ალკოჰოლიზმის ეროვნული ინსტიტუტის თანახმად, მხოლოდ შეერთებულ შტატებში დაახლოებით 15 მილიონ ადამიანს აქვს ალკოჰოლის ჭარბად მოხმარების პრობლემა. ყოველწლიურად კი 95 000-მდე ადამიანი იღუპება ამის შედეგად. ამჟამად არსებული მკურნალობის ვარიანტების უმეტესობა გარკვეული სახის კონსულტაციას მოიცავს, თუმცა მეცნიერები ცდილობენ, პრეპარატების ეფექტურობა გააუმჯობესონ.
მკურნალობის ახალი საშუალება დაფუძნებულია ჰორმონზე FGF21, რომელიც ექსპერიმენტის ფარგლებში ეფექტურად თრგუნავს ალკოჰოლიზმს — ამ შემთხვევაში, მაიმუნებში. Cell Metabolism-ში გამოქვეყნებულ კვლევაში, მკვლევართა ჯგუფმა დაადგინა, რომ ახალი FGF21 ანალოგი პრობლემას 50%-ით ამცირებს.
“ჰორმონების, როგორც თერაპიული მიდგომის ნივთიერების მოხმარების დარღვევების სამკურნალოდ გამოყენება, შედარებით ახალია. ეს არის პირველი ილუსტრაცია იმისა, რომ FGF21 ანალოგები პოტენციურად ამცირებს ალკოჰოლის მოხმარებას”, — აცხადებს აიოვას უნივერსიტეტის ნეირომეცნიერი და ფარმაკოლოგი კაილ ფლიპო.
ფლიპოსა და მისი გუნდის მიერ გამოცდილი FGF21 ანალოგი თავდაპირველად Pfizer-ის მიერ შეიქმნა — როგორც მშობელი ჰორმონის გრძელვადიანი ვერსია ადამიანებში დიაბეტისა და სიმსუქნის სამკურნალოდ. სამწუხაროდ, მისი გამოყენება შეწყდა კლინიკურ კვლევებში: ნაერთი შესანიშნავად ეხმარებოდა ადამიანებს წონის კლებაში, მაგრამ არც ისე ეფექტური იყო დიაბეტით დაავადებულებისთვის.
ასე რომ, ფლიპომ და მისმა გუნდმა ეს “მივიწყებული” ნაერთი ახალი მიზნებისთვის გამოიყენეს. მათ ექსპერიმენტის ჩასატარებლად, ე. წ. “მწვანე მაიმუნების” კოლონია გამოიყენეს, რომელიც ალკოჰოლის ძიებისა და დალევისკენაა მიდრეკილი. სავარაუდოდ, ეს თაობიდან თაობას გადაცემული გენეტიკური თვისებების გამო ხდება. “ადამიანების მსგავსად, მაიმუნების გარკვეული პროცენტი ალკოჰოლისადმი თანდაყოლილ დამოკიდებულებას განიცდის”, — განმარტავს კაილ ფლიპო.
აღნიშნული მაიმუნების ნაწილმა პლაცებო მიიღო, ხოლო მეორე ნახევარმა — FGF21 ანალოგი. შედეგად დადგინდა, რომ ეს ჰორმონი ალკოჰოლის მოხმარების 50 პროცენტით შემცირებაზეა პასუხისმგებელი, რაც საკმაოდ გასაოცარი მაჩვენებელია. შესაბამისად, შედეგები შეიძლება გამოყენებულ იქნას FGF21-ზე დაფუძნებული თერაპიული საშუალების შესაქმნელად, რომელიც უკვე ადამიანებს დაეხმარება პრობლემის დაძლევაში.
რა თქმა უნდა, მკურნალობის მეთოდის დასანერგად, დამატებითი კვლევებია საჭირო. წარმატებული შედეგების შემთხვევაში კი მილიონობით ადამიანი მიიღებს მას.













