„ალტე უნივერსიტეტმა“, სკოლის მოსწავლეებში სამეწარმეო უნარების განვითარებისა და ანტრეპრენერობის შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით, სტარტაპ მარათონის პროექტი წარმატებით განახორციელა. მასშტაბურ სასკოლო მარათონში მონაწილეობა 128 გუნდმა მიიღო თბილისიდან და რეგიონებიდან. გუნდები იდეებზე ორი თვის განმავლობაში მუშაობდნენ, გადიოდნენ პრეაქსელერაციის ეტაპებსა და მენტორებთან აქტიურ კონსულტაციებს. სასკოლო სტარტაპ მარათონი „ალტე უნივერსიტეტის“ ინიციატივით, თიბისის სტარტაპერის, თიბისი ახალი თაობისთვის, ისრაელის საელჩოსა და საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) მხარდაჭერით განხორციელდა. პროექტის საინფორმაციო მხარდამჭერია Entrepreneur Georgia და ონლაინ გამოცემა „ახალი განათლება“. ფინალში 13 გუნდი გავიდა – ყველა მათგანმა მიიღო „ალტე უნივერსიტეტის“ სასწავლო გრანტი. ასევე, საპრიზო ფონდში გათვალისწინებული იყო 5000-ლარიანი ჯილდო თიბისისგან, ტექნოპარკის ფაბლაბში პროტოტიპების დამზადებაში მხარდაჭერა GITA-სგან, მედია მხარდაჭერა ანტრეპრენერისგან, „ალტე უნივერსიტეტის“ Start-Up გარაჟის მეშვეობით ბიზნეს იდეის განვითარების ხელშეწყობა და პრიზი ისრაელის საელჩოსგან. გამარჯვებული რამდენიმე გუნდი გახდა, თუმცა დღეს „ალტე უნივერსიტეტის“, თიბისისა და GITA-ს რჩეულ რობობუქის იდეას გაგაცნობთ.
თეონა დალაქიშვილი, სტარტაპ გარაჟის ხელმძღვანელი: „სტარტაპ მარათონმა ჩვენს მოლოდინს გადააჭარბა. მთელი საქართველოს მასშტაბით, დაახლოებით 500 ბავშვი დარეგისტრირდა, 128 გუნდის სახით. შესანიშნავი იდეები წარადგინეს და მათგან საუკეთესოების შერჩევა ძალიან გაგვიჭირდა. ფინალში 13 გუნდი გავიდა, რომლებიც ჟიურის წინაშე წარსდგნენ. გუნდები ძალიან კარგად იყვნენ მომზადებულები და საკონკურსოდ მაღალი ხარისხის პრეზენტაციები წარადგინეს. რამდენიმე მათგანმა პროტოტიპიც კი წარუდგინა ჟიურის. დავინახეთ, რომ ახალგაზრდებში ძალიან დიდი პოტენციალია, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების განვითარების კუთხით. ყველა იდეა თავის თავში მოიაზრებდა Software-ს ან Hardware-ს. ორი თვის მანძილზე, მონაწილეები პრეაქსელერაციის პროგრამაში იყვნენ ჩართულები. გადიოდნენ ინტენსიურ ტრენინგებს, ხვდებოდნენ მენტორებს და იდეები იმ დონემდე მიიყვანეს, რომ დარწმუნებულები ვართ სამომავლოდ მსხვილ ინვესტორებს დააინტერესებენ.
მარათონის წარმატებულმა შედეგებმა მოგვცა მოტივაცია, რომ ღონისძიებას რეგულარული ხასიათი მივცეთ. მარათონი, სულ მცირე, ყოველწლიური ხასიათის იქნება. ამას გარდა, ვაგრძელებთ სკოლებთან თანამშრომლობას. მათ შორის, იმ სკოლებთანაც, რომელთა მოსწავლეების იდეები ფინალში ვერ მოხვდა. მათთან ვსაუბრობთ იმაზე, თუ როგორ შეუძლიათ უკეთ მოემზადონ შემდეგ ეტაპზე და გადავიდნენ ფინალში.“
ანა თოთიბაძე, თიბისი სტარტაპერი: „ჩვენთვის მისასალმებელია ნებისმიერი ინიციატივა, რომელიც ახალგაზრდებში მეწარმეობის პოპულარიზაციასა და ამ მიმართულებით განათლების გაღრმავებას ემსახურება. ეს პროექტი გამოირჩეოდა იმითაც, რომ განკუთვნილი იყო სკოლის მოსწავლეებისთვის. ამ ფორმატში, პირველად გვქონდა შეხება სკოლის მოსწავლეებთან. გარდა იმისა, რომ საინტერესო იდეები ჰქონდათ, ძალიან კარგად იყვნენ მომზადებულები. ჩვენთვის ასეთი პროექტების მხარდაჭერა იმითაა მნიშვნელოვანი, რომ ასეთი აზროვნების მქონე ახალგაზრდები უფრო მეტ ინოვაციურ პროექტებს ჩაუყრიან საფუძველს.“
არსენ სებისკვერაძე, რობობუქის წარმომადგენელი: „მარათონში მონაწილეობა განსაკუთრებულად საინტერესო იყო, იმ მხრივ, რომ სამი თვის განმავლობაში საკმაოდ დიდი გამოცდილება მივიღეთ, აქამდეც ბევრ სