in

და შენ სად აბარებ? – #შეიმსუბუქეაბიტურიენტობა

„სად აბარებ?“ – ამ სიტყვებით ხშირად იწყება ხოლმე დიალოგი აბიტურიენტთან. თორმეტი წლის მანძილზე იცოდი, რა უნდა გეკეთებინა, როგორ გესწავლა, როგორ გემეცადინა. ახლა კი, სრულიად სხვა სამყაროში უნდა გადაინაცვლო, რის შესახებაც ბევრი არაფერი იცი და ძალიანაც გამოგადგებოდა, ვინმე გამოცდილებას თუ გაგიზიარებდა. სად ჩავაბარო? ვინ გამოვიდე? შემდეგ სად დავსაქმდები? – აბიტურიენტობისთვის დამახასიათებელ ფორიაქს ახლობლებისგან მოჭარბებული ყურადღება ემატება და ვცდილობთ, გონებით მაინც გავიქცეთ სადმე, სტარლინკთან ან ჯეიმს ვების ტელესკოპთან, სადაც ვერავინ აგვიმღვრევს ფიქრებს. ვისაც ეს ერთწლიანი თავგადასავალი გამოუვლია, კარგად იცის, რამდენ გამოწვევასთან უწევს აბიტურიენტს ერთდროულად გამკლავება – დაუსრულებელი მეცადინეობა, დავალებები, გათენებული ღამეები, ფიქრები, გადაღლილობა, სტრესი და ა.შ…

ასეთ დროს, ალბათ, ყველაზე მეტად ისეთი ადამიანები გვჭირდება, ვისაც შეუძლია გვაპოვნინოს პასუხი მნიშვნელოვან კითხვებზე, გაგვიზიაროს გამოცდილება, მოგვცეს სწორი პროფესიული მიმართულება. სწორედ ამისთვის, ალტე უნივერსიტეტის ინიციატივით, შეიქმნა „აბიტურიენტების კლუბი“, რომელიც აბიტურიენტების გაერთიანებაა, მთელი საქართველოს მასშტაბით. მისი მიზანია თითოეულ წევრს, ადგილმდებარეობის მიუხედავად, შეუმსუბუქოს აბიტურიენტობის რთული და მეტნაკლებად სტრესული პერიოდი, დატვირთული გრაფიკის ფონზე, დაეხმაროს სოციალიზაციაში, პროფესიის არჩევასა და ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის მომზადების პროცესში. „აბიტურიენტების კლუბში“ გაწევრიანება აბიტურიენტებსა და სკოლის მოსწავლეებს ონლაინ რეჟიმშიც შეუძლიათ, იმის მიუხედავად, თუ სად იმყოფებიან ამჟამად. ამისათვის კი ძალიან მარტივი პროცედურის გავლაა საჭირო –  უნდა გაწევრიანდეთ მითითებულ ბმულზე.

როგორ დაეხმარება და რა შესაძლებლობებს სთავაზობს კლუბი აბიტურიენტებს? ამ და სხვა კითხვებით „აბიტურიენტების კლუბის“ ძალიან მეგობრულ კოორდინატორებს – ნინო სიხარულიძეს, აბიტურიენტებთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელსა და ხატია მათიკოშვილს, აბიტურიენტებთან ურთიერთობის მენეჯერს, დავუკავშირდით.

M: რა დანიშნულება აქვს „აბიტურიენტების კლუბს“?

ნინო: ალტე უნივერსიტეტში ასეთი მიდგომაა, რომ სწავლა და განვითარება მთელი ცხოვრების განმავლობაში უნდა მიმდინარეობდეს და თუ ჩვენ სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებზე ვზრუნავთ, რატომ არ შეიძლება, ეს რესურსი სკოლის მოსწავლეებისთვისაც გამოვიყენოთ? განსაკუთრებით კი, მაღალკლასელი მოსწავლეებისთვის, რომლებისთვისაც აბიტურიენტობა საკმაოდ მნიშვნელოვანი ეტაპია ცხოვრებაში?! სწორედ ამ იდეაზე დაფუძნებით შევქმენით „აბიტურიენტების კლუბი“, რომელიც ერთი იდეის ირგვლივ აერთიანებს სკოლის მოსწავლეებს, კიდევ უფრო კონკრეტულად კი, აბიტურიენტებს, საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან.

ხატია: ეს პროექტი იმასაც ემსახურება, რომ აბიტურიენტებსა და მათ მიერ შერჩეულ უნივერსიტეტებს შორის კავშირი არ გაწყდეს. ნებისმიერი აბიტურიენტი, სადაც არ უნდა აბარებდეს, ზუსტად თანაბრად ისარგებლებს „აბიტურიენტების კლუბის“ მიერ შეთავაზებული სერვისებით. ჩვენ დისტანციურადაც და ადგილზე ჩასვლითაც უზრუნველვყოფთ მათთვის ღირებული პროდუქტების მიწოდებას, რაც სრულად აბიტურიენტების საჭიროებებზეა მორგებული.

M: როგორ ხედავთ, რა საჭიროებები აქვთ აბიტურიენტებს, რაზეც გსურთ ყურადღების გამახვილება?

