საქართველოშიც მის სახელს, როგორც წესი, ციფრული მარკეტინგის კურსებთან აიგივებენ ხოლმე. 11,000 ადამიანისგან შემდგარი Facebook ჯგუფის სახელიც ზუსტად ასე ჟღერს – Aleksandre Chomakhidze’s Digital Marketing Group. დიახ, ისე მოხდა, რომ ერთ დღესაც, ციფრული მარკეტინგის მიმართულებით ადამიანების დახმარება საქველმოქმედო საქმედ აქცია და ათასობით ადამიანს ახალი პროფესიის შეძენაში დაეხმარა. რომ არა ციფრული მარკეტინგი, ალბათ, პროფესიონალი გიტარისტი გამოვიდოდა და არცთუ ურიგო, ხოლო ვიდეოები YouTube-ის ტოპ-პოზიციებზე არაერთხელ აღმოჩნდა. ამ ყველაფრის გასავლელად დიდი შინაგანი ბრძოლისა და ბულინგის გადალახვა დასჭირდა. ასეთ ალექსანდრეს, დღეს რომ მოგიყვებით, აქამდე არ იცნობდით – მეგობრულს, მხიარულსა და თავგადასავლებით სავსეს…
„მოკლედ, ხანდახან მეგობართან ერთად ვუკრავ ხოლმე ქუჩაში, ის ბანკის ვალს იხდის, მე კიდევ დავყვები უბრალოდ, მარტო რომ არ იყოს და თან ვუკრავ ხოლმე. ერთ დღესაც მიწისქვეშაში ვართ, რაღაცას ვუკრავ და მოდის ორი გოგო, რაღაც უცნაურად გამომხედეს, ვერაფერს ვერ მივხვდი და ჩემ გასაგონად ჩაიჩურჩულეს, „რა გაუჭირდა ამ ჩემ***სო“.
თუმცა, მოდით, თხრობა ბავშვობიდან დავიწყოთ, 90-იანების საბურთალოდან, სადაც გოთუას ქუჩის ერთ-ერთ ეზოში თავგადასავლების მოყვარული ალექსანდრე თამაშობდა ხოლმე:
„ძალიან ცელქი ბავშვი ვიყავი. ხან თვალი მქონდა დაზიანებული, ხან მუხლი ნატკენი, ხან ხელი – გადაყვლეფილი… სულ რაღაც ახალი მაინტერესებდა. სათამაშოს რომ მაჩუქებდნენ, თამაშის ნაცვლად, ნაწილებად ვშლიდი ხოლმე. საბედნიეროდ, ოჯახის წევრები არაფერს მიშლიდნენ. სულ ახალი გარემოს ძიებაში ვიყავი.“
საკმაოდ მოულოდნელი იყო, თუმცა ტრენერს, რომელიც დღეს უამრავ ადამიანს უზიარებს ცოდნას, სკოლის მასწავლებლები ხშირად ჩაგრავდნენ…
ჩემთვის ყველაზე ცუდი წლები სკოლის პერიოდი იყო. არ მომწონდა, რასაც მასწავლიდნენ. მხოლოდ იმდენს ვსწავლობდი, რომ კლასიდან კლასში გადასვლა მომეხერხებინა. ძირითადი ინტერესების სფერო კი სულ სხვა წიგნებს უკავშირდებოდა – მეცნიერებასა და კოსმოსს. სულ ვნატრობდი, რომ ახალი პლანეტა აღმოეჩინათ და არსებული წიგნები განახლებულიყო.
სამწუხაროდ, დაწყებით კლასებში ძალიან ცუდი მასწავლებელი მყავდა. სულ ცუდად მექცეოდა. მოსწავლეები ერთმანეთს რომ უსწორებენ ხოლმე დავალებებს, ხომ იცი? ჩემ გვერდით მჯდომმა გოგომ იკითხა, მე ალექსანდრე რანაირად გამისწორებსო? ჰო, მართალია, როგორ გაგისწორებს, მან ხომ არაფერი იცისო. ერთადერთი ვიყავი, ვისაც სხვისი დავალების შესწორების საშუალებას არ აძლევდა. ერთხელ, მშობელთა კრებაზე ჩემზე უთქვამს დედაჩემისთვის, ყველას თანდასწრებით – ეს ვერაფერს მიაღწევს ცხოვრებაშიო.
