in

„უბრალოდ, რეკლამაა, თორემ“… – ასე შეიქმნა „ალტას“ კამპანია SMART თაობისთვის

„სულ მობილურში არიან ჩამძვრალი“ – ახალგაზრდების მისამართით ნათქვამ ამ ფრაზას ხშირად გაიგონებთ. ახალგაზრდები სმარტფონებთან მართლაც ვატარებთ დიდ დროს, თუმცა სანამ დასკვნების გამოტანას იჩქარებთ, თითქოს ამ ძვირფას რესურსს არასწორად ვიყენებთ, ნება მოგვეცით, გაგაცნოთ, სინამდვილეში, რისთვის ვიყენებთ ამ ყველაფერს. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება „ალტავერსში“, სადაც „ალტამ“ და ProjectLab-მა, რეჟისორ დათო ბორჩხაძესთან თანამშრომლობით, ახალი სამყარო შექმნა, ტექნოლოგიების მოყვარული Smart ადამიანების ყოველდღიურობის თქვენთვის გასაცნობად. სანამ კამპანიას ძირფესვიანად განვიხილავდეთ, კიდევ ერთხელ გადავავლოთ თვალი ვიდეორგოლს:

ვიდეორგოლის სიუჟეტი, ერთი შეხედვით, მომავლის სამყაროში გვამოგზაურებს, რომელიც ამავდროულად, თანამედროვეობის აქტუალურ საკითხებზე ამახვილებს ყურადღებას. კამპანიის საშუალებით, შემოქმედებითი გუნდი ახალგაზრდების განვითარების არსებულ საშუალებებს და მათთან დაკავშირებულ სტერეოტიპებს გამოეხმაურა, რითაც როგორც ახალგაზრდა, ასევე, უფროსი თაობების ყურადღების მიპყრობა შეძლო. კამპანიის დეტალებზე „ალტას“ გუნდი, ProjectLab-ის კრეატივ დირექტორი სანდრო ხუნძაყიშვილი და კამპანიის „ხელის შემვლები“ ბექა ადამაშვილი გვესაუბრნენ, გადაღების პროცესის რთულ ტექნიკურ გადაწყვეტაზე კი რეჟისორმა დათო ბორჩხაძემ გვიამბო.

„ალტა“: „თანამედროვე სამყაროში, ჩვენი ყოველდღიური რეალობა, ალბათ წარმოუდგენელია ტექნიკის გარეშე, რადგანაც ტექნოლოგიურ და სწრაფად ცვალებად სამყაროში ეს ერთადერთი საშუალებაა მარტივად მოვიპოვოთ ინფორმაცია, გავეცნოთ სიახლეებს, განვავითაროთ ჩვენი-უნარ ჩვევები და გავხდეთ მეტად SMART-ები. ტექნიკის აქტიურად გამოყენების გამო, ხშირად მოგვისმენია კრიტიკა უფროსი თაობის მხრიდან და ალბათ ფრაზაც გახსენდებათ „მობილურში ჩამძვრალი“, „დაზომბებული თაობა“ და სხვ. ამ კამპანიის მთავარი მიზანი იყო, გვეჩვენებინა სწორედ ეს SMART თაობა, რომელიც არამხოლოდ გართობისთვის იყენებს მომავლის ტექნიკას, არამედ მისი ყველაზე მნიშვნელოვანი დანიშნულებისთვის, რასაც სწავლა და განვითარება ჰქვია.“

ბექა ადამაშვილი: „ამ პროექტში ძირითადად ხელის შემვლების როლი მქონდა, რაც საბოლოოდ საწყისი სცენარის დამუშავებასა და მთავარი სათქმელის ფორმულირებაში აისახა.

ძირითადი გამოწვევა, ალბათ, მაინც შეზღუდულ სივრცეში ამბის განვითარება იყო, ხოლო ამ ყველაფრის განხორციელება Making of-ის ვიდეოში ბევრად უკეთ გამოჩნდება, ვიდრე – ჩემს ფრაზებში.

ყველაზე მეტად რასაც ამ კამპანიაში ვაფასებ არის ბრენდის პოზიცია საკუთარ პროდუქტთან მიმართებით. როცა ერთი მხრივ ტექნიკის სარგებელს აჩვენებ, მეორე მხრივ კი არც იმის თქმისგან იკავებ თავს, რომ ზომიერება ტექნიკის მოხმარებისასაც საჭიროა. ამაში, ცხადია, ვგულისხმობ ილიასეული ფრაზის ინტერპრეტაციასაც, რასაც აქტუალურობა არც ერთზე მეტი საუკუნის შემდეგ დაუკარგავს.“

M: როგორ მიხვედით ბრიფის ამ სახით გადაწყვეტამდე?

სანდრო ხუნძაყიშვილი: ბევრი მსჯელობა გვქონდა, რა შეგვეძლო გვეთქვა ამ ნამუშევრით. ამოსავალი წერტილი მაინც მობილური იყო – ის მოწყობილობა, რომელიც თითქმის ყოველ წუთას ჩვენთან არის. როცა ადამიანი თავის პირად სივრცეშია და „მობილურშია ჩამძვრალი“, გვერდიდან ჩანს თითქოს ის რაღაც უსარგებლოში ფლანგავს დროს. ვიფიქრეთ, რომ მსგავსი აზრი პოტენციურად შეიძლება, მაგალითად, ავტობუსის მძღოლს მოუვიდეს – როცა ის ხედავს, რომ მისი მგზავრების უმრავლესობა თავჩახრილი მგზავრობს. ამიტომ გადავწყვიტეთ ჩაგვეხედა თითოეული პერსონაჟის ეკრანში და გვენახებინა ყველასთვის, თუ რას შეიძლება აკეთებდეს ახალგაზრდა თავის მოწყობილობაში.

M: როგორია კამპანიის კონცეფცია და რა არის მთავარი სათქმელი, რის მიტანაც გსურდათ მაყურებლამდე?

სანდრო ხუნძაყიშვილი: საზოგადოებაში დამკვიდრებული სტერეოტიპები აღარ არის აქტუალური ახალგაზრდა თაობისთვის. მილენიალები ის თაობაა, რომელიც ტექნიკური პროგრესის შემსწრე გახდა, ხოლო Gen-Z ის თაობა, რომელიც გაიზარდა ციფრულ ერაში.

ტექნიკა თანამედროვე ადამიანის ორგანული, განუყოფელი ნაწილია. დროა, რომ საზოგადოებაში სწორი შეხედულებები ჩამოყალიბდეს. მაგალითად, გვესმოდეს, როცა ახალგაზრდა თავის მოწყობილობის ეკრანშია „ჩამძვრალი“, ის სინამდვილეში ვითარდება, სწავლობს, შეიძლება რამე ახალსაც კი ქმნიდეს… და რომც ერთობოდეს, არც ეგაა დიდი პრობლემა.

M: როგორი იყო ვიდეორგოლის გადაღების პროცესი?

დათო ბორჩხაძე: გადაღებისას ყოველთვის ვცდილობ ისეთ გზას მივმართო, რაც აქამდე არ გამომიცდია. ამ შემთხვევაში, გამოვიყენეთ Unreal Engine, სადაც ავტობუსის ფონად ეკრანი დავამონტაჟეთ. ეკრანზე გრაფიკული გამოსახულებები გადიოდა, კამერის მოძრაობასთან სინქრონში, რაც რეალურობის განცდას ქმნიდა.

M: რა გამოწვევები ახლდა და როგორ გაუმკლავდით?

დათო ბორჩხაძე: თავდაპირველად, სცენარს რომ გავეცანი, ვნახე – მოქმედება ავტობუსში ხდებოდა. მინდოდა ავტობუსი ჩვეულებრივზე უფრო საინტერესო ყოფილიყო. ამიტომ, ფუტურისტული მიმართულება ავიღე. ავტობუსი იმოძრავებდა გამოგონილ ქალაქში. თანაც, „ალტას“ წინა ვიდეორგოლიც მქონდა ნანახი, სადაც გამოგონილი ქალაქი იყო გადმოცემული. ვიფიქრე წინა რეკლამასთან ეს საინტერესო კავშირი იქნებოდა.

AR ან Unreal Engine მიმართულება საქართველოში ჯერ არ არის კარგად დანერგილი. ამდენად, როცა ამ ტექნოლოგიასთან გაქვს საქმე, ძალიან ბევრი ტექნიკური პრობლემა შეიძლება შეგექმნას. პროცესი ხანგრძლივ ტესტირებასა და უამრავი დეტალის შემოწმებას საჭიროებს. საბედნიეროდ, გადაღებამ ასეთი გამოწვევების გარეშე ჩაიარა და ყველაფერი კარგად გამოვიდა.

„იზრუნე საგზაო მოძრაობის კულტურაზე“ – „თეგეტა ჰოლდინგის“ კამპანიის საგზაო ნიშნები Ad Black Sea 2022-ზე

როგორ უნდა მოიქცნენ რეკლამის განმთავსებლები გაურკვეველ სიტუაციებში?