in

„Allproperty მაკლერებს ჩაანაცვლებს“

Allproperty.ge უძრავი ქონების საძიებო სისტემაა, რომელიც დეველოპერებსა და უძრავი ქონების მფლობელ ფიზიკურ პირებს მსყიდველუნარიან კლიენტებთან, შუამავლის გარეშე აკავშირებს. ურთიერთობის ახალი მოდელი ბაზარზე არსებული პრობლემებისა და საჭიროებებიდან გამომდინარე შეიქმნა. „ჩვენ რასაც ვაკეთებთ, არსებულ სტერეოტიპებს ეწინააღმდეგება. ჩვენ ვცვლით ბაზარს“, – Allproperty.ge-ს დამფუძნებელი, გიორგი ჩუმაშვილი.

Allproperty 6 წელია, უძრავი ქონების ბაზარზე არსებობს და 2018 წლამდე, კონსალტინგის, ციფრული მარკეტინგისა და გაყიდვების მიმართულებით, 146-ზე მეტ სამშენებლო-დეველოპერულ კომპანიასთან უთანამშრომლია. დღეს, Allproperty-ზე შესაძლებელია სხვადასხვა მომსახურების მიღება: „გვითხარი, რას ეძებ“, Faceboook რეკლამა, დაინტერესებული კლიენტების ნახვა და პოტენციურ კლიენტებთან პირდაპირი კომუნიკაცია.

კომპანიას აქვს მსყიდველუნარიანი კლიენტების განახლებადი ბაზა. allproperty ფლობს ინფორმაციას სამშენებლო-დეველოპერული კომპანიების შესახებ. ინოვაციური პროდუქტები და დაგროვილი ცოდნა allproperty-ს აძლევს კონკურენტულ უპირატესობას, – გიორგი ჩუმაშვილი.

რაც შეეხება კომპანიის მთავარ მიზანს, ერთია: „მყიდველები და გამყიდველები, შუამავლის გარეშე, დავაკავშიროთ ერთმანეთს“.

ჩვენს კითხვაზე, უფრო კონკრეტულად, რას გულისხმობენ, როცა ამბობენ: „ჩვენ ვცვლით ბაზარს“, Allproperty.ge-ს დამფუძნებელი, გიორგი ჩუმაშვილი გვპასუხობს: „ჩვენი შემოტრიალებული მოდელი გულისხმობს, რომ ადრე თუ უძრავი ქონების მფლობელი დებდა განცხადებას, უკავშირდებოდა მაკლერს და ცდილობდა, ქონება სხვადასხვა საშუალებით გაეყიდა, ჩვენს შემთხვევაში, პირიქითაა. მფლობელი დებს განცხადებას, შემდეგ კი, ელექტრონული ფოსტით, იღებს მისი შეთავაზებით დაინტერესებული კლიენტების რაოდენობას. უძრავი ქონების მფლობელის სურვილისა და პოტენციური მყიდველების თანხმობის შემთხვევაში, შესაძლებელია, კლიენტების (მსყიდველუნარიანი ადამიანების) საკონტაქტო ინფორმაციის შეძენა და მათთან, შუამავლის გარეშე, კომუნიკაცია. ეს არის ინოვაციური პროდუქტი, რომელსაც მომხმარებელს, ქართულ ბაზარზე, მხოლოდ Allproperty.ge სთავაზობს“.

დავით ჭუმბურიძე, სამშენებლო კომპანია „დავიდეს“ დამფუძნებელი: Allproperty-სთან თანამშრომლობა ნიშნავს სწრაფ გაყიდვებს, ლიკვიდური (ფულად ქცევადი) და არალიკვიდური ფართების სწრაფ რეალიზაციას და შესაბამისად, ადეკვატური თანხის მიღებას, უკვე დასრულებული პროექტებიდან. კომპანიას აქვს მომხმარებლების საკმაოდ დიდი ბაზა, რაც საშუალებას აძლევს მათ, რომ კონკრეტულ ქონებას შესაბამისი, მსყიდველუნარიანი კლიენტი დაუკავშირონ. ჩვენი გამოცდილებით, Allproperty-ს მიერ ჩვენს პროექტებში ჩართვა გაყიდვების 50%-მდე დაჩქარებას ნიშნავს“.

