in

ალექსი ჩიქოვანი – #პირველისამსახური

ჩემი პირველი სამსახური ანუ ადგილი, სადაც გაწეული შრომისათვის ხელფასს მიხდიდნენ, რაგბის უკავშირდება. ეს იყო საქართველოს უმაღლესი ლიგის რაგბის კლუბი “ყოჩები” და მე ამ გუნდის მორაგბე ვიყავი. ჩემი ხელფასი, თუ სწორად მახსოვს, თვეში 100 $-ს, ან ოდნავ მეტს შეადგენდა, რომელიც მაშინ ძალიან კარგი ფული იყო (1996-1998 წლები დაახლოებით). სპორტის პარალელურად, თსუ-ში ვსწავლობდი ეკონომიკურ ფაკულტეტზე, სპეციალობით ფინანსები და საბანკო საქმე და სურვილი მქონდა, რაგბის პარალელურად, ჩემი პროფესიით მემუშავა, ხოლო ჩემი პირველი პროფესიული სამსახური 1997 წელს სს “თბილკომბანკში” დავიწყე. ბანკში სამსახურის დაწყებაში ამ ბანკის დამფუძნებლები, ვეტარანი მორაგბეები დამეხმარნენ. თუმცა, მიუხედავად მათი რეკომენდაციისა, სანამ ბანკის სრულუფლებიანი თანამშრომელი გავხდი, ყველა საფეხური გავიარე, სტაჟიორიდან დაწყებული, დამთავრებული საკრედიტო ოფიცრით. ბანკში სტაჟიორად მოხვედრის შემდეგ, პირველი 3 თვე ხელფასი არ მქონდა. შემდეგი 3 თვე, ჩემი ანაზღაურება შეადგენდა  30 ლარს, მომდევნო 3 თვე კი – 60 ლარს. მხოლოდ ერთი წლის შემდეგ მომეცა საშუალება გავმხდარიყავი ბანკის სრულფასოვანი თანამშრომელი. მოვხვდი გუნდში, რომელიც ქართული ბანკებისათვის, საერთაშორისო ორგანიზაციების – მსოფლიო ბანკი, ”EBRD” და TACIS – მიერ გამოყოფილ საკრედიტო რესურსით სოფლის მეურნეობის, მცირე და საშუალო ბიზნესის დაკრედიტებას ეწეოდა. ჩემი პოზიცია საკრედიტო ოფიცერი იყო, სხვადასხვა პრექტებზე მუშაობისას ძალიან ბევრი ვისწავლე. რაც მთავარია, სხვადასხვა კომპანიების განაცხადების ანალიზისა და მათთან ურთიერთობის შედეგად კარგად შევისწავლე, თუ როგორ მუშაობენ სხვადასხვა სფეროში მოღვაწე საწარმოები, რა არის ბიზნესის წარმოების ძირითადი პრინციპები და ასე შემდეგ, რაც დღევანდელ საქმიანობაში ძალიან დიდ სამსახურს მიწევს.

მუშაობის დაწყებასთან ერთად რაგბისთვის თავი არ დამინებებია და კიდევ რამდენიმე წელი ვითამაშე, რადგან რაგბის თამაშისთვის თავის დანებება არ არის ადვილი საქმე, თუმცა, საბოლოოდ თავის დანებება მომიწია და 2000 წლიდან სრული კონცენტრაცია ჩემს პროფესიულ კარიერაზე მოვახდინე.

ალექსი ჩიქოვანი – სტრატეგიული ბრენდინგ სააგენტო LIVE- ს დამფუძნებელი.

“სტარტაპერი” – თიბისი ბანკის ახალი პროგრამა ბიზნესის მხარდასაჭერად

„8000 მოსავალმა“ ღვინის ონლაინ მაღაზია გახსნა