Nike, Adidas, Rebook, Fila, New Balance.. – ეს სპორტული ფეხსაცმლის მწარმოებელ ბრენდთა მცირე ჩამონათვალია. დღესდღეობით აღნიშნული ტიპის ფეხსაცმლის ინდუსტრიაში ისინი მთავარ როლს ასრულებენ. რეალურად, თუ დავფიქრდებით და ქრონოლოგიას მივყვებით, აღმოვაჩენთ, რომ პირველი სპორტული ფეხსაცმლის მწარმოებელი არა რომელიმე მათგანი, არამედ ყველასთვის საყვარელი Converse – All star–ია. “ყველასთვის საყვარელი” აქ შემთხვევით არ არის ნახსენები. ჭეშმარიტი წყაროების მიხედვით, ამერიკელი მოსახლეობის 60% ფლობდა ან ფლობს ქონვერსის მინიმუმ ერთ ფეხსაცმლის წყვილს მაინც.
ყველაფერი 1908 წელს დაიწყო. ამერიკაში, მასაჩუსეტსის შტატში, მარკიზ მილ ქონვერსმა “Converse Rubber Shoe Company” ( ქონვერსის რეზინის ფეხსაცმლის კომპანია) დააფუძნა. მათი სამიზნე პროდუქცია თავდაპირველად მხოლოდ რეზინის ფეხსაცმელი იყო – ე.წ “კალოშები.” თუმცა, შემდეგ, ნელ-ნელა იგი „სნიკერსების“ მწარმოებელ კომპანიად გადაკეთდა. მათი პირველი ფეხსაცმლის ძირითადი ფერები შავი და ყავისფერი იყო.
აღსანიშნავია, რომ მარკიზ მილ ქონვერსი ბავშვობიდანვე დაინტერესებული იყო მოდით. შემდეგ კი იგი კონკრეტულად ფეხსაცმელზე ფოკუსირდა. სწორედ ამ გატაცების საფუძველზე შეიქმნა All Star – ბრენდი, რომელმაც ყველა და ყველაფერი უკან ჩამოიტოვა. დიდების ხეივანში ქონვერსმა დასაწყისიდანვე შედგა ფეხი – 1910 წლისთვის კომპანია დღეში 4 000 ფეხსაცმლის წყვილს ქმნიდა.
1913 წელს ქონვერსმა გამოუშვა კატალოგი, რომელზეც დატანილი იყო ტექსტი: „ჩვენ შევქმენით კომპანია 1908 წელს იმ რწმენით, რომ რეზინის ფეხსაცმლის მწარმოებელი ბრენდი იქნებოდა იმდენად თავისუფალი, რომ იგი არ გაჰყვებოდა სხვა კომპანიების ტენდენციებსა და მუშაობის სტილს.“ – ეს კი, რეალურად, მართლაც ასე იყო. სწორედ ამის შემდეგ, ქონვერსი ცნეს ისეთ ბრენდად, რომელიც შორს იყო სხვების პროდუქციის კოპირებისგან.
თუმცა, რეზინის “მეფობის ხანა” მალევე დასრულდა. მარკიზ ქონვერსი ამჩნევდა, რომ სპორტი ახალგაზრდებში სულ უფრო პოპულარული ხდებოდა და რომ ეს სფერო მალე ხელოვნების დონეზე ავიდოდა. სპორტსმენებს კი ამისთვის განსაკუთრებული რამ სჭირდებოდათ. რა უნდა ყოფილიყო ასეთი რამ, თუ არა განსაკუთრებული ფეხსაცმელი?! იმ პერიოდში უფრო მეტად კალათბურთი იყო ყველაზე პოპულარული და ამიტომაც მარკიზმა კალათბურთელებზე გათვლილი ფეხსაცმლის შექმნა განიზრახა – რასაკვირველია, ყველა ვარსკვლავზე გათვლილი ფეხსაცმელი..
1915 წლამდე ქონვერსის პროდუქციაში სნიკერსის ტიპის ფეხსაცმელი არ გამოჩენილა, თუმცა, ამ წლიდან მათ დაიწყეს მისი წარმოება და შექმნეს ფეხსაცმელი, რომელიც მოგვიანებით მთელ სამყაროს შეუყვარდა. თუმცა, იმ პერიოდში სნიკერსები პოპულარული არ იყო – მისი გაყიდვების რაოდენობა ძალიან ცოტა იყო, რადგანაც იგი არ აღიქმებოდა პრაქტიკულ და კომფორტულ ფეხსაცმლად. მას, ძირითადად, სპორტსმენები ყიდულობდნენ და მოიხმარდნენ. ერთი სიტყვით, იგი კალათბურთელების ფეხსაცმელი იყო.
1917 ქონვერსს All Star წელს ეწოდა იმის გამო, რომ მარკიზი ფიქრობდა, თითოეულ ადამიანს შეუძლია, იყოს ვარსკვლავი სხვადასხვა გზით.
1917 წელს „Akron Firestones-ის“ კალათბურთელმა ჩაკ ტეილორმა პირველად ჩაიცვა ქონვერსის სნიკერსები. პროდუტით აღფრთოვანებულმა სპორტსმენმა კი მალევე, 1921 წელს კომპანიაში განაცხადი შეიტანა. იგი ქონვერსის გუნდს შეუერთდა, რასაც მალევე მოჰყვა მის მიერ ბრენდისთვის ახალი დიზაინის შეთავაზება. კერძოდ, მან ფეხსაცმელი მეტად მოქნილი და ტერფზე მორგებული გახადა. იგი კომპანიაში გაყიდვების მენეჯერის პოზიციას იკავებდა და, ამავდროულად, ბრენდის „ელჩი“ იყო.

1932 წელს, ჩაკ ტეილორის დიდი შრომისა და ბრენდის საყოველთაო აღიარების შემდეგ ქონვერსმა გადაწყვიტა, ბრენდის ლოგოზე ჩაკ ტეილორის სახელი დაემატებინა. ასე შეიქმნა ქონვერსის საბოლოო ლოგო.
1936 წელს თეთრი ფერის ქონვერსები ოლიმპიადების ფეხსაცმლად ცნეს. ეს დიზაინი იმდენად პოპულარული იყო, რომ მოდიდან, ფაქტობრივად, აღარასდროს გადასულა. აღსანიშნავია, რომ თეთრ მოდელს ძირზე ლურჯი და წითელი ხაზები ჰქონდა, რაც ამერიკის დროშასთან იყო დაკავშირებული. 1936 წელსვე, როდესაც კალათბურთი ოლიმპიურ სპორტად ცნეს და კალათბურთის გუნდებმა პირველად მიიღეს მონაწილეობა ოლიმპიურ თამაშებში, ამერიკის მთელ გუნდს ჩაკ ტეილორის ფეხსაცმელი ეცვა. მათ კანადა 19-8 ანგარიშით დაამარცხეს, რის შემდეგაც all star საზოგადოებამ იღბლის მომტან ფეხსაცმლად აღიქვა.
https://www.youtube.com/watch?v=yJasNo0An28
წლების განმავლობაში ქონვერსის სნიკერსებს უამრავი ზედმეტსახელი მოუფიქრა საზოგადოებამ: Cons, Connies, Chuck Norris, Convics, Convos, Chicken Taylors, Verses, Chuckers, Chucks, Chucker Boots და ა.შ და, რაც მთავარია, იგი ყველასთვის “შინაურულ” და საყვარელ ფეხსაცმელს წარმოადგენდა.
ქონვერსი იყო ყველგან და ყოველთვის. იგი არც მეორე მსოფლიო ომს გამოკლებია. 1942 წელს ომში ჩართული მებრძოლების მხარდასაჭერად ბრენდმა გამოუშვა A6 Flying Boot, რომელიც შემდგომ ამერიკის მთელმა შეიარაღებულმა არმიამ ჩაიცვა.
1949 წელს ბრენდმა საზოგადოებას შავ-თეთრი მოდელი წარუდგინა, რომელიც მალევე იქცა ქონვერსის პერმანენტულ სახედ.
მომდევნო წლების განმავლობაში მათ იმდენად ბევრი სპონსორი და სალიცენზიო გარიგება გამოუჩნდათ, რომ პოპულარობას პერმანენტულად ინარჩუნებდნენ. ეს, რასაკვირველია, პოპულარული სპორტსმენების დამსახურებაც იყო. ისინი ავტომატურად უწევდნენ ბრენდს რეკლამირებას. 1957 წლისთვის სნიკერსების მთელი ინდუსტრიის გაყიდვების 80% all star-ზე მოდიოდა.