დეველოპერების გარდა, Allproperty.ge უძრავი ქონების მფლობელ ფიზიკურ პირებსაც სთავაზობს მომსახურებას. როგორც მარიამ ხომერიკი ამბობს, ფიზიკურ პირებს არ აქვთ შესაძლებლობა, საკუთარ ფეისბუკგვერდზე განათავსონ ფასიანი რეკლამა. ამიტომ, როგორც წესი, უწევთ ხოლმე განცხადებების სხვადასხვა საიტზე განთავსება და პოტენციური კლიენტების ლოდინი.

Allproperty.ge-მ ამ პრობლემის საპასუხოდ, ფიზიკურ პირებს საიტის გავლით, ფასიანი რეკლამის განთავსების საშუალება მისცა. დამატებით კი, ფოტოგრაფისა და დიზაინერის მომსახურება შესთავაზა. იმიტომ, რომ როგორც თავადვე ამბობენ: „რეკლამის ფეისბუკზე განთავსება დაინტერესებას 8-ჯერ, ხოლო პროფესიონალური ფოტოები – 15-ჯერ ზრდის“.

M: რა აძლევს Allproperty-ს მომხმარებელს, ამ შემთხვევაში, უძრავი ქონების მფლობელ ფიზიკურ პირს, იმის გარანტიას, რომ საიტზე განთავსების შემთხვევაში, მისი უძრავი ქონებით დაინტერესება 8-ჯერ გაიზრდება?
გიორგი ჩუმაშვილი: 6 წლის განმავლობაში, სააგენტო „ლივინგსტონთან“ ერთად, ვარჩევდით ჩვენს სამიზნე სეგმენტს – უძრავი ქონების სფეროში ჩართულ ადამიანებს. ამ დროის განმავლობაში, ფეისბუკზე 150 000-ზე მეტი მიმდევარი, ე.წ. Follower დავაგროვეთ. შესაბამისად, ჩვენთან დადებულ პოსტს ბევრად მეტი „რიჩი“ (აუდიტორიაზე წვდომა) აქვს, ვიდრე მაგალითად, ნებისმიერ სხვა დეველოპერისას, რომელსაც უძრავი ქონების შესახებ ინფორმაცია, საკუთარ გვერდზე აქვს გაშვებული. ამას კი, როგორც აღვნიშნე, ჩვენ მიერ ზუსტად შერჩეული მიზნობრივი აუდიტორია განაპირობებს“.

უძრავი ქონებით დაინტერესებული ადამიანებისთვის, Allproperty-მ საიტს მომსახურება „გვითხარი, რას ეძებ“ დაამატა. მომხმარებლებს შეუძლიათ, სხვადასხვა ველის შევსებით, დააფიქსირონ მოთხოვნა საიტზე. ამის შემდეგ, მათ ქოლ ცენტრის ოპერატორი დაუკავშირდება და სასურველ უძრავ ქონებას მოუძებნის. „გვინდა, მომხმარებლებს აღარ ჰქონდეთ, დღესდღეობით, აქტუალური კითხვა, „კარგ მაკლერს ხომ არ იცნობ?“ – გიორგი ჩუმაშვილი.

Allproperty-ს მომსახურებასთან დაკავშირებით, აზრი შოთა გუჯაბიძეს, უძრავი ქონების ბაზრის ექსპერტსაც ვკითხეთ: „დეველოპერებზე მორგებული საიტები, უძრავი ქონების მფლობელები რომ პირდაპირ უკავშირდებოდნენ პოტენციურ კლიენტებს, აქამდეც იყო. ამიტომ, Allproperty-ს ეს პროდუქტი ინოვაციური ნამდვილად არაა, თუმცა, არც ძალიან ბევრი მსგავსი შეთავაზებაა ბაზარზე. კლიენტსა და დეველოპერს შორის პირდაპირი კომუნიკაცია კარგია, თუმცა მაკლერს თავისი ფუნქცია აქვს. მარტო საქართველოში ხდება, რომ მაკლერების ფუნქცია მხოლოდ უძრავი ქონების ფოტოების საიტზე ატვირთვა და საკუთარი ნომრის მითითებაა. რეალურად, კარგ რეალტორს გაცილებით მეტი სამუშაო აქვს – დეველოპერთან ჰქონდეს ურთიერთობა, რის შედეგადაც, კლიენტს სასურველი უძრავი ქონებით დააკმაყოფილებს.

