შესახებ:

RUDI მოკლემეტრაჟიანი შავ-თეთრი ფილმია, ჟანრი ფენტეზი, დიალოგის გარეშე, რაც მეტ დატვირთვას აძლევს გამოსახულებას. მარტოხელა ხანში შესულ კაცზეა, რომელთანაც სახლში ახალი მეზობელი გადმოვა. მის წარმოდგენაში ეს მეზობელი ლამაზი ქალია, მაგრამ რეალობა სულ სხვანაირად ვითარდება…

კამერის კონცეფციის იდეა სცენარის წაკითხვის შემდეგ გამიჩნდა და ორი თვე შესაფერის ლოკაციას ვეძებდით. რახან შავ-თეთრად უნდა გადაგვეღო, ლოკაცია, მხატვრობა და კოსტიუმიც შესაბამისად ისე უნდა შეგვერჩია, რომ შავის და თეთრის შეხამება ძლიერი ყოფილიყო. კამერაც შავ-თეთრი იყო — ARRI Alexa XT Monochrome, კოლეგები გაიგებენ ამ სახელს. თავიდან სინემასკოპის (ფართოკუთხიანი გამოსახულება) გადაღებას ვაპირებდი, 2.39:1, მაგრამ ბინა რომ ვიპოვეთ, მივხვდი, რომ ძველი აკადემიური გამოსახულება 1.66:1 აჯობებდა, რადგან ბინას მაღალი ჭერი ჰქონდა და ოთახებიც სიგანეში კი არა, უფრო სიმაღლეში იყო დიდი.

ასე ფილმი ჟიურის ერთ-ერთი რჩეული გახდა, ჟიურის, რომლის წევრებიც მთელი მსოფლიოდან იკრიბებიან და ერთი სურვილი აერთიანებთ, აჩვენონ ფილმები, რომლებიც დამსწრეებს შთაბეჭდილების ქვეშ დატოვებს და შთააგონებს. ეს და სხვა მახასიათებლები 14 კატეგორიაში ფასდება და მონაწილეები სულ 25 ჯილდოსთვის იბრძვიან. მათგან ერთი უკვე ალექსანდრე ჯაფარიძეს ეკუთვნის, რომელიც ფსევდონიმით Alex Jaffar-ით არის ცნობილი.

ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ არ ვიცნობდი ჟიურის წევრებს და, შესაბამისად, უამრავ ადამიანში მე მომცეს საუკეთესო ოპერატორის ჯილდო. მიმაჩნია, ასეთი გამარჯვება, გულწრფელია. გამარჯვებას თავისთავად დიდი მნიშვნელობა აქვს ოპერატორისთვის და საერთოდ ყველასთვის — ნიშნავს, რომ დაგინახეს, დაგაფასეს, შენს კარიერას და სახელს კიდევ ერთი პუნქტი დაემატა, — გვეუბნება ალექსანდრე. 

RUDI ორი წლის წინ ჰამბურგში გადაიღო და დღემდე გაუჩერებლად მოგზაურობს ფესტივალებზე. თუმცა ალექსანდრე ჯაფარიძეზე საუბრისას აუცილებლად უნდა ვახსენოთ მისი კიდევ ერთი ნამუშევარი The Stolen Ride, რომლითაც 2024 წლის ნოემბერში პოლონეთში A კლასის საერთაშორისო საოპერატორო ფესტივალზე CAMERIMAGE-ზე იყო მიწვეული — ძალიან მაგარია, როდესაც შენს ფილმს უყურებენ ისეთი ოპერატორები, როგორებიცაა, რობი რაიანი ან ლოურენს შერი, ოპერატორი, რომელმაც ჯოკერი გადაიღო.

 

ავტორი: მაკუნა ჯუღელი


ხელოვნური ინტელექტი და გაფართოებული რეალობა ერთ სივრცეში: BTU-ს ახალ კამპუსში XR LAB დაფუძნდა

შეაბიჯე თამაშში – ისე, როგორც არასდროს Hisense-თან ერთად