სკოლაში გამოვლილმა ჩაგვრამ ალექსანდრე დაარწმუნა, რომ ტექნიკური საგნები მისი საქმე არ იყო, ამიტომ ისეთი პროფესია აარჩია, სადაც მათემატიკას არ ისწავლიდა…
ფეხი დავიზიანე, ძალიან დიდხანს დავდიოდი ხელჯოხებით, რაც უდიდეს დაბრკოლებას მიქმნიდა. ერთხელაც, მთელი ღამე გავათენე ამაზე ფიქრში და მივხვდი, რომ ძალიან დავიღალე ამდენი კომპლექსით. დავივიწყე ყველაფერი და გავედი ქუჩაში. მალე, მისაღებ გამოცდებზე გადავწყვიტე გასვლა. ახლობლებსა და ნათესავებსაც კი ეგონათ, რომ მისაღებ გამოცდებზე აუცილებლად ჩავიჭრებოდი. ამ ყველაფრის გადალახვაში მხარს მიჭერდნენ მშობლები და ასევე, ძალიან მეხმარებოდა მუსიკა. მამა მამხნევებდა – არავის შეედარო, მთავარია შენი საქმე იცოდე კარგადო.
ავირჩიე ისეთი პროფესია, სადაც მათემატიკა არ დამჭირდებოდა – ტურიზმი. თუმცა, მაინც ვერ ავცდი – პირველივე ლექცია კალკულუსი აღმოჩნდა. მგონი შეცდომით ვარ აქ, ტურიზმზე იმიტომ ჩავაბარე, რომ მათემატიკა არ მესწავლა მეთქი. არა, სწორად ხარ მოსულიო, მიპასუხა ლექტორმა სოსო ფოჩხუამ. ისე კარგად ამიხსნა ყველაფერი, რომ მაგ წელს ერთ-ერთი მოწინავე ვიყავი კალკულუსში. არც კი მჯეროდა, ვეხუმრებოდი კიდეც ლექტორს, ეს რომ ჩემი მათემატიკის მასწავლებელმა გაიგოს, არ დაიჯერებს მეთქი. მაშინ მივხვდი, რამხელა მნიშვნელობა აქვს, როგორი ადამიანი გასწავლის და როგორ გიხსნის. შემდეგ, მაინორად ავირჩიე ბიზნესი, სადაც პრიორიტეტული იყო მათემატიკა, თუმცა ამჯერად, აღარ მიჭირდა მისი სწავლა. თუმცა მაინც ყოველ ჯერზე მეგონა, რომ მიმართლებდა და სინამდვილეში, ბევრი არაფერი ვიცოდი. მოგვიანებით, ისეთი კომპანიებისთვის დავწერე ბიზნესგეგმები… ერთ-ერთმა მათგანმა იმ წელს 8 ქვეყანაში გახსნა 16 ფილიალი და დავიჯერე.
„გაიქეცი, ფორესტ, გაიქეცი“…
იმ პერიოდში ჯერ კიდევ ჯოხებით გადავადგილდებოდი, რაც საკმაოდ მიძნელებდა ტრანსპორტირებას. შემდეგ, გავიცანი ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი, რომელმაც დაიწყო ჩემი მკურნალობა და ფეხზე დამაყენა. კარგად მახსოვს, ერთ დღეს როგორ დავიხარე რაღაცის ასაღებად და ჯოხები აღარ დამჭირდა. რომ ავმოძრავდი, აღარ გავჩერებულვარ. ფორესტ გამპივით ვიყავი.
M: სკოლის მოსწავლე ციფრულ მარკეტინგში როგორ აღმოჩნდი?
ციფრულ მარკეტინგში ჩართვა 2008 წლიდან გადავწყვიტე. ალბათ, მე-8 ან მე-9 კლასში ვიქნებოდი. ეს რომ სკოლაში ვახსენე, ჩემმა ერთ-ერთმა მასწავლებელმა დამცინა, რა სისულელეა, სჯობს იურიდიულზე ჩააბაროო. იმ დროისათვის, ინტერნეტში მასალები არ მოიპოვებოდა, არც წიგნები იყო. ჩემით ვწვალობდი და დედაჩემი მეხმარებოდა, გერმანულიდან მითარგმნიდა მასალებს, რომ გამეგო. შემდეგ გამოჩნდა Facebook, სადაც მაშინვე დავრეგისტრირდი. მაშინ Facebook ჩემ გარშემო არავის არ ჰქონდა და ყველა დამცინოდა, „ოდნოკლასნიკებზე“ რატომ არ ხარო.
არც უცხოეთში მისწავლია. ვიჯექი ჩემთვის და ვკითხულობდი მუდმივად. ასე ნასწავლიც ხარისხიანი შეიძლება იყოს. არაფრით ჩამოუვარდება Udemy-ით განათლებული დეველოპერი MIT-ში ნასწავლს. სიამოვნებით ვისწავლიდი ბერკლიში, რომ ყოფილიყო საშუალება. თუ კარგად ჩაუჯდება ადამიანი, საქართველოდააც შეუძლია სწავლა. ჩემს სტუდენტებს ყოველთვის ვთხოვ, კითხვა დასვან ხოლმე, რომ კარგად გაიგონ საკითხი. კითხვის დასმა არაა სირცხვილი არც დამწყებისთვის და არც პროფესიონალისთვის.
M: პირველ სამსახურზეც მოგვიყევი…
ვთავაზობდი ხოლმე, Facebook გვერდს გაგიკეთებთ და ბიზნესს „მოგიხოდავთ“ მეთქი, მაგრამ ყველა უარს მეუბნებოდა. იმ დროისათვის, Freelancer.com იყო ერთ-ერთი მოწინავე ონლაინ პლატფორმა. მანდ დავრეგისტრირდი. მთელ პლატფორმაზე სოციალური მედიის ფრილანსერი მაქსიმუმ 500 ყოფილიყო. ავიღე შეკვეთა საერთაშორისო კომპანიისგან, სადაც სოციალური მედია მარკეტინგი ჩავიბარე. საკმაოდ კარგი გამოცდილება მივიღე. პრობლემა ის იყო, რომ საქართველოში გადმორიცხვა საკმაოდ ძვირი ჯდებოდა – 38% მექვითებოდა. ფინური კომპანია იყო, შტატებში ჰქონდათ ოფისი და ადამიანებს ფინანსურ ბაზარზე ინვესტირებაში ეხმარებოდნენ.
მაშინ, ჩვენი ვალუტის კურსით 1000 ლარამდე გამომდიოდა ხელფასი. მახსოვს, ბანკში გავხსენი ბარათი. არასრულწლოვანი ვიყავი და მშობლის მიყვანა დამჭირდა. ID-იც კი მახსოვს, როგორი მქონდა – chomaxa1995.
მაგის მიუხედავადაც კი, ვერ გებულობდნენ, რას ვაკეთებდი და მეუბნებოდნენ, რამე ნორმალური სამსახური იპოვეო. მახსოვს, ძმაკაცმა მითხრა – რამ დაგღალა, შენც ახლა „გრუზშიკი“ არ იყო, კომპიუტერთან ზიხარო… ასეთი კომენტარები ყოველთვის იყო, მაგრამ არ მაინტერესებდა, ცხენივით სულ წინ ვიყურებოდი.
M: ბევრმა არ იცის, მუსიკით რომ იყავი გატაცებული…
ერთ-ერთი პირველი სამსახური იყო SOLO Studio, სადაც გიტარის მასწავლებელი ვიყავი. ჩემზე უფროსი სტუდენტები მყავდა და ძალიან სასიამოვნო პროცესი იყო. მასწავლებლობა არასოდეს მდომებია, მაგრამ იმდენად მინდოდა სხვას არ გამოევლო, რაც მე გამოვცადე, სულსა და გულს ვდებდი. დღემდე სულ ვცდილობ, რომ მოტივაცია მივცე, შთავაგონო ადამიანს, რომ ყველაფერი გამოუვა.
M: შენი ნამუშევარი Pink Floyid-ის კონცერტზე როგორ მოხვდა?
ზოგადად, ვცდილობ საზოგადოებას ჩემი „სხვა მხარე“ არ დავანახო ხოლმე. დღეს, ალექსანდრე ჩომახიძე ჰგონიათ ადამიანი, რომელიც მუდმივად მუშაობს და რაიმე თუ დაიდება ჯგუფში, სულ იქაა. ვერ წარმოუდგენიათ, რაიმე სხვაც თუ მაინტერესებს, მაგალითად, მუსიკა. ჰოდა, პირველი სამსახურის პარალელურად, გიტარაზე ვუკრავდი. გარკვეული მიღწევებიც მქონდა – უცხოეთშიც გავიმარჯვე ახალგაზრდა ნიჭიერებში. ჩემი ტრეკი გავუგზავნე, სადაც კარიბის ზღვის მეკობრეებიდან ვუკრავდი მელოდიას. შემდეგ, ონლაინ ნიჭიერში აქაც მივიღე მონაწილეობა.
ონლაინ ვყიდდი ხოლმე ტრეკებს. ერთხელაც, დამიკავშირდა ადამიანი, რომელმაც ჩემი დაკრული მუსიკის ნაწილის ტრეკში გამოყენება შემომთავაზა, რაშიც $50 გადამიხადეს. ჰოდა, ჩემი დაკრულის გამიქსული ნაწილი 2008 წელს, კონცერტის დაწყებამდე გაუშვეს, სხვა მელოდიებთან ერთად, ხოლო ერთ-ერთი გამომსვლელი Pink floyd-ის წევრი და ბენდი Tribute იყო.
M: YouTube-ზე შენი ვიდეოები ტოპ-პოზიციებზე როგორ აღმოჩნდა?
ჩემს ვიდეოებს ვდებდი YouTube-ზე. ახლა არ ვიცი, როგორ ვახერხებდი ამ კომპლექსის გადალახვას. შემდეგ დავინტერესდი, რა პრინციპით ჩნდებოდა ჩემი ვიდეოები მაყურებლებთან. მაგ დროს აღმოვაჩინე SEO ოპტიმიზაციის არსებობა. მახსოვს, ერთ-ერთ ვიდეოში Survivor-ის Eye Of The Tiger-ს ვუკრავ და საერთაშორისო SEO-ს კუთხით, ეს ჩემი დაკრული ქავერი პირველ ადგილზე იყო მსოფლიოში. ეს იყო ჩემი პირველი მიღწევა, SEO ოპტიმიზაციის კუთხით.
შემდეგ, გიტარას თავი დავანებე და ციფრულ მარკეტინგში გადავეშვი. ყველაზე მეტად მსიამოვნებდა, როცა ჩემი აქტივობების შედეგად, კომპანია წინ მიდიოდა. ამ დროს გამიჩნდა ლექტორობის სურვილი. რაკი მხოლოდ ბაკალავრის დიპლომი მქონდა, ყველა უნივერსიტეტი უარს მეუბნებოდა და თავად სფეროსაც არასერიზულად უყურებდნენ.
M: Facebook-ის გუნდიდან როგორ გიპოვეს?
ისეთი პერიოდი მქონდა, მხოლოდ სწავლაზე ვიყავი ორიენტირებული. 2019 წელს განსაკუთრებით დიდი დრო დავუთმე დამატებითი კურსების გავლას. ვსწავლობდი, ვაქტიურობდი LinkedIn-ზე, ვაბარებდი ტესტებს… იმ პერიოდში, სწორედ LinkedIn-ით დამიკავშირდენ Facebook-დან და შემომთავაზეს, გამევლო 3-თვიანი მოხალისეობრივი პროგრამა. იგივეა, AC/DC-ის გიტარისტმა რომ დამირეკოს… გავგიჟდი სიხარულით. გამომიგზავნეს საბუთები ხელმოწერისთვის. 2-ჯერ დაკარგა დოკუმენტები ფოსტამ. ბოლოს, საბუთებზე გამონაკლისის სახით მომაწერინეს ხელი ელექტრონულად. იმ პერიოდში, Facebook-ში Ads Manager-ის დალაგება მიმდინარეობდა, ჩვენი ამოცანა იყო ისეთი ინტერფეისის შექმნა, რომ ადამიანს მოქმედება მოსდომებოდა. ამ სტაჟირებაში, სიმბოლურად, $100 გადამიხადეს. რამდენიმე თვეში ისევ დამიკავშირდა Facebook-ის თანამშრომელი და მათი შვილობილი კომპანია Crowdtangle-თან პერიოდული თანამშრომლობა შემომთავაზა. დღემდე მიკავშირდებიან ხოლმე და თუ სადმე არის საჭირო ჩემი ჩართულობა, ყოველთვის ვმონაწილეობ. Meta-ში ბევრი მეგობარი შევიძინე.
