in

აი, ეს კაცი აგვარებს, რომ ყველა ბედნიერი იყოს – ამბავი ალექს ჩიქოვანზე

LEGO-დან სილიკონ ველიმდე. სილიკონ ველიდან ქართულ კრეატიულ ინდუსტრიამდე.

– ალექს, შენმა თანაგუნდელებმა მითხრეს, უმოკლეს დროში, სტაჟიორიდან უფროსი ექაუნთ მენეჯერი გახდაო.

– სამი თვის მისული ვიყავი, საქართველოს ბანკის ექაუნთი რომ ჩამაბარეს… დღემდე მაქვს განცდა, თითქოს, ახლა დავიწყე. არასდროს არაფერი მეორდება, რომ ვთქვა, ყველაფერი ნანახი მაქვსო.

22 წლის იყო, სილიკონ ველიდან დაბრუნებულმა ალექს ჩიქოვანმა JWT Metro-ში პირველად რომ შეაბიჯა. ახალი შესაძლებლობების მაძიებელს, საცდელად ჯუნიორ ექაუნთის პოზიციაზე შესთავაზეს სტაჟირება. გუნდი და სარეკლამო ინდუსტრია იმდენად მოეწონა, რომ კალიფორნიაში დასახული მიზანი, ემუშავა მარკეტინგის მენეჯერად, მალევე დათმო და სააგენტოს ცხოვრებაში გადაეშვა. სამი თვის შემდეგ, უკანმოუხედავად მიანდეს ერთ-ერთ ყველაზე დიდ დამკვეთთან ურთიერთობა და მას შემდეგ, უკვე ხუთი წელია, JWT Metro (თანაგუნდელების თქმით) ალექს ჩიქოვანით სულდგმულობს. 2019 წლის კანის ადგილობრივ ახალგაზრდულ კონკურსზე Digital კატეგორიაში, ალექს ჩიქოვანმა, მეწყვილესთან, ნუცა ტოგონიძესთან ერთად, ვერცხლის მედალი მოიპოვა. მის, როგორც უფროსი ექაუნთ მენეჯერის ხელში ასობით პროექტმა გაიარა, მათ შორის იმ კამპანიების მნიშვნელოვანმა ნაწილმა, სიამოვნებით რომ ადევნებთ ხოლმე თვალს.

როგორც სინიორ ექაუნთ მენეჯერს, ალექსს სააგენტოსა და დამკვეთს შორის კომუნიკაცია აბარია. ზრუნავს, რომ ორივე მხარე ბედნიერი იყოს – გუნდმაც აკეთოს საქმე, რომელიც უყვარს და ისე აკეთოს, როგორც უყვარს, ხოლო დამკვეთი იმაზე კმაყოფილი იყოს, ვიდრე მოელოდა. ეს ცოტათი იმ თამაშს ჰგავს, ბავშვობაში რომ ირთობდა თავს – ინდიელებისა და კოვბოების ასაწყობი ნაკრებისგან მოწინააღმდეგე ბანაკებს რომ ქმნიდა და შემდეგ, მათ შორის სცენებს ალაგებდა. სიახლის ინტერესს ყოველ ჯერზე განსხვავებული სცენის გათამაშებისკენ მიჰყავდა:

„ძალიან არ მომწონდა LEGO-თი ისეთი რაღაცების აწყობა, რაც კატალოგში იყო მოცემული. ვცდილობდი, ჩემით ამეწყო რაღაც სხვა, მაგალითად, ხომალდი, რომელშიც ხომალდს მხოლოდ მე ვხედავდი. უბრალოდ, მინდოდა ჩემებურად დალაგება და შემდეგ იმის ნახვა, გამოვა თუ არა.“

პატარაობიდან, ცნობისწადილი მუდმივად ახლის ცდისა და სწავლისაკენ უბიძგებდა:

„სწავლა ჩემთვის ყოველთვის წმინდა ცნება იყო. ბავშვობიდან ვაფასებდი, რამდენს შრომობდნენ ჩემი მშობლები იმისთვის, რომ მე მქონოდა განათლების მიღების საშუალება, დავკავებულიყავი იმ სპორტით, რაც მაინტერესებდა – თხილამურები, ჩოგბურთი, ცურვა თუ სხვა. სპორტში მონაწილეობა ბევრად მიზიდავდა, ვიდრე სხვების ყურება. მშობლები დამეხმარნენ გამეცნობიერებინა, რომ კარგად სწავლა არ ნიშნავს გართობაზე ან ჰობიზე უარის თქმას. მაქსიმალურად მიწყობდნენ ხელს.“

ბავშვებს ხშირად ეკითხებიან, ვინ სურთ გამოვიდნენ, როცა გაიზრდებიან. ალექსს ამ კითხვაზე პასუხი არ ჰქონდა, სამაგიეროდ, ზუსტად იცოდა, ვინ არ გამოვიდოდა: 

„დედაჩემი ექიმია, მამაჩემი – არქიტექტორი. 90-იანებში ორივე საკმაოდ რთული სფერო იყო სამუშაოდ. მამა არქიტექტორადაც მუშაობდა და სხვა რაღაცებსაც უთავსებდა, ასევე იყო დედაც. ამან ჩამომიყალიბა ასეთი აზრი – არ ვიცი ვინ გამოვალ, რომ გავიზრდები, მაგრამ ზუსტად ვიცი, ექიმი და არქიტექტორი არ ვიქნები მეთქი. შემდეგ გავაცნობიერე, ადამიანს თუ უყვარს თავისი საქმე, შრომა არასოდესაა პრობლემა. დღემდე, ორივე წარმატებით მუშაობს თავისი პროფესიით და იმ მძიმე შრომას საქმისადმი მათი სიყვარულისთვის არაფერი დაუკლია. საბოლოო ჯამში, მეც ასე მინდა ვიყო და ჯერჯერობით, გამომდის.“

„ამერიკა დიდია, სერ!“ – ანუ სამყარო 12 სასაათო სარტყლის დაშორებით

პროფესიული არჩევანი ორად გაიყო – შეეძლო ჩაებარებინა საქართველოში ან ამერიკაში გამგზავრებულიყო. გერმანული სკოლის მოსწავლეს ერთ წელიწადში მოუხდა ინგლისურის საგამოცდო დონეზე სწავლა და TOEFL-ის ტესტისთვის მომზადება. საბოლოოდ, ორივეგან მიიღეს – თავისუფალ უნივერსიტეტშიც და კალიფორნიულ კოლეჯშიც. მეორე ამჯობინა.

„კოლეჯი ძალიან კარგი საშუალებაა – შეგიძლია აირჩიო მეიჯორ საგნები ერთი მიმართულებით და შემდეგ, აიღო ნებისმიერი შენთვის საინტერესო საგანი. ორი წელი გაქვს, გაერკვიო სხვადასხვა კუთხით სად რა ხდება და სანამ უნივერსიტეტში გადახვალ, გააზრებული გაქვს, რისი კეთება გინდა ცხოვრებაში.

ამერიკაში მივხვდი, რომ მარკეტინგი მაინტერესებდა. ეს სფერო ორივე მხარეს იყურება: გარეთ – ვის რა სჭირდება, რა აწუხებს და როგორ შეიძლება მისი პრობლემის მოგვარება და ეს ყველაფერი შემოაქვს შიგნით და ალაგებს იმას, რაც გარეთ გაიგო. როგორ უნდა შეიცვალოს ბრენდი, პროდუქტი და გახდეს ისეთი, როგორიც სჭირდება ხალხს.“

#პირველისამსახური

კალიფორნიაში, უნივერსიტეტის დასრულებამდე, 2 წლის მანძილზე შემეძლო მემუშავა. პირველი სამსახური იყო IVF კლინიკა, ხელოვნური განაყოფიერების ლაბორატორია. საკმაოდ საინტერესო პერიოდში მოვხვდი კლინიკაში – ქაღალდიდან ყველაფერი გაციფრულების რეჟიმში გადადიოდა. მარკეტინგის დეპარტამენტში ვმუშაობდი. მთელ დღეებს მოძიებასა და ანალიზში ვატარებდი. ყველა კონკურენტზე უნდა მომეძიებინა მონაცემები და შემექმნა ბაზა, როგორც სერვისებსა და ფასებზე, ასევე იმ ექიმებზე, რომლებიც იქ მუშაობდნენ. ამას გარდა, უნდა მომეფიქრებინა, როგორ შეგვექმნა რეპუტაცია ამ ექიმებთან ისე, რომ მათ ჩვენთან პაციენტები გამოეგზავნათ. საკმაოდ რთულია „დაუმტკიცო“, რომ საუკეთესო ხარ – უნდა იცოდე, ვის, რაზე და როგორ ელაპარაკო, რა საჭიროებები აქვთ და თვალი ადევნო, რომ არაფერი გამოგრჩეს ან არასწორად არ მიუდგე ვინმეს. მით უმეტეს, როცა საქმე გაქვს დაკავებულ ადამიანებთან და თუკი, სასაუბროდ ორი წუთი ჩაგივარდა ხელში, ზუსტად უნდა იცოდე იმ ორ წუთში რა უნდა უთხრა ან ერთი მეილის საშუალებით გიწევდეს აუხსნა, რატომ უნდა აგირჩიონ შენ.

ინგლისურენოვანი სამედიცინო სფერო ადამიანისთვის, ვინც სხვა პროფესიას ითვისებს, საკმაოდ რთული იყო. ინფორმაციის შეგროვება, დალაგება და აზრის გამოტანა, ვფიქრობ, ყველა მარკეტერს უნდა შეეძლოს. მაგრამ მნიშვნელოვანია რამდენად გესმის, რა ინფორმაციას ამუშავებ. ეს რომ დალაგდა, ბევრად სასიამოვნო გახდა საქმე.

სწავლასთან მუშაობის შეთავსებაც საკმაოდ დროის კარგ მენეჯმენტს მოითხოვს, რადგან ვერცერთს მოაკლებ ძალისხმევას.

ალექსი სილიკონ ველიში

„სილიკონ ველიში რომ ცხოვრობ ადამიანი, ბუნებრივია, გაინტერესებდეს, რა ხდება ტექ კომპანიებში. დიდი მნიშვნელობა აქვს, საიდან მოხვდება შენი CV დამსაქმებელთან. ინტერვიუმდე მისვლა ყველაზე რთული ნაწილია – ან პროფესიონალმა უნდა გაგიწიოს რეკომენდაცია და ან თავად უნდა გქონდეს საინტერესო გამოცდილება, რითაც შენს რეზიუმეს წაკითხვისთანავე არ მოისვრიან გვერდზე. ამ კუთხით, ძალიან გამიმართლა ცხოვრებაში – ყოველთვის მყავდა ადამიანი, რომელიც ურჩევდა ჩემს თავს და სჯეროდა, რომ ამით თავის რეპუტაციას არ დააზარალებდა. ინტერვიუზე ბიძაჩემის რეკომენდაციით მოვხვდი. მართალია, რეკომენდატორი რომ გყავს, გასაუბრებაზე მოხვედრის ალბათობა ბევრად იზრდება, თუმცა, შემდეგ ყველაფერი ინტერვიუზეა დამოკიდებული (რაც დასწავლადია).“

M: შენი დაკვირვებით, აშშ-ში რას აქცევდნენ ყურადღებას თანამშრომლის შერჩევისას?

„ამერიკაში არ აქცევენ ყურადღებას მხოლოდ აკადემიურ მოსწრებას. მნიშვნელობას ანიჭებენ რეალურ ცხოვრებისეულ გამოცდილებასაც – რა გაგიკეთებია ცხოვრებაში, რამდენად მონდომებული ხარ და რისი გაკეთების შესაძლებლობა გაქვს. ვფიქრობ, თუკი დაამტკიცებ, რომ საუკეთესო ვარიანტი ხარ კონკრეტული პოზიციისთვის, სამსახურში ნებისმიერ ქვეყანაში აგიყვანენ. თუმცა, უნივერსიტეტის სახელსაც აქვს წონა. მაგალითად, ერთი და იგივე პროფესორები შეიძლება ასწავლიდნენ უფრო ძვირადღირებულ და უფრო ნაკლებფასიან სასწავლებლებში – ასეთ დროს ხომ განათლების დონე ერთნაირია, მაგრამ უნივერსიტეტების სახელი და რეპუტაცია – სხვადასხვა.“