ნინო: ამ საკითხზე ფიქრისას, შევეცადეთ აბიტურიენტების თვალით დაგვენახა ყველაფერი. ბევრი შეკითხვა დავსვით, გამოვიკვლიეთ და აღმოვაჩინეთ, რომ რთული გრაფიკის პირობებში, სწავლასთან ერთად, მათთვის ყველაზე მნიშვნელოვანი განტვირთვაა. განსაკუთრებით პანდემიის შემდეგ, როცა თითოეული ჩვენგანი ჩაკეტილ სივრცეში ყოფნას შევეჩვიეთ და ურთიერთობების ნაკლებობას განვიცდით. „აბიტურიენტების კლუბის“ ერთ-ერთი მიზანიც სწორედ ესაა – წევრებმა ბევრი მეგობარი შეიძინონ, საინტერესო პროექტები დაგეგმონ, ბანაკში წავიდნენ, ინტელექტუალურ თამაშებსა და საგანმანათლებლო კონკურსებში მიიღონ მონაწილეობა და სხვა.

ხატია: პრობლემაზე ფიქრისას, საკუთარი აბიტურიენტობაც გამახსენდა. სკოლა რეგიონში დავამთავრე და არ ვიცოდი, თუ რას მოიცავდა ესა თუ ის მიმართულება, სად შევძლებდი დასაქმებას კონკრეტული პროგრამის დასრულების შემდეგ და ა.შ. ამიტომ, ვიფიქრეთ, მაგალითად საინტერესო იქნებოდა პროფესიული ორიენტაციის შეხვედრები. ჩვენი მიზანი ამ მიმართულებით სწორედ ისაა, რომ „აბიტურიენტების კლუბის“ წევრებს გაუადვილდეთ პროფესიის არჩევა და მათ წინაშე არსებულ სიახლეებთან თუ გამოწვევებთან გამკლავება.

M: როგორ მიაწვდენთ ხმას რეგიონებში მცხოვრებ მოსწავლეებს?

ხატია: ჰიბრიდული მეთოდი გვაქვს. ეს ნიშნავს, რომ დაინტერესებულ აბიტურიენტებს ერთ სივრცეში ვაერთიანებთ Zoom შეხვედრებითა და Live-ჩართვებით. ასევე, დაგეგმილი გვაქვს აქტიური შეხვედრები რეგიონებში, რომელიც ხელს შეგვიწყობს კიდევ უფრო მეტი კომუნიკაციის გვქონდეს თითოეულ აბიტურიენტთან და მათთვის ვიყოთ არამხოლოდ „აბიტურიენტების კლუბის“ კოორდინატორები, არამედ მეგობრები და მხარდამჭერები.

ნინო: კლუბი რამდენიმე დღის წინ ოფიციალურად გავხსენით. ახლა კი, ჩვენი გეგმაა მაქსიმალურად ბევრი რეგიონი მოვიცვათ. ამ პროცესის საინტერესო ამბავი ის არის, რომ ინფორმაციის მიმწოდებლები არ ვიქნებით მხოლოდ ჩვენ, კოორდინატორები. უფრო მეტიც, კლუბის წევრები ერთმანეთსაც გაუწევენ კონსულტაციას, ერთადაც იფიქრებენ მათ წინაშე არსებული გამოწვევების გადაწყვეტაზე და ასევე, ერთად ძალიან, ძალიან ბევრ საინტერესო პროექტში მიიღებენ მონაწილეობას.

M: როგორ გეგმავთ კლუბის სამომავლო განვითარებას?

ხატია: ჩვენი სლოგანია „შეიმსუბუქე აბიტურიენტობა“ და გვინდა, ყველაფერი, რასაც ვაკეთებთ  მსუბუქად, ლაღად, მხიარულად გასახსენებელი იყოს სამომავლოდ. დარწმუნებული ვართ, რომ „აბიტურიენტების კლუბი“ ნამდვილად კარგი მოგონებების მატარებელი იქნება თითოეული წევრისთვის და ასევე, ზუსტად ვიცით, რომ აბიტურიენტობის პერიოდის დასრულების შემდეგაც კი არავინ გაწყვეტს ჩვენთან ურთიერთობას. რაც შეეხება განვითარებას, მცირედ საიდუმლოს გაგიმხელთ – გადავწყვიტეთ, რომ რეგიონების მიხედვით გვყავდეს ამბასადორი აბიტურიენტები, რომელთა შერჩევად სრულიად ობიექტურად და რა თქმა უნდა, წევრების სურვილიდან გამომდინარე მოხდება. 

მოკლედ, აბიტურიენტებს საინტერესო ამბები გელით, გაწევრიანდით ჯგუფში და #შეიმსუბუქეაბიტურიენტობა „აბიტურიენტების კლუბთან“ ერთად.

 

[R]

რა სჭირდება რეკლამას აუდიტორიის ჩართულობისთვის?

მსოფლიო პრემიერა — შვედური პრემიუმ ბრენდი ახალ, სრულად ელექტრიფიცირებულ Volvo EX90-ს წარადგენს