2019 წლის სექტემბერში საგურამოში, “ალიანს ჯგუფი ჰოლდინგი” ფინეთის განათლების კონსორციუმთან ერთობლივი პროექტის ფარგლებში, განათლების საუკეთესო მოდელად აღიარებულ, ფინურ სკოლას გახსნის. როგორც ცნობილია, 2012 წლიდან ფინეთი ლიდერია დაწყებითი და საშუალო განათლების სისტემათა მსოფლიო რეიტინგში, ხოლო ფინელი მოსწავლეები მაღალ შედეგს აჩვენებენ ცოდნისა და სასკოლო უნარ-ჩვევების მაჩვენებლების მიხედვით.
„ჩვენი კომპანიის პრიორიტეტია ხელი შეუწყოს იმ დარგების განვითარებას,რომელიც ქვეყნისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანია. ცნობილია, რომ ბოლო წლებში ფინეთი ლიდერობს ახალგაზრდა ინოვაციური დამწყები კომპანიების წარმატებული პროექტებით, რომელთა უმრავლესობა მულტიმილიონიან, მილიარდიან კომპანიებად ჩამოყალიბდა. ფინელების წარმატება გამოიხატება არა მხოლოდ სასკოლო განათლების საერთაშორისოდ აღიარებული მაღალი რეიტინგებით, არამედ ახალგაზრდების მიერ პრაქტიკაში განხორციელებული წარმატებული პროექტებით. სწორედ ეს მაჩვენებელი გახდა ჩვენი ჰოლდინგისთვის მთავარი მოტივატორი დაგვემყარებინა კავშირები, წავსულიყავით ფინეთში, შევხვედროდით განათლების სექტორის და მთავრობის წარმომადგენლებს, დაგვეთვალიერებინა ფინური სკოლები და დეტალურად შეგვესწავლა მათი სასწავლო მოდელი. შედეგად, გავაფორმეთ ხელშეკრულება წამყვან ფინურ განათლების კონსორციუმთან და მათთან ერთად დავიწყეთ ჩვენი ქვეყნისთვის აუცილებელი სტრატეგიული საგანმანათლებლო პროექტი.“ – ალიანს ჯგუფი ჰოლდინგის” აღმასრულებელი დირექტორი, აიეტ კუკავა.
ფინური განათლების მოდელის მიხედვით, თითოეულ მოსწავლეზე ინდივიდუალურადაა მორგებული ინფრასტრუქტურა, სასწავლო პროცესისათვის კომფორტული არქიტექტურა და მშენებლობის მაღალი ხარისხი. ამასთან, რადგანაც ახალი თაობა სკოლაში უფრო მეტად არის დამოკიდებული მასწავლებელზე, ვიდრე უნივერსიტეტში სტუდენტი პროფესორზე. ფინური სკოლის მიზანია, მშობლებს და მოსწავლეებს სრულყოფილი და მსოფლიოში საუკეთესო სასკოლო სისტემა შესთავაზოს.
სწორედ ამ მიზნით შეარჩია ალიანს ჯგუფმა ფინური განათლების კონსორციუმი, რომელსაც განხორციელებული აქვს განათლების პროექტები როგორც ფინეთში, ასევე საერთაშორისო ბაზარზეც. “ალიანს ჯგუფი ჰოლდინგის” მიზანია ფინური სკოლა გახდეს ერთ-ერთი თვალსაჩინო და სანიმუშო არა მარტო საქართველოში, არამედ კავკასიის რეგიონშიც. საგურამო არის ის ადგილი, რომელსაც აქვს შესაბამისი სივრცე, სასწავლო პროცესისთვის იდეალურად მყუდრო და ეკოლოგიურად სუფთა გარემო, რაც აუცილებელია ფინური სკოლის სრულყოფილი ფუნქციონირებისთვის.
სკოლის მენეჯმენტის ძირითადი ნაწილი ფინელი გამოცდილი პროფესიონალებით დაკომპლექტდება. დასაქმდებიან მოწვეული მასწავლებლები ფინეთიდან. გარდა ამისა, იგეგმება კვალიფიკაციის ასამაღლებელი სემინარების ჩატარება სპეციალურად მოწვეული ფინელი ლექტორების მიერ და ფინური აკრედიტებული საგანმანათლებლო ორგანიზაციის მიერ გაიცემა საერთაშორისო სერთიფიკატები. შესაბამისად, ნებისმიერმა პედაგოგმა, რომელსაც სურვილი აქვს გახდეს ფინური სკოლის მასწავლებელი, აუცილებელია გაიაროს აღნიშნული სერტიფიცირება.
პროექტი ითვალისწინებს 15-20 მილიონი ევროს ინვესტიციას, რაც ასევე გულისხმობს სკოლის მიმდებარე ინფრასტრუქტურის განვითარებას.