გასაუბრებისას, გაყიდვებისა და მარკეტინგის დეპარტამენტებში მუშაობის შეთავსება შესთავაზეს. ენთუზიაზმით დათანხმდა. დროს ისე ანაწილებდა, რომ ყველაფერი მოესწრო: „ძალიან საინტერესოა კომპანიის გაშიფვრა – ვინაა ის ხალხი, ვისაც შეიძლება დაელაპარაკო და როგორ მოხვდე იმ ხალხთან, რომ შენი პროდუქტი მიყიდო.“

M: როგორ გეგმავდით გაყიდვებისა და მარკეტინგის პროცესს სილიკონ ველის სტარტაპში?

aMind Solutions-ს ჰქონდა სოფტი, რომელიც ძველ პროგრამებს ედებოდა თავზე და მომხმარებლისთვის უფრო მეტად მოსახერხებელს ხდიდა. მომხმარებლის მოსაზიდად, ყველას რომ ერთი და იგივე მეილი გაუგზავნო, არავინ ნახავს, რადგან ეგეთი უამრავი მისდის. ამიტომ, უნდა იპოვო ადამიანი, რომელიც შენი პროდუქტის ყიდვა-არყიდვის საკითხს წყვეტს და შემდეგ, მასთან მისასვლელი ეფექტური გზა მოძებნო. აი, მანდ იწყება „თამაში“ – მაგალითად, LinkedIn-ზე უნდა იპოვო კავშირები, რომელთა ხელითაც მიაწვდი შენს ინფორმაციას. ან, სულ მცირე, მოძებნო საუბრის ისეთი ხელჩასაჭიდი, როგორიცაა „აი, იმ ადამიანმა მითხრა, რომ ეს დაგაინტერესებდათ და“… მთელი თამაშია, რამდენად სწორ კონტაქტებს იპოვნი. მეილების მთელი ინფრასტრუქტურაა შექმნილი – რა უნდა იყოს პირველი წერილი, რამდენ ხანში უნდა გაუგზავნო მეორე წერილი, როგორ უნდა მოიქცე თუ არ გიპასუხა პირველზე… და მთელი ეს პროცესი როგორ მიდის ზარამდე ან შეხვედრამდე.

მეორე მხარეს იყო მარკეტინგის დეპარტამენტი. მათთან ერთად ნაყიდ ან მოძიებულ ბაზებს ვამუშავებდი, რაც ძალიან შრომატევადი საქმეა. ტექ სამყაროსთან შეხება საინტერესო საქმეა, ძალიან სწრაფად ვითარდება. იქ მუშაობისას გავერკვიე, ვინ რას აკეთებდა, როგორ მუშაობდა. ამერიკაში რომ დავრჩენილიყავი, ალბათ, მაგ ინდუსტრიაში გავაგრძელებდი მუშაობას.

M: JWT Metro-ში ჯუნიორიდან სინიორ ექაუნთობამდე ასე მალე როგორ მიხვედი?

როდესაც JWT Metro-ში მოვედი, ნიკა ბოჭორიშვილმა წინასწარვე შემამზადა ბევრი საქმისთვის – რამდენადაც საინტერესო სფეროა, იმდენად მომთხოვნია, მაგრამ ყოველთვის გვერდში გედგებითო. რა მომენტშიც ჩათვლი, რომ აღარ გაინტერესებს, ეგეც არ იქნება პრობლემაო. დავიწყე. ვიცოდი, არავინ დამიქნევდა თითს, შეცდომების გამო და მექნებოდა მხარდაჭერა. სამი თვის განმავლობაში, ვხედავდი, როგორ ეხმარებოდნენ გუნდში ერთმანეთს, დაუზარლად ასწავლიდნენ და უზიარებდნენ ყველაფერს, მივხვდი, საჩემო ადგილი იყო. დავრჩი.