Facebook-ის მოხალისეობრივი პროგრამის შემდეგ, გადავწყვიტე ყველა სამსახურიდან წამოვსულიყავი. მხოლოდ, ქუთაისის უნივერსიტეტი შევინარჩუნე. საკუთარი კურსები პანდემიის დროს დავიწყე და ჩემს სტუდენტებს შორის აღმოჩნდა ირინა დუმბაძე, რომელმაც m2-ში მიმიწვია სამუშაოდ. თავისუფალი გრაფიკი მოვითხოვე და ისიც ვთქვი, სამი თვის განმავლობაში უნდა დავტესტოთ ახალი მიდგომები მეთქი. ამ დროის მანძილზე, ეჭვის თვალით მიყურებდნენ, მაგრამ იმ წლის ბოლოს, გასაყიდი ბინები საერთოდ რომ აღარ დაგვრჩა, კითხვები აღარავის გასჩენია. მახსოვს, ერთხელ დავწერე სტრატეგია უძრავი ქონების სექტორისთვის, რამაც დიდი თანხა მოუტანა კომპანიებს. როდესაც m2-ში დავიწყე მუშაობა, იმ წელს, ამ სტრატეგიით სრულად ამოვწურეთ მარაგი.
M: ციფრული მარკეტინგის სწავლებას სანამ დაიწყებდი, ამ სფეროთი დაინტერესებულ ადამიანებს უფასოდ ეხმარებოდი. საკუთარი ჯგუფის შექმნა რამ გადაგაწყვეტინა?
2015 წელი იყო, როცა ჩემმა მეგობარმა გიგა აბულაძემ დამამატა ჯგუფებში, რომ ციფრულ მარკეტინგზე დასმულ კითხვებზე მეპასუხა ხოლმე მომხმარებლებისთვის და დავხმარებოდი. ვხედავდი, რომ კომენტარებში სხვები არ ეხმარებოდნენ, ფულს სთხოვდნენ ან ნაწილობრივ პასუხობდნენ. მე კი დეტალურად ვწერდი პასუხებს, რის გამოც ჩემი დაბლოკვა დაიწყეს ჯგუფებში. შემდეგ, medium-ზე დავიწყე ბლოგების წერა. იმ წელს, ჩემს თითო ბლოგს 30,000 წაკითხვა ჰქონდა. დღესდღეობით, 80,000 წაკითხვა მაქვს ხოლმე თვეში. ამის გამოც გამაგდეს ერთი ჯგუფიდან. როგორც „ევროტურშია“, წავედი – ჩემს სასტუმროს ვხსნი-მეთქი და საკუთარი პატარა ჯგუფი დავარეგისტრირე, მოვაწყე შეხვედრა სტუდენტებთან და დავამატე. სახელად, „ალექსანდრე ჩომახიძის ჯგუფი“ დავარქვი. თავიდან, 300 წევრი იყო ჯგუფში. პერიოდულად ვფილტრავდი, ვცდილობდი, რომ მხოლოდ აქტიური და დაინტერესებული ადამიანები ყოფილიყვნენ. პერიოდულად, ვატარებდი ვებინარებს, ვუზიარებდი რჩევებს, სრულიად უფასოდ. დღეს, 11,000 ადამიანს აერთიანებს.
ჩემმა ასეთმა აქტიურობამ „ჰეითერები“ მომიმრავლა. მახსოვს, კომპანიები ხშირად იტყუებოდნენ, რომ ვებგვერდების დამზადებასთან ერთად, SEO ოპტიმიზაციასაც აკეთებდნენ და მათ ტყუილზე დავწერე სტატია. 2 დღეში 40,000 წაკითხვა ჰქონდა და რა გასაკვირია, რომ გადამემტერენ. მემუქრებოდნენ, რომ წამეშალა სტატია, მაგრამ არ წავშალე, იქით გავაფრთხილე – თქვენზე დავწერ-მეთქი. შედეგად, კომპანიებმა თავიანთი სერვისებიდან წაშალეს, რომ SEO ოპტიმიზაციასაც აკეთებდნენ და სტანდარტის დაცვა დაიწყეს.
M: ყველაზე დასამახსოვრებელი შეცდომა რა გახსენდება?
ძალიან ბევრი… ხშირად მეშლება ხოლმე ჩატები. ერთხელ, ქუთაისის უნივერსიტეტის საერთო ჩატში დავიწყე სიზმრის მოყოლა – „ვდგავარ გარდაცვლილებში…“. გაოცებულებმა მიპასუხეს – სად დგახარო?!
