დღეს სოციალური ქსელების დახმარებით ადამიანებთან, მათ შორის, ჩვენთვის უცნობ პირებთან დაკავშირება თითქოსდა პრობლემას აღარ წარმოადგენს. არადა, უფრო თუ ჩავუღრმავდებით ამ საკითხს, არც მთლად ასე არ არის საქმე. რამდენჯერ არ უნახავთ ან უპასუხოდ დაუტოვებიათ თქვენი შეტყობინება ადამიანებს, რომლებსაც არ იცნობთ, თუმცა გარკვეული მიზნით მათთან დაკავშირება დაგჭირვებიათ? სავარაუდოდ, ასეთი რამ უმეტესობას ერთხელ მაინც გამოგვიცდია. სწორედ ამ რეალობას ცვლის ახალი ქართული, თუმცა გლობალურ ბაზარზე გათვლილი აპლიკაცია – Ally, რომელიც სასურველ პირებთან უახლოესი საერთო ნაცნობების გამონახვასა და მათი შუამავლობით მათთვის ხმის მიწვდენაში გვეხმარება.
მაინც როგორ მუშაობს Ally და როგორ ცვლის ის ერთმანეთთან დაკავშირების გზებს? – ახალ სტარტაპზე მის Angel ინვესტორს, ლევან ლაშქარავას ვესაუბრეთ.
ლევან, რა არის Ally და როგორ მუშაობს ის?
Ally აპლიკაციაა, რომელიც „6 ხელის ჩამორთმევის“ თეორიის პრინციპებს ეფუძნება. მოგეხსენებათ, ამ თეორიის მიხედვით, ადამიანები იმაზე მეტად ვართ ერთმანეთთან დაკავშირებული, ვიდრე გვგონია და რომ ჩვენთვის უცნობ ნებისმიერ ადამიანამდე მაქსიმუმ 6 პირი გვაშორებს. Ally კი ამ შუამავალი ადამიანების გამოძებნაში გვეხმარება და, რაც მთავარია, შესაძლებლობას გვაძლევს ერთმანეთს სანდო კონტაქტების მეშვეობით დავუკავშირდეთ.
პროცესი ამგვარია: Ally-ში რეგისტრაციის შემდეგ, ახდენთ თქვენი პირადი კონტაქტების სინქრონიზაციასა და დახარისხებას, კონკრეტულად, უთითებთ, ვისთან გაქვთ ახლო ურთიერთობა ან უბრალო ნაცნობობა. ამ ინფორმაციის გამოყენებით, საძიებო ველში სასურველი პირის სახელისა და გვარის ჩაწერის შემდეგ, აპლიკაცია დააგენერირებს თქვენს სანაცნობო წრეს და გაჩვენებთ იმ ახლო კონტაქტებს, რომელთაც შეგიძლია სასურველ ადამიანთან თავის წარდგენა სთხოვოთ.
რა პრობლემას ჭრის Ally და რით განსხვავდება ის სოციალური ქსელებისგან?
ყველას გვქონია და გვექნება საჭიროება, რომ, მაგალითად, სასურველ ექიმს, მასწავლებელს, დამსაქმებელს ან სხვა ნებისმიერ ადამიანს მივაწვდინოთ ხმა. Ally კი ის ქმედითი ინსტრუმენტია, რომელიც ამ პრობლემის გადაჭრაში გვეხმარება, თანაც, ოპტიმალური და სანდო გზით.
მსგავსი შესაძლებლობა არ აქვს სოციალურ ქსელებს, რადგან მათი მეშვეობით მხოლოდ საერთო მეგობრებს ვხედავთ და არა იმას, თუ რამდენად ახლოა მათი ურთიერთობა და რამდენად შეუძლიათ მათ ჩვენთვის სასურველ ადამიანს დაგვაკავშიროს. ამასთანავე, სტატისტიკა გვაჩვენებს, რომ Facebook-სა და Linkedin-ზე უცხო შეტყობინებების მცირე ნაწილს ხსნიან და კიდევ უფრო ცოტას პასუხობენ. Ally-ს შემთხვევაში კი, სასურველ ადამიანთან ორივესთვის კარგად ნაცნობი და სანდო ადამიანი წარგადგენთ, რაც მათგან პასუხის მიღების შანსებს დრამატულად გაზრდის. მოკლედ რომ ვთქვათ, ჩვენთვის ნაცნობი სოციალური ქსელები ადამიანების დასაკავშირებლად გამოიყენება, Ally კი ხარისხიანი დაკავშირების ინსტრუმენტია.
დღეს ძალიან აქტუალურია პერსონალურ მონაცემთა დაცვის საკითხი. რამდენად უსაფრთხოდაა ამ მხრივ მომხმარებელი Ally-ს გამოყენებისას?
მომხმარებლებისა და მათი კონტაქტების ნომრებს მესამე პირი საერთოდ ვერ ხედავს, ამიტომ უსაფუძვლოა შიში იმაზე, რომ ვინმე თქვენს პირად მონაცემებს გამოიყენებს. ამასთან ერთად, გუნდში გვყავს კონსულტანტები, რომლებიც Ally-ში პერსონალური მონაცემების შესახებ საერთაშორისო რეგულაციების დანერგვას უზრუნველყოფენ. ასე რომ, მომხმარებლებს უსაფრთხოებისა და დაცულობის სრულ გარანტიას ვაძლევთ.
ხშირად ვხედავდით Ally-ს პოსტებს TikTok-სა და სხვა სოციალურ ქსელებში. როგორ ჩაერთნენ ახალგაზრდები მისი პოპულარიზაციის პროცესში?
გვჯერა, რომ ახალგაზრდები უფრო გამბედავები და კრეატიულები არიან, ამიტომ Ally-ს ჩამოყალიბებაში თავიდანვე აქტიურად ჩაერთნენ სტაჟიორი სტუდენტები. მათ აქვთ სხვადასხვაგვარი ცოდნა და ექსპერიმენტების ჩატარების მაქსიმალურ თავისუფლება, რასაც მნიშვნელოვანი შედეგები მოაქვს კომპანიისთვის. ამ დრომდე სტუდენტებმა ძალიან ბევრი ღირებული რამ შესძინეს Ally-ს და ისინი კვლავაც ჩვენთან ერთად აგრძელებენ მის განვითარებას.
როგორია Ally-ის უახლოესი მიზნები?
Ally, საქართველოს გარდა, ცოტა ხნის წინ ხელმისაწვდომი გახდა აშშ-შიც და ამჟამად აქტიურად ვითვისებთ ამერიკულ ბაზარს. მიზნად კი ვისახავთ, მსოფლიოს მასშტაბით დაახლოებით 150 მილიონი მომხმარებელი შემოვიკრიბოთ. ამისთვის, ვფიქრობთ, ძალიან მნიშვნელოვანია უკუკავშირი. ამიტომ, ვინც უკვე გამოცადა ან ახლა გამოცდის Ally-ს გთხოვთ, მოგვწეროთ რჩევები და მეგობრული შენიშვნები. შეფასებას აპლიკაციიდანვე ან Facebook-ის საშუალებით შეძლებთ. ასე დაგვეხმარებით სტარტაპის სწრაფად დახვეწასა და მსოფლიო ბაზრის დაპყრობაში.
[R]