კომპიუტერული გამოთვლითი სისტემა ადამიანს ვერ ჩაანაცვლებს, ჯერჯერობით მაინც. მით უმეტეს, ვაჭრობის ისეთ მნიშვნელოვან სეგმენტში, როგორიც საცხოვრისია. საიტს შეუძლია, მომხმარებელს გაუმარტივოს მაკლერამდე მისასვლელი გზა, ანუ მაკლერთან კლიენტის გაფილტრული მოთხოვნა მივიდეს. მაგრამ მესაკუთრესა და კლიენტის ურთიერთობას შორის მაკლერის გათიშვა არ შეიძლება.

დღესდღეობით, როგორც წესი, ერთი ქონების გაყიდვით, რამდენიმე რეალტორი არის ხოლმე დაკავებული. კლიენტებისგან კი, ანაზღაურების სახით, სხვადასხვა თანხას იღებენ. შესაბამისად, ეს მყიდველის მიერ ნაკლებ ნდობას იწვევს. ალბათ, აგენტის „გაქრობის“ საჭიროებაც სწორედ ამიტომ გაჩნდა.

  • რაც შეეხება Allproperty-ს დიზაინს – წინა ინტერფეისში რაც მომწონდა, იყო ის, რომ თუ არ ვცდები, Allproperty.ge იყო ერთ-ერთი პირველი ვებგვერდი, რომელსაც საიტზე განთავსებული განცხადებების საშუალოსტატისტიკური მაჩვენებლის დიაგრამები ჰქონდა წარმოდგენილი. დღეს, ამას ვეღარ ვხედავ;
  • არათემატურ რეკლამებსა და ბანერებზე მინიმალური სივრცეებია დათმობილი და ეს ძალიან კარგია;
  • პირველ გვერდზე განცხადებები მინიმალური რაოდენობითაა წარმოდგენილი, არადა ჯობს, მეტი განცხადება იყოს. რეალურად, ხომ ამ განცხადებების სანახავად შემოდის მომხმარებელი საიტზე;
  • კომპანიის მხრიდან, ინოვაციურობის სურვილი, რომ მოსახერხებელი გახადოს ძებნის პარამეტრები, მისასალმებელია, თუმცა მისი ზედმეტად გადატვირთვა, დამღლელია. კარგი იქნება, დაახლოებით, 2-3 დაწკაპუნებით რომ შეიძლებოდეს მომხმარებლის მოთხოვნის ფილტრაცია.

საიტის საძიებო სისტემასთან დაკავშირებით, ავტორების პასუხი ასეთია. გიორგი ჩუმაშვილი: „მთელ ნახევარ გვერდს ვუთმობთ საძიებო სისტემას. ბევრი ფოკუს ჯგუფი ჩატარდა, სხვადასხვა ვარიანტი, ექსპერიმენტი ვცადეთ. თუმცა, საბოლოოდ, ეს მომენტი დავიჭირეთ, რომ ჩვენთვის „სერჩი“ იყო ყველაზე მთავარი. ვფიქრობთ, რომ მომხმარებლისთვის ერთ-ერთი ყველაზე მარტივი და მორგებული ფუნქციონალია“.

Allproperty-ს დამფუძნებელი, გიორგი ჩუმაშვილი ESM-ელ. მან შექმნა სუპერმარკეტების ქსელი „იოლი“, შემდეგ „გუდვილის“ რეაბილიტაციის მმართველი და „ორი ნაბიჯის“ ქსელის კონსულტანტი იყო საცალო ვაჭრობაში.

უძრავ ქონებასთან შეხება „იოლზე“ მუშაობის პერიოდში მომიწია. კანიბალიზმის უმაღლესი მწვერვალი იყო. ვცადე მაკლერებთან, ბროკერებთან დიალოგი, თუმცა უშედეგოდ. ძალიან მინდოდა, უძრავი ქონების ბაზარზე რაღაც შემეცვალა და სწორედ ამ მიზნით შევქმენი Allproperty.ge – დღეს, უკვე უძრავი ქონების საძიებო სისტემა“.

ქართული პროდუქცია, ჩინეთში, საგამოფენო სივრცეებითა და სხვა სერვისებით უფასოდ ისარგებლებს

„ბილაინი“, Huawei-ს სმარტფონის შეძენის შემთხვევაში, მომხმარებლებს ასაჩუქრებს