ხელოვნურმა ინტელექტმა უკვე ბევრი რამ ისწავლა და ბევრიც თავად ასწავლა ადამიანებს. მაგალითად, AI-მ იცის, როგორ ამოიცნოს ადამიანები ან მუსიკა. ახლა კი მკვლევრებმა ალგორითმს ასწავლეს, როგორ განსაჯოს ადამიანები.
ჟურნალ Proceedings of the National Academy of Sciences-ში გამოქვეყნებული კვლევა დეტალურად აღწერს, როგორ მიიღეს მკვლევრებმა საბოლოო შედეგი. მათ მოდელს ასწავლეს, როგორ შეეფასებინა ადამიანის სახის მახასიათებლები ისე, როგორც ამას ჩვენ ვაკეთებთ. ასევე, ასწავლეს ფოტოების მანიპულირება და განსხვავებული თვისებების განსჯა, როგორიცაა „სანდო“ ან „დომინანტი“.
„ჩვენი მონაცემთა ნაკრები არა მხოლოდ შეიცავს მიკერძოებას, არამედ განზრახ ასახავს მას“, — წერს პრინსტონის უნივერსიტეტის კომპიუტერული მეცნიერების პოსტდოქტორანტი, ჯოშუა პეტერსონი.
როგორც ნაშრომშია აღნიშნული, ახალი ალგორითმი, ადამიანის განსჯისას, ობიექტურ ფიზიკურ მახასიათებლებს პიროვნულთან აერთიანებს. გამოდის, ის პიროვნებას აფასებს როგორც სიმაღლის, კანის და თვალის ფერის, ისე ქცევისა და ქმედებების მიხედვით. ამასთან, AI თავად წყვეტს, რამდენად სანდო, დადებითი ან პირიქით, უარყოფითი ადამიანი დგას მის წინ.
პრესრელიზში შემეცნებითი მეცნიერი და ხელოვნური ინტელექტის მკვლევარი ჯორდან სუშოუ აღნიშნავს, რომ სიფრთხილის გამოჩენა გვმართებს ტექნოლოგიის გამოყენებასთან მიმართებით. ამის მიზეზად კი მისი პოტენციური „ბოროტება“ სახელდება… შესაძლოა, მის მიკერძოებულ ხასიათში ისეთი ასპექტები გამოიკვეთოს, როგორიცაა საჯარო მოღვაწის რეპუტაციის შელახვა ან პირიქით, დადებითი კუთხით პროვოცირება.
ალბათ, ეს საკმაოდ ეზოთერულად ჟღერს, მაგრამ სუშოუმ პრესრელიზში ისიც განიხილა, რომ მანქანური სწავლების ამ სახეობას შეუძლია, უკეთ შეისწავლოს ადამიანების მიკერძოებული პირველი შთაბეჭდილების სპეციფიკა.












