in

„მფრინავი შოტლანდიელი” – ყოფილი მრბოლელი, რომელიც დღეს Audi-ს სპორტული მიმართულების ელჩია

ალან მაკნიში ცნობილი მრბოლელია, რომელმაც თავისი კარიერის განმავლობაში მრავალი ოფიციალური ტიტული და, მათ შორის, შერქმეული სახელებიც მოიპოვა. ერთ-ერთი ასეთია „მფრინავი შოტლანდიელი”, რაც მის წარმომავლობასა და ტრასებზე გამართულ სანახაობებს გამოხატავს. მან დიდი როლი შეასრულა ავტოისტორიაში, რითაც ჩვენი რუბრიკის ყურადღება ნამდვილად დაიმსახურა.

ბიოგრაფია

ალან მაკნიში შოტლანდიის ქალაქ დუმფრში 1969 წლის 29 დეკემბერს დაიბადა. სკოლაში სწავლის პერიოდში იგი ფეხბურთით იყო გატაცებული და Nottingham Forest-ს გულშემატკივრობდა. 

მისი, როგორც მრბოლელის კარიერა1981 წელს დაიწყო კარტინგში, რითაც ის მიხვდა, რომ რბოლა იყო საქმე, რომელიც არაჩვეულებრივად გამოსდიოდა და ამ სფეროში მას შეეძლო ისეთი წარმატებისთვისაც კი მიეღწია, რომელიც მას დიდებას მოუტანდა. სწორედ ამიტომ მან გეზი ფორმულა 1-ისკენ აიღო და 1988 წელს მოიგო ფორმულა Vauxhall Lotus Championship, თუმცა მისი გამორჩეული აღმავლობა 1995 წლიდან დაიწყო, როდესაც ის Porsche-ს მრბოლელად იქცა და ბრენდმა ამ დროს, თავისი 911 GT1 მოდელით, რევოლუცია მოახდინა. 

მაკნიშმა სწორედ ამ მანქანით მოიგო Le Mans-ის 24-საათიანი რბოლა 1998 წელს. მოგვიანებით იგი ტრასებზე გამოჩნდა Toyota-სა და Audi-სთან ერთად. მან ასევე დიდ წარმატებას მიაღწია Audi-ს American Le Mans-ის სერიებში. 

ალანი და ფორმულა 1

იქიდან გამომდინარე, რომ ალანს თავიდანვე ფორმულა 1-ისკენ ჰქონდა სწრაფვა, ის მთელი 90-იანებისა თუ 2000-იანების დასაწყისში თავის კარიერას ამ რბოლებს უთმობდა. წლების განმავლობაში ის იყო ფორმულა 1-ის სატესტო მძღოლი სხვადასხვა ბრენდისთვის. ესენი იყო McLaren-ის, Benetton-ისა და Renault-ის გუნდები. ამას გარდა, მან Le Mans-ის რბოლები მოიგო სამჯერ: 1998, 2008 და 2013 წლებში. აღსანიშნავია, რომ 2013 წელს მან მოიგო FIA მსოფლიო ჩემპიონატი, რაც მისი, როგორც აქტიური მრბოლელის ბოლო სეზონი იყო.

ალან მაკნიში და მისი დამსახურებები

მშობლიურ შოტლანდიასა და გაერთიანებულ სამეფოში მაკნიშმა მრავალი ჯილდო მიიღო. გარდა ამისა, ის არის შოტლანდიის საავტომობილო რბოლების კლუბის (SMRC) საპატიო პრეზიდენტი.

საინტერესოა ისიც, რომ „მფრინავი შოტლანდიელი” ასევე მუშაობდა BBC-ის წამყვანად და სატელევიზიო კომენტატორად. მისი, როგორც მრბოლელის აქტიური კარიერის დასრულების შემდეგ, იგი გახდა Audi-ს ბრენდის ელჩი და უმასპინძლა მრავალრიცხოვან ღონისძიებებს, პრესკონფერენციებსა და სატელევიზიო სპექტაკლებს, რომლებიც ბრენდის ფარგლებში გაიმართა. 

2015 წელს მაკნიში გახდა Audi ჯგუფის მოტორსპორტის საქმიანობის კოორდინატორი. ამ როლში მას ასევე ევალებოდა Audi-ს ქარხნის მომზადება ფორმულა E ელექტრო რბოლისთვის. ამის შემდეგ იგი მალევე დაინიშნა Audi Sport ABT Schaeffler ფორმულა E-ის გუნდის დირექტორად.

ალან მაკნიშის სახელი დღეს

ალან მაკნიში არის ცნობილი და პოპულარული ფიგურა Motorsport-სა და ფორმულა 1-ში. დღეს ის მსოფლიო Sportscar Racing-ის ელიტას წარმოადგენს. მის კარიერაში კიდევ ერთი საინტერესო და აღსანიშნავი ფაქტი ის იყო, რომ გახდა ყველაზე წარმატებული ბრიტანელი, რომელმაც ამერიკის ერთ-ერთი ყველაზე პატივსაცემი რბოლა, Sebring 12 hours 4-ჯერ მოიგო. 

დღეს ის რბოლაში მონაწილეობას აღარ იღებს. შეიძლება ითქვას, რომ უკვე პენსიაზეა, თუმცა Audi ბრენდის ელჩი აგრძელებს საკუთარი წვლილის შეტანას ავტოისტორიაში.

ავტორი: მარიამ გოჩიაშვილი

როგორ გაჩნდა „გინესის რეკორდების წიგნის“ შექმნის იდეა?

500 Georgia-ს მეოთხე ნაკადის დემო დღე შედგა!