ალბათ, ყველაზე დიდი კურიოზი მაინც ეს იყო – ჩემმა უფროსმა დამირეკა, ჟიურის წევრად ამირჩიეს და მივედი. ძალიან მშიერი ვიყავი, მაკანკალებდა შიმშილისგან. დაცვამ მითხრა, მაცივარში არის ბურგერები და მიირთვიო. ავიღე ბურგერი და დავდივარ აქეთ-იქით. ვერ შევამჩნიე, როგორ ცვიოდა მაიონეზი და სხვა შიგთავსი. ერთ მომენტში ამ ყველაფერზე ფეხი ამიცურდა და ზურგით დავეხეთქე. წარმოიდგინე, რომ ტელევიზიაა მოსული და ზურგზე მაქვს ბურგერის უზარმაზარი ნაკვალევი. რა უნდა მექნა… დავინახე ვიღაცის ქურთუკი და მოვიცვი. ჩაიარა ყველაფერმა ისე, რომ ქურთუკი არავის მოუკითხავს. უცებ, ჩემთან მოვიდნენ ტელევიზიიდან, კომენტარის ჩასაწერად. ამ დროს გამოჩნდა ქურთუკის პატრონიც და მხდის ქურთუკს. არ ვიცი, ეს ვიდეო თუ დევს სადმე – ტიპი მხდის ქურთუკს და მთელი ზურგი მაიონეზიანი მაქვს, ჟურნალისტები მიყურებენ გაოგნებულები. ეგეთი რაღაცები სულ მემართება, უბრალოდ, კარგად სრულდება ხოლმე.
M: როგორც ახსენე, ციფრული მარკეტინგის შენი კურსი საქველმოქმედოა. როგორ ახერხებ მის შეთავსებას ძირითად საქმიანობასთან?
მთელი ჩემი მოტივაცია მიმართულია იქითკენ, რომ ქვეყანა წინ წავიდეს ციფრულ მარკეტინგში, რა კუთხითაც ძალიან ცუდი სტატისტიკა გვაქვს გლობალურ დონეზე. ამ საქმეს ახლავს ძალიან დიდი აზარტი და სიამოვნება. თან, ამ დროის მანძილზე, კურსმა საკმაოდ კარგი რეპუტაცია მოიპოვა. ძალიან მიხარია, რომ საშუალოდ ჯგუფიდან, მაქსიმუმ 5-მა შეიძლება ვერ იპოვოს სათანადო სამსახური. ისეც ყოფილა, რომ ჩემი კურსის სერტიფიკატები MyMarket-ზე გაუყიდიათ, გაუყალბებიათ კიდეც… ასე ვთქვათ, ამ კურსის გავლას აქვს ძალა.
სწავლება ძალიან მიყვარს და კურსების ფარგლებში ძალიან კარგი ადამიანები გავიცანი. თუმცა ეს საქმე არ არის ჩემთვის შემოსავლის წყარო – მთლიანი თანხა სრულად მიდის ქველმოქმედებაში, პირდაპირ ირიცხება მათ დასახმარებლად, ვისაც ეს ძალიან სჭირდება, მაგალითად, ჯანმრთელობის პრობლემა აქვს, სტარტაპისთვის ან განათლებისთვის სჭირდება.
M: რა მიგაჩნია შენს ყველაზე დიდ მიღწევად?
ვერასოდეს წარმოვიდგენდი, რომ საჯარო ადამიანი ვიქნებოდი. ახლა, შემიძლია 10,000 ადამიანს ჩავუტარო ტრენინგი. როცა ვიხსენებ, როგორი ვიყავი 2008 წელს, ვაცნობიერებ, რამდენად შევიცვალე. შეიძლება ვინმეს ეთქვა, რომ ყველაზე დიდ მიღწევად, საქართველოში Meta-ს საგამოცდო ცენტრის გაკეთება უნდა მიმაჩნდეს, მაგრამ ვფიქრობ, ამას სხვაც ჩვეულებრივად შეძლებდა, რომ შეჭიდებოდა. ყველაზე დიდ მიღწევად მაინც ის მიმაჩნია, რომ ყველაფრის მიუხედავად, არ გავბოროტდი, არ დავიწყე ძირის გამოთხრა მათთვის, ვინც ჩემს დაღუპვას ცდილობდა. ზოგჯერ, იმდენად დიდი სტრესი მიმიღია, რომ მიფიქრია, ყველაფერი გამეუქმებინა და ციფრული სივრციდან გავმქრალიყავი.
M: როგორ ხედავ საკუთარ მომავალს?
მინდა ერთ დღესაც ფიზიკურ სივრცეში ჩამოვაყალიბო ორგანიზაცია, რომელიც სასარგებლო საქმეებს მოემსახურება. ჯერ არ ვიცი, ზუსტად რა იქნება ეს დაწესებულება, მაგრამ მინდა სარგებელი ნახონ ადამიანებმა და განვითარდნენ.
ავტორი: თამარ მეფარიშვილი