ცოტა ხნის წინ Amazon-მა თავისი ხმოვანი ასისტენტი Alexa განაახლა – ეს მას შემდეგ მოხდა, რაც მან 10 წლის გოგონა სახიფათო გამოწვევის წინაშე დააყენა. “ნახევრად შეაერთეთ თქვენი მობილურის დამტენი როზეტში, დარჩენილ ნაწილს კი მონეტა შეახეთ” — მოუწოდა გოგონას ჭკვიანმა ასისტენტმა.
თავის მხრივ, კომპანიამ ხარვეზის დაფიქსირებისთანავე გამოასწორა შეცდომა. სახიფათო აქტივობა, რომელიც ცნობილია, როგორც “მონეტის გამოწვევა”, TikTok-სა და სხვა სოციალურ ქსელებში დაახლოებით ერთი წლის წინ ვირუსულად გავრცელდა. რეალურად კი ეს დიდ საფრთხესთანაა დაკავშირებული — ლითონები ელექტროენერგიას ატარებს და მათ დენში შეერთებას შეუძლია ელექტროშოკის, ხანძრის ან სხვა დაზიანების გამოწვევა. რიგი რისკებიდან გამომდინარე, გამოწვევის წინააღმდეგ გამოვიდნენ აშშ-ის სახანძრო დეპარტამენტის წარმომადგენლებიც.
როგორც გოგონას დედა იხსენებს, ის ყვირილით შევიდა ოთახში, რომ შვილს ეს არ გაეკეთებინა. თუმცა მისი თქმით, ქალიშვილი ზედმეტად ჭკვიანი აღმოჩნდა მსგავსი რაღაცის გასაკეთებლად.
საგულისხმოა, რომ გამოწვევის წინააღმდეგ გამოვიდნენ აშშ-ის სახანძრო დეპარტამენტის წარმომადგენლები და დანარჩენი საზოგადოებაც. ცხადია, არაერთი ვირუსული ტრენდი შეგვხვედრია სოციალურ ქსელებში, თუმცა არ შეიძლება, ყველაფერს ბრმად ავყვეთ — განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე სიცოცხლისთვის საშიშ ქმედებებს ეხება.