„ალიანს ჯგუფის“ ბიზნესის განვითარებისა და მარკეტინგის ხელმძღვანელი მურთაზ ფუტკარაძე გახდა. მას აქვს 12-წლიანი გამოცდილება მომსახურების სფეროსა და ფინანსურ ინსტიტუციებში. მისი პორტფოლიო მოიცავს ისეთ პროექტებს, რომლებმაც ბაზარზე მენტალური ჯანმრთელობის დაზღვევის დანერგვას თუ ციფრული არხების ტრანსფორმაციას შეუწყო ხელი. ახალი როლი ჰიბრიდულია და მარკეტინგული კომუნიკაციის მიღმა, უშუალოდ ბიზნესის განვითარებას, ახალი არხების გენერირებასა და კომერციული სტრატეგიის ფორმირებას გულისხმობს. როგორ აპირებს ახალი მენეჯმენტი ბათუმური ფესვების მქონე კომპანიის გლობალურ პოზიციონირებას და როგორ ხედავს კომპანიის დეველოპმენტს? – დეტალებზე მურთაზ ფუტკარაძე გვესაუბრა.
M: მურთაზ, სანამ უშუალოდ „ალიანს ჯგუფის“ გუნდში გადასვლაზე ვისაუბრებთ, მიმოვიხილოთ შენი განვლილი გზა – რა გამოცდილებით უერთდები გუნდს?
ბოლო 4 წელი „თიბისი დაზღვევაში“ გავატარე, სადაც მქონდა პატივი, მემუშავა გუნდთან ერთად, რომლისთვისაც შეუძლებელი არაფერი იყო. ეს პერიოდი ჩემთვის არა მხოლოდ კარიერული ზრდის, არამედ ღირებულებების შექმნის მნიშვნელოვანი ეტაპი იყო. განსაკუთრებით მეამაყება მენტალური ჯანმრთელობის დაფარვის ინტეგრირება დაზღვევაში – პირველად ქართულ ბაზარზე, რასაც მოჰყვა კამპანია „დასამალი არაფერია“. ასევე, გამოვყოფდი ბრენდის პლატფორმის განახლებას კამპანიით „სანერვიულო არაფერია“, რომელმაც კომპანიის Top of Mind ცნობადობა ორნიშნა მაჩვენებლით გაზარდა.
ჩემთვის, როგორც მარკეტერისთვის, ერთ-ერთი საყვარელი „ქეისი“ პროდუქტის პოზიციონირების კამპანია – „ყველაზე სწრაფი ავტოდაზღვევაა“. ამ პროექტმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, როგორ შეიძლება კრეატიული თხრობა კონვერტირდეს ბიზნეს შედეგებად და NPS-ის (მომხმარებელთა კმაყოფილების) ლიდერობა გაგვიმტკიცოს.
მანამდე იყო MY Group-ის მარკეტინგის ხელმძღვანელობა, კიდევ უფრო ადრე „აქსისი“, „პალიტრა ჯგუფი“ და სხვა. ჯამში, 12 წელია ვმუშაობ ინდუსტრიის ლიდერ კომპანიებში – იქნება ეს E-Commerce, უძრავი ქონება თუ ფინანსური ინსტიტუციები.
M: ფინანსური სექტორიდან უძრავ ქონებაში დაბრუნება საინტერესო გადაწყვეტილებაა. რით არის შენთვის მიმზიდველი დეველოპმენტის მარკეტინგი დღევანდელ მოცემულობაში?
„ალიანს ჯგუფში“ გადმოსვლა ჩემთვის უძრავი ქონების კლასიკური აღქმის ცვლილებას უკავშირდება. თუ ტრადიციულად ეს სფერო საცხოვრებელ სახლთან ასოცირდება, ჩვენს შემთხვევაში საქმე გვაქვს კონცეპტუალურ საინვესტიციო პროდუქტებთან. ეს კარდინალურად ცვლის თამაშის წესებს – როგორც პოზიციონირების, ისე კომერციული სტრატეგიის კუთხით.
ნებისმიერი პროფესიონალისთვის უდიდესი მოტივაციაა საკუთარი შრომის ხელშესახები შედეგის დანახვა. დეველოპმენტი გაძლევს უნიკალურ შანსს, თვალი ადევნო, როგორ შენდება და ცოცხლდება პროექტი, რომლის განვითარებაშიც წვლილი შეიტანე, დააკვირდე შენი საქმიანობის გავლენას ურბანულ დონეზე ათეული წლების შემდეგაც კი.
გარდა ამისა, აქ ჩემი პირადი და პროფესიული ინტერესები იკვეთება. არქიტექტურის სიყვარული ბავშვობიდან მომყვება და კარიერის დასაწყისში „აქსისში“ მიღებულმა გამოცდილებამ ეს ინტერესი კიდევ უფრო გააღვივა. დღეს, ეს ინდუსტრია საშუალებას მაძლევს, დავრჩე მარკეტინგში და პარალელურად, ეს ინტერესიც დავიკმაყოფილო. როცა ტრადიციული ინდუსტრიები საქართველოში პიკს აღწევენ, უძრავი ქონების ბაზარი ყოველწლიურად ორნიშნა მაჩვენებლით იზრდება, რაც საკუთარი უნარების რეალიზებისთვის დიდ არეალს ქმნის.
M: შენი პოზიცია მარკეტინგისა და ბიზნესის განვითარებას აერთიანებს. კონკრეტულად რას მოიცავს ეს როლი და რა იქნება მთავარი მიზანი?
მიუხედავად იმისა, რომ ყოველთვის ახლოს ვიყავი ბიზნეს პროცესებთან, ეს ჩემი პირველი როლია, რომელიც ოფიციალურად აერთიანებს მარკეტინგსა და ბიზნესის განვითარებას. თუ ტრადიციული CMO ხშირად ფოკუსირებულია იმაზე, „როგორ ვთქვათ“, ამ პოზიციაზე ჩემი ფოკუსია – „როგორ გავზარდოთ“.
ეს არის სტრატეგიული როლი, რომელიც აერთიანებს ზრდის ორ მთავარ ძრავას: ბრენდის ცნობადობას (Demand Generation) და ახალი შემოსავლის წყაროების გენერირებას. ჩემი მიზანია, ჩავერთო კომპანიის კომერციული სტრატეგიის ფორმირებაში და წვლილი შევიტანო ციფრული ეკოსისტემის განვითარებაში, რაც ჩვენი ინვესტორებისთვის უნიკალურ გამოცდილებას შექმნის და გაყიდვების არხებს გაამრავალფეროვნებს. გუნდს ამ მიმართულებით უკვე დიდი სამუშაო აქვს გაწეული და მოხარული ვარ, რომ ამ პროცესის ნაწილი გავხდები.
M: როგორია ის მარკეტინგული სტრატეგია, რასაც შენი აზრით ეს სფერო ახლა საჭიროებს და რის დანერგვას აპირებ?
მიუხედავად იმისა, რომ სულ რამდენიმე თვეა ამ ინდუსტრიაში დავბრუნდი, მჯერა, რომ წარმატების გასაღები მომხმარებელზე ფოკუსირება, საინფორმაციო ველის გარღვევა და ულტრა-პერსონალიზებული გამოცდილების შექმნაა.
ჩემი ხედვით, მთავარი აქცენტი ბრენდის გამოცდილების პროაქტიულ შექმნაზე უნდა გაკეთდეს – როგორც ციფრულ სივრცეში, ასევე, და განსაკუთრებით, ფიზიკურ გარემოში. სექტორის განვითარებისა და ბრენდების სიმრავლის მიუხედავად, ვფიქრობ, ჯერ კიდევ არსებობს გაუმჯობესების არეალი ბრენდის დაპირების ერთგულებისა და გრძელვადიანი ზრდის მიმართულებით.
ამიტომ, ჩემი სტრატეგია ეფუძნება სამ პრინციპს: დაპირების ერთგულება, ავთენტური კონტენტი და ბრენდის ხელშესახები გამოცდილების შექმნა. მიუხედავად იმისა, რომ უძრავ ქონებას ვყიდით, ემოციური და ავთენტური თხრობა გადამწყვეტია.
ჩვენი სტრატეგია არ არის მხოლოდ კონკრეტული პროექტების რეკლამირება. ჩვენთვის პრიორიტეტულია თავად ლოკაციებისა და ქალაქების პოპულარიზაცია საერთაშორისო მასშტაბით – ჩვენ არ ვყიდით მხოლოდ კვადრატულ მეტრებს, ჩვენ ვქმნით საინვესტიციო გარემოს. ასევე, უდიდეს რესურსს დავუთმობთ შიდა კომუნიკაციას. მჯერა, რომ ბრენდის პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი აუდიტორია თანამშრომელია, ამიტომ ორგანიზაციული კულტურის გაძლიერება ჩვენი დღის წესრიგის განუყოფელი ნაწილი იქნება.
M: და ბოლოს, რამ განაპირობა შენი არჩევანი „ალიანსის“ სასარგებლოდ?
გუნდი იყო ის მთავარი ფაქტორი, რამაც გადაწყვეტილება „ალიანსის“ სასარგებლოდ მიმაღებინა. ჯერ კიდევ მოლაპარაკებების ეტაპზე დავინახე მათი მოტივაცია, საქმისადმი ერთგულება და ენერგია, რამაც გამიჩინა სურვილი, მეც ამ ორგანიზმის ნაწილი გავმხდარიყავი.
ამასთან, მე თავად ბათუმელი ვარ, რაც დამატებითი ემოციური ფაქტორია. „ალიანს ჯგუფი“ ხომ 20 წლის წინ ბათუმში დაიბადა და დღეს უკვე „ლენდმარკ“ პროექტებს ახორციელებს მთელი ქვეყნის მასშტაბით. ჩემთვის ამ კომპანიაში მოსვლა, გარკვეულწილად, მშობლიურ კლუბში დაბრუნებას ჰგავს.
ბათუმი ჩემთვის ყოველთვის ასოცირდებოდა კოსმოპოლიტურ, ტოლერანტულ და თანამედროვე ქალაქთან. „ალიანს ჯგუფი“ კი დღეს ბათუმის ახალი დინამიკის შექმნის ეპიცენტრშია. მიხარია, რომ კომპანიას აქვს ამბიციური გეგმები, რომლებიც გრძელვადიანი ღირებულების შექმნაზეა ორიენტირებული და დარწმუნებული ვარ, ეს ტემპი მხოლოდ გაიზრდება.
ავტორი: თამარ მეფარიშვილი











