ალფა დაზღვევას ბრენდის ახალი სტრატეგია და ვიზუალური იდენტობა აქვს. ახალ ბრენდინგთან დაკავშირებით დეტალებზე ალფას CMO – მარიკა ომანიძეს ვესაუბრეთ.
რა არის ალფა დაზღვევის ბრენდის კონცეფცია?
ალფა დაზღვევა, მომხმარებლებს სადაზღვევო პროდუქტების სრულ სპექტრს სთავაზობს, შესაბამისად ალფას სამიზნე აუდიტორია საკმაოდ მრავალფეროვანია. სტრატეგიულ ბრენდინგზე მუშაობისას რამდენიმე საინტერესო ინსაითს მივაკვლიეთ. ალფას მომხმარებლებს აერთიანებთ ერთი მთავარი ღირებულება – ისინი ბევრს შრომობენ და საკუთარი შრომით აღწევენ მიზნებს. ალფას ხედვით სამყაროში მოულოდნელობები არ უნდა გვაბრკოლებდეს, შესაბამისად ჩვენი მისიაა მივცეთ ადამიანებს კონტროლის მექანიზმები, რათა არ დაკარგონ საკუთარი თავის რწმენა. სწორედ ამ ღირებულებებიდან გამომდინარე ფორმირდა ალფას ბრენდის დაპირება – რაც არ უნდა მოხდეს, ხელს არაფერი შეგიშლის
როგორ ითარგმნა კონცეფცია ვიზუალში?
ვიზუალურ სტილისტიკაზე და ახალ ბრენდბუქზე არტ დირექტორმა მაკო ბერგმანმა იმუშავა. ბრენდინგის პროცესში აქტიურად ჩაერთო ალფას გრაფიკული დიზაინერი აბო მენაბდე. მთავარ მიზნად დავისახეთ, რომ ბრენდის დაპირება და სტრატეგია ზუსტად და შესაბამისად გადმოგვეთარგმნა ვიზუალურ ნაწილში. ერთ–ერთ გამოწვევად კი მივიჩნევ ჩვენს სურვილს – ახალი ბრენდინგი ყოფილიყო თანამედროვე, მინიმალისტური და დასამახსოვრებელი.
რა იყოს ლოგოს იდეა?
მუშაობის დაწყებისას სხვადასხვა იდეა, ვერსია და ვარიანტი განიხილებოდა. პირველად მონახაზებში ე.წ. სკეტჩებში გვქონდა მხოლოდ სიმბოლოს, მხოლოდ ტიპოგრაფიის და კომბინირებული ალტერნატივები. გარდა ამისა, საყურადღებო ფაქტორს წარმოადგენდა ის, რომ ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო ლოგოს ადაპტირებული, ინგლისურენოვანი ვერსიის არსებობა. ამიტომ, ბევრი ძიებისა და განხილვის შემდეგ, საბოლოო ჯამში მივიღეთ გადაწყვეტილება – ახალი ლოგო სიმბოლოსა და ტიპოგრაფიის გაერთიანებით უნდა მიგვეღო. პარალელურად დავიწყეთ მუშაობა, თითოეული პროდუქტისთვის ძირითადი ლოგოს ვარიაციების შექმნაზე. თითოეულ სადაზღვევო პროდუქტს შევუსაბამეთ ინდივიდუალური ფერი, გავაკეთეთ პროდუქტების ლოგოტიპები, რაც ბრენდის ძირითადი ლოგოს ქოლგის ქვეშ გავაერთიანეთ
რა არის სიმბოლოს მთავარი იდეა?
სიმბოლოში გამოსახულია ლათინური A–სა და ქართული ასო-ბგერა ა–ს მოხაზულობა. გარდა ამისა, ლოგოში გამოხატულია მიზნისკენ მიმავალ გზაზე მყოფი ადამიანი, რომელიც წინ მიიწევს. უკიდურესად მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ლოგოს ტექნიკური შესრულება ეფუძნება ლეონარდო და ვინჩის ნახატს – ვიტრუვიუსის ადამიანი. ამ ნახატში, ოქროს კვეთის პრინციპით იდეალურად და იდეალისტურადაა გამოხატული ადამიანის სხეული. რადგან ადამიანი, ალფა დაზღვევას მთავარი ფუნდამენტური ღირებულებაა, ამიტომ ავირჩიეთ ეს ნახატი ლოგოს სიმბოლოს შექმნის საწყისად. მუშაობის პროცესში, ეს ნახატი ერთნაირად საინტერესო აღმოჩნდა, როგორც შინაარსობრივი ისე ტექნიკური შესრულების მიმართულებით.
როგორია ალფას ახალი ლოგოს ფონტი?
რადგან გვსურდა ჩვენი ახალი ლოგო სიმბოლოსა და ტიპოგრაფიის გაერთიანება ყოფილიყო, განსაკუთრებული ყურადღება დავუთმეთ ფონტის შერჩევას. საბოლოო ჯამში, დაიხატა უნივერსალური და უნიკალური ფონტი, სადაც თითოეული სიმბოლოს ფორმა და მოყვანილობა იმეორებს ერთმანეთს და იდეალურად ერწყმის ლოგოს მთავარი სიმბოლოს მოხაზულობას. მნიშვნელოვანია, რომ მჭიდრო და მკაფიო კავშირია ტიპოგრაფიის ქართულ და ინგლისურ ვერსიებს შორის.
როგორია ბრენდის ახალი ფერთა პალიტრა?
ფერების პალიტრა სრულად მორგებულია სამიზნე აუდიტორიას.
მუქი იასამნისფერი – Fly By Night – სოლიდურობისა და სტაბილურობის მატარებელი ტონალობაა. ყვითელი – Sunny Summer – მხიარულების და ბედნიერების მატარებელი ტონი და წითელი – Red Light Neon – დინამიკურობისა და აქცენტის ფერი – ალფას ძველი ბრენდინგის ძირითადი ფერის უფრო დამთბარი და გამკვეთრებული ტონალობა. ძირითად ფერებს ემატება თეთრისა და ნაცრისფრის სინთეზური ნეიტრალური ფერი – Seagull, რაც ერთიანობაში მინიმალისტურ, მკაფიო, სოლიდურ და, ამავდროულად, თანამედროვე ხასიათს სძენს ბრენდს.
[პარტნიორის კონტენტი]