ძალიან დიდი კომფორტია გუნდის მხარდაჭერა და საქმისადმი თავდადება. ეს დამოკიდებულება არის იმ ყველაზე მნიშვნელოვანთაგანი, რის გამოც აქ ვარ ხუთი წელია. ესაა ერთი ოჯახი. ამ ადამიანებს თავიანთი საქმე თავდაუზოგავად უყვართ. ყოველ ჯერზე, უფრო მეტს აკეთებენ, ვიდრე მე. ვფიქრობ, ასეთ ადამიანებში ყოფნა, ასეთ საინტერესო სფეროში მუშაობა ძალიან საამაყო და კომფორტულია, კონკურენციაშიც კი ისეთ ადამიანებთან რომ ხარ, ვისაც პატივს სცემ. მაქვს ფუფუნება, რუტინული მომაბეზრებელი საქმის ნაცვლად, ვაკეთო ის, რაც მომწონს, ისეთ ხალხთან ერთად, ვინც მომწონს.

საკმაოდ მალე, საქართველოს ბანკის ექაუნთი მომანდეს და მას შემდეგ, BOG-ს დავფოფინებ. ეს არის ისეთი დამკვეთი, რომელთანაც ძალიან საინტერესოა მუშაობა – ყოველთვის ვახერხებთ ერთ ხაზზე დადგომას, შედეგიც კარგია და სამუშაო პროცესიც – სასიამოვნო.

M: რითაა საინტერესო ექაუნთ მენეჯერის საქმე?

ეს საქმე ითხოვს, ცოტ-ცოტა ყველა საქმეში ერკვეოდე. თუ არ იცი, მექანიზმი როგორ მუშაობს, რთული იქნება სწორად განსაზღვრო ენერგია, დრო და ბიუჯეტი. საბედნიეროდ, მაინტერესებს კიდეც. თანაც, არასოდეს მქონია შეზღუდვა, ჩართული ვყოფილიყავი სხვა საქმეებშიც, რაც კი დამაინტერესებდა. დღემდე, დრო თუკი მაქვს, შემიძლია შევუერთდე ნებისმიერ პროცესს. მაგალითად, მქონდა ბედნიერება და სტრატეგი ლადო მალაზონია რომ მუშაობდა თავის საქმეზე, მეც მივეკედლე – ვუთხარი, მაინტერესებს და შენთან ერთად ვიმუშავებ, რაც გინდა დამავალე, გავაკეთებ, შემისწორე და ვისწავლი მეთქი. არავის არასოდეს უთქვამს ამაზე უარი. კრეატივის მხარესაც ბევრჯერ ყოფილა, ბრიფით დავინტერესებულვარ და ჩემი იდეაც მითქვამს. ყველაზე ძალიან ვაფასებ, რომ ჩემზე ბევრად გამოცდილ ხალხს არ დაზარებია ცოდნის გაზიარება და არ უთქვამს “მოიცა, კაცო, სად მცალია ახლა მაგისთვის“…

M: შენზე მითხრეს, ხმის რეჟისურა აითვისაო…

ხმის რეჟისურა ხმამაღალი ნათქვამია. ხმის რეჟისორია ბესო კაჭარავა. მე, უბრალოდ, ცოტა აუდიო-ვიდეო მონტაჟი ვიცი. როცა რაღაც საჩქაროდაა გასაკეთებელი და ყველა დაკავებულია, ვცდილობ თავად გავაკეთო, პროექტი რომ არ დაზარალდეს. საკუთარი თავის გამოწვევაა, მაინტერესებს ხოლმე, როგორ გამომივა.

M: რა უნდა შეეძლოს კარგ ექაუნთ მენეჯერს?

ძალიან დიდი მოთმინება. ყველანაირი ხასიათისა და გამოცდილების ადამიანი შეგხვდება. ცხოვრების რაღაც მომენტში ყველანაირად დაღლილი იქნები და მაინც უნდა გეყოს მოთმინება, „დააპაუზო“, საღი გონებით დაალაგო ყველაფერი, ვინ რას გეუბნება, შენ რას ფიქრობ და პასუხი ყველას მშვიდად გასცე.

თუმცა, არ მიყვარს, ადამიანი ისეთ საკითხში რომ ერევა, რაშიც ვერ ერკვევა. ძალიან არ მიყვარს, როცა ადამიანები დაუფიქრებლად კამათობენ ისეთ საკითხებზე, რომელსაც არ იცნობენ.

ასევე, მნიშვნელოვანია ცნობისმოყვარეობა. ბევრ სხვადასხვა სფეროს ეხები და თუ არ გაინტერესებს გაერკვიო ინდუსტრიის ან პროდუქტის მექანიზმში, როგორ უნდა გამოგივიდეს?

როცა ექაუნთი ხარ, შეგიძლია იმდენ პროექტზე იმუშაო, რამდენიც გინდა. უბრალოდ, უნდა აიღო ზუსტად იმდენი პროექტი, რამდენის ბოლომდე და სრულყოფილად მიყვანასაც შეძლებ. სჯობს აიღო, რამდენსაც გაუმკლავდები, ვიდრე შემდეგ სხვისი გამოსასწორებელი იყოს შენი საქმე.

M: შენი გუნდის ნამუშევრებიდან, რომელ პროექტებს გამოარჩევდი? 

სირთულის მიხედვით, პირველ სიქრეთ სანტას. პროექტის ფარგლებში, რედბერისთან ვთანამშრომლობდით. პროექტი, დაახლოებით, სამი თვის განმავლობაში გრძელდებოდა და ყოველდღიურად ახალი პრობლემა იჩენდა თავს. ძალიან ბევრი კომპონენტისგან შედგებოდა – დიდი და პატარა ვიდეორგოლების გადაღება, ვებგვერდი, რომელიც ადამიანებს ერთმანეთთან დააკავშირებდა, გააცნობდა ინტერესებს, საჩუქრის გაგზავნისა და მიღების საშუალებას მისცემდა… ამ სამი თვის განმავლობაში, აი, თავი ვურტყით ყველაფერს და მაინც გამოვიყვანეთ.  ამ პროცესში გამოჩნდა, რამდენად უყვართ ადამიანებს თავიანთი საქმე, როგორ იყო ყველა ჩართული ამ პროექტის შექმნასა და გამართვაში.

როცა საქმე გამოდის, გეუფლება სიამაყის გრძნობა, რომ ის ყველა გადაჭრილი პრობლემა, გათენებული ღამე, კამათი თუ დაძაბულობა ღირდა იმისთვის, რომ ეს ასე გამოსულიყო და შენც ამ ყველაფრის ნაწილი ხარ.

ბოლოდროინდელი ნამუშევრებიდან ძალიან მომწონს #არგაჩერდე და „შინაგანი ბავშვი“. ძალიან ვამაყობ ამ კამპანიებში რომ მივიღე მონაწილეობა. ეს ვიდეორგოლები კარგი მაგალითია, თუ როგორ შეიძლება კამპანია იყოს ეფექტურიც და კრეატიულიც.

ძალიან კარგი კამპანია იყო Make the politicians work, როგორ გააკეთებინა სააგენტომ მთავრობას გზები. გაფუჭებულ გზებზე ორმოებს პოლიტიკოსების სახეებს ახატავდნენ და შემდეგ, მთავრობას უწევდა მისულიყო და გადაეგო გზები.

Geico Unskippable Ads – ჩემთვის პირველი ნათელი მაგალითი იყო, თუ რას ნიშნავს მედიის სპეციფიკური მახასიათებლის კარგად გამოყენება.

John Lewis – Man On The Moon – თვალზე ცრემლი რომ მოგადგება, ეგეთია.

It’s a Tide ad – უბრალოდ, გენიალურია.

Like a girl –  მარტივადაა ახსნილი ბევრი ადამიანისთვის სტერეოტიპული თემა.

M: საინტერესოა, რომ ასეთი კამპანიების არსებობის პარალელურად, ადამიანების ნაწილი მაინც ამბობს, რომ რეკლამა მათზე „არ მუშაობს“…

ისინი, ვინც ამბობს, რომ რეკლამა არ მუშაობს, არიან ადამიანები, რომლებიც არ დაფიქრებულან, მაღაზიაში შესვლისას პროდუქტებს რა პრინციპით ყიდულობენ. რეკლამა მუშაობს, ცნობიერად ან ქვეცნობიერად და იმის თქმა, თითქოს რეკლამა არაეფექტურია, რეალობას მოკლებულია – იმის მიუხედავად, რომ ზუსტად ვიცი, რა მექანიზმით იქმნება რეკლამა, ჩემზეც მუშაობს. კარგია თუ არა რეკლამა დამოკიდებულია იმაზე, რამდენად კარგადაა ნაპოვნი ინსაითი, როგორია ორგანიზება, შესრულება. ასევე, არსებობენ ადამიანები, რომლებსაც არ აინტერესებთ ეს პრინციპი – რეკლამაში ჩადებული ინვესტიციის ეფექტურობას მისგან მიღებული გაყიდვების მოცულობით ზომავენ და ამის საფუძველზე ასკვნიან, რომ არ გაამართლა.

M: მეორე მხრივ, კრეატიულ ინდუსტრიაში მომუშავე ადამიანებისთვის საინტერესოა შეფასება, რამდენად მნიშვნელოვანია საერთაშორისო ფესტივალების ჯილდოები სააგენტოსთვის…

ცოტა უცნაურია ვთქვათ, რომ ჯილდოს მნიშვნელობა არ აქვს, როდესაც ყოველწლიურად, კანის ფესტივალზე ასობით ნამუშევარი შედის და ფასდება. ამდენი ნამუშევრიდან გამორჩეულ ნამუშევარზე რომ ვინმემ თქვას, რა უპირატესობა აქვსო, გაუგებარია. ეს სააგენტოს დამსახურების ერთ-ერთი განმსაზღვრელი ნამდვილად არის. მეორე მხრივ, მარტივად შეიძლება სააგენტოს ნამუშევრების ნახვა და ეფექტიანობის ამ საფუძველზე განსაზღვრა. თუკი სააგენტო ფესტივალებზე არ ყოფილა წარმოდგენილი, სულაც არ ნიშნავს, რომ ის ცუდ ნამუშევრებს ქმნის. მაინც წარმომიდგენია – ყველა ნაშრომს იმ იდით უნდა ვქმნიდეთ, ფესტივალზე გატანა რომ არ მოგვერიდება.

M: სააგენტოში რომ არ მუშაობდე, რას გააკეთებდი?

ალბათ, დამკვეთის მხარეს ვიმუშავებდი, გეიმინგ მარკეტინგში. ისეთ კომპანიაში, რომელიც საოცარ ისტორიებს ქმნის, შთამბეჭდავი ვიზუალით. მაგალითად, ბავშვობაში ძალიან მომწონდა Warcraft-ისა და World of Warcraft-ის ანიმაციები. მაშინ 3D ახალი ხილი იყო და როცა World of Warcraft-ის ანიმაცია ვნახე, დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე. რეალურად, მათი პროდუქტი თამაშია და მოვიხიბლე, ასე რომ დაიხარჯნენ და Cinematic-ის საშუალებით გამოხატეს თავიანთი თამაში. ჩემი ბავშვობის შემდეგ, ამდენი წლის მანძილზე, კიდევ უფრო საინტერესო გახდა და ელექტრონულ სპორტად გადაიქცა.

საინტერესოა ტექ კომპანიებში საქმიანობაც. ბუნებრივია, არავინ იტყვის უარს Apple-სა და Google-ში მოხვედრაზე, თუმცა, ვფიქრობ, წარმოუდგენლად მაგარი იქნება სილიკონ ველის სტარტაპ კომპანიებში მუშაობა. ახლა რომ იწყებენ ნაბიჯების გადადგმას, თან საინტერესო რესურსები უკვე აქვთ და ამავდროულად, საკუთარ გზას მიიკვლევენ.

 

 

ავტორი: თამარ მეფარიშვილი

მალე პირველი ხელოვანი ჰუმანოიდი რობოტის ავტოპორტრეტების გამოფენა გაიმართება

რა შეცვალა პანდემიამ მომხმარებლის მოლოდინებსა და გამოცდილებაში