აღსანიშნავია, რომ ეს იყო ერთადერთი ბრენდი, რომელიც მეოცე საუკუნის შუა ხანებიდან ყველა ურბანულმა სეგმენტმა აითვისა. ქონვერსი იყო ყველგან – მასკულტურის ყველა სპექტრში (იქნებოდა ეს კინო, მუსიკა, რეკლამა და ა.შ).
თუმცა, მათი წარმატება არც თუ ისე ხანგრძლივი გამოდგა. სულ მალე, ბაზარზე Nike გაჩნდა, რომელთან კონკურენციაც ქონვერსისთვის ყველაზე დიდი გამოწვევა იყო. 1968 წელს კი ჩაკ ტეილორი გარდაიცვალა, რამაც სრულიად შეცვალა all star-ის მდგომარეობა, იმდენადაც კი, რომ 2001 წელს ბრენდი გაკოტრებამდე მივიდა. სხვადასხვა ახალმა მფლობელმა და ცუდმა ბიზნეს გადაწყვეტილებებმა ბრენდის მდგომარეობა დაამძიმა, თუმცა, ეს კომპანია თავიდანვე ხარისხიანად იყო მოწყობილი. ალბათ სწორედ ამიტომ შეძლო ახალმა მფლობელმა – Nike-მა ქონვერსის “მკვდრეთით აღდგენა.” მან All Star 305 მილიონ დოლარად იყიდა და სწორედ ამით გადაარჩინა იგი. ქონვერსის დღევანდელი პოპულარობაც სწორედ რომ Nike-ის დამსახურებაა. აღსანიშნავია ისიც, რომ ეს ნაიკის პირველი ფეხსაცმელია, რომელსაც ნაიკის სახელი არ აწერია. მან ლოგოს დიზაინი ისეთივე დატოვა, როგორიც თავდაპირველად იყო.
ამ დროისთვის კალათბურთელებისთვის განკუთვნილი ფეხსაცმელი პოპულარობას, მაინც და მაინც, ვეღარ ინარჩუნებდა. საკალათბურთო ფეხსაცმელმა დიდ ხანს შეუნარჩუნა all star-ს რეპუტაცია, თუმცა, მისი დრო, აშკარად წასული იყო.
ნელ-ნელა, დროთა განმავლობაში, ქონვერსმა განავითარა ხედვა და დაიწყო სხვადასხვა ტიპის ფეხსაცმლის წარმოება – ძირითადად, ეს იყო „lifestyle“ ან ქუჩის სტილის ფეხსაცმელი. რაც მთავარია, პროდუქციას დაემატა ფერები და პრინტები, რამაც საზოგადოების აღფრთოვანება გამოიწვია. ქონვერსი ამიერიდან იყო არა მხოლოდ მუქი ფერების სპორტული ფეხსაცმელი, არამედ კედი, რომელსაც ნებისმიერ დროს ნებისმიერ ადგილზე კომფორტულად იხმარდი.
ქონვერსის ფეხსაცმელში უამრავ ცნობილ სახეს ნახავდით: Guns’n’Roses-ის სოლისტ სლეშსა თუ ელვის პრესლის, კურტ კობეინსა თუ გრინ დეის წევრებს, თანამედროვე რეპერებზე ხომ საუბარიც ზედმეტია.
რაც უნდა იყოს, მსოფლიო მასშტაბით დაფუძნებიდან დღემდე 800 მილიონი ქონვერსის წყვილია გაყიდული. პირველ რიგში, რის გამოც All Star-მა პოპულარობა შეინარჩუნა, იყო მისი დიზაინი – ქონვერსის ფეხსაცმელები უნისექსია, ორივე სქესის წარმომადგენლები მას თანაბრად ხმარობენ. ყოველი ახალი თაობა თავიდან აღმოაჩენს ხოლმე ამ ფეხსაცმელს და შესაბამისად ქონვერსის სნიკერსები ყოველ ჯერზე თავიდან ხდება პოპულარული. ამიტომაა, რომ განსხვავებით იმ პროდუქტებისგან, რომელბიც მოდის ცვალებადობას ვერ უძლებენ, ქონვერსი მუდმივად რჩება სნიკერსების ინდუსტრიის უპირობო ლიდერად.
ავტორი: თინათინ უგრეხელიძე