20
Jun
2016

როგორ ვაწარმოოთ სარეკლამო კამპანიის ეფექტიანობის მონიტორინგი? Allads – ონლაინ რეკლამების განთავსების ცენტრალიზირებული სისტემა

20 Jun 2016

Startauperi
Startauperi


Sopio GachechiladzeAllads ონლაინ რეკლამების განთავსების ცენტრალიზირებული სისტემაა, რომელიც კომპანიებს შესაძლებლობას აძლევს, განათავსონ რეკლამა განსხვავებულ საიტებზე და განახორციელონ რეკლამის სტატისტიკის მონიტორინგი. კომპანია 21-24 ივნისს სტენფორდში, გლობალური მეწარმეობის მე-7 სამიტზე მიიღებს მონაწილეობას და პოტენციურ ინვესტორებს შეხვდება. როგორ შეიქმნა Allads და რა მოლოდინები აქვთ სამიტზე მონაწილეობასთან დაკავშირებით? ამ და სხვა საინტერესო საკითხებზე კომპანიის აღმასრულებელ დირექტორს სოფიო გაჩეჩილაძეს ვესაუბრეთ.

M: რა პრობლემის გადაჭრას ისახავს მიზნად Allads?

მას შემდეგ, რაც ინტერნეტ ინდუსტრია განვითარდა და რეკლამებმა ინტერნეტ სივრცეში გადაინაცვლეს, ქართული კომპანიები გამოწვევის წინაშე დადგნენ: რეკლამის განსათავსებლად კომპანიებს ბევრი დროისა და რესურსის ხარჯვა უწევთ. ეს გაცილებით უფრო დიდ პრობლემას წარმოადგენს იმ კომპანიებისათვის, რომელთაც პარალელურად რამდენიმე სარეკლამო კამპანიის წარმოება უწევთ. დავინახეთ, რომ ბაზარზე ონლაინ რეკლამების ცენტრალიზირებულ სისტემაზე იყო მოთხოვნა და გადავწყვიტეთ, ეს პრობლემა ჩვენ გადაგვეჭრა, რისი შედეგიცაა Allads-ის დაფუძნება.

enterpreneurship obama

M: რა არის თქვენი მიზანი?

ჩვენი მიზანია რეკლამების სფეროში გლობალური მაშტაბით მოვახდინოთ ცვლილება, რათა კომპანიებმა შეძლონ რეალურ შედეგებში დახარჯონ ბიუჯეტი! მომხმარებელმა კი ნახოს მხოლოდ ის რეკლამა, რაც მისთვისაა საინტერესო. ეს ხდება სპეციალური კოდის საშუალებით, რომელიც აკონტროლებს ე.წ. Cookies და რომელიც თან ატარებს მომხმარებლის browsing ინფორმაციას. საიტი ცნობს მომხმარებელს და აჩვენებს მხოლოდ იმას რაც მას დააინტერესებს და შესაბამისად, აღარ აჩვენებს სხვა რეკლამებს. ამჟამად ვმუშაობთ პროდუქტზე, რომელიც კომპანიებს გაუმარტივებს იმის გაგებას, თუ რამდენმა ადამიანმა ნახა კონკრეტული რეკლამა და შესაძლებლობას მისცემს, შეაფასონ მომხმარებლის დამოკიდებულება. ეს ყველაფერი კი, კომპანიებს სარეკლამო კამპანიების უკეთ დაგეგმვასა და გაყიდვების გაზრდაში დაეხმარებათ, უკეთ დაგეგმონ თავიანთი სარეკლამო კამპანიები და გაზარდონ გაყიდვები.

M: ამჟამად, განვითრების რა ეტაპზეა თქვენი სტარტაპი?

კომპანია უკვე თანამშრომლობს საქართველოს 50 ვებ გვერდთან და 30 კომპანიასთან. ჩვენი გუნდი მუშაობს ბეტა ვერსიის შექმნასა და ინოვაციური პროდუქტის დანერგვაზე. ასევე, ვეძებთ ინვესტიციას როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ. გლობალურ მეწარმეობის სამიტზე ინვესტიციის მიღების რეალური შესაძლებლობა გვაქვს.

stanford summit

M: რას გულისხმობს სტენფორდის უნივერსიტეტის მეწარმეობის სამიტი და როგორ მოხვდით იქ?

გლობალური მეწარმეობის სამიტი ყოველწლიურად იმართება მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში. რიგით მეშვიდე სამიტი წელს სტენფორდში ჩატარდება და მას ამერიკის პრეზიდენტი ბარაკ ობამა გაუძღვება. სამიტის მიზანია, წარმოაჩინოს წარმატებული და ნიჭიერი მეწარმეები, დააკავშიროს ისინი ინვესტორებთან და შექმნას რეალური შესაძლებლობები ახალი ინვესტიციების, პარტნიორობისა და თანამშრომლობის შესაქმნელად. სამიტზე წარმოდგენილნი იქნებიან ისეთი კომპანიები, როგორებიცაა: Linkedin, Uber, Airbnb, Google, Dell, Facebook, Yahoo და ა.შ. ახალგაზრდა მეწარმეებს შესაძლებლობა ექნებათ, პირადად გაესაუბრონ მათ დირექტორებს და მიიღონ ფასეული რჩევები. allads.ge 4000 აპლიკანტიდან იქნა შერჩეული და მსოფლიოს 150 სტარტაპ კომპანიასთან ერთად იქნება წარმოდგენილი სამიტზე, ინოვაციების და ტექნოლოგიების სამყაროს ცენტრში, სილიკონის ველზე.

M: რა შესაძლებლობებს მოგცემთ სამიტზე დასწრება და რა მოლოდინები გაქვთ?

სამიტზე ჩვენი მთავარი მიზანია ახალი კონტქატების მოძიება, ინვესტორებისთვის ჩვენი იდეის გაცნობა და ინვესტიციის მოზიდვა. ასევე, მნიშვნელოვანია საჭირო ინფორმაციისა და ცოდნის მიღება მსოფლიოს წამყვანი კომპანიების წარმომადგენლებისაგან. ჩვენი სურვილია, სწორი რჩევები მივიღოთ ჩვენს წინაშე არსებული გამოწვევების დასაძლევად.

სხვებსაც ვურჩევ, არ გამოტოვონ მომავალი წლის აპლიკაცია და აუცილებლად დარეგისტრირდნენ ამ სამიტზე, შერჩევის შემთხვევაში, პროგრამა ამერიკის მთავრობის მიერ ფინანსდება და იქ ცხოვრების ხარჯებს უზრუნველყოფს.

2016 წლის 21 ივნისიდან 24 ივნისის ჩათვლით შეგიძლიათ თვალი ადევნოთ გლობალური მეწარმეობის სამიტის პირდაპირ ტრანსლაციას და იყოთ ონლაინ დელეგატი. სამიტის შესახებ მეტი ინფორმაციის გასაგებად და მასში მონაწილეობის მისაღებად გადადით საიტზე.

 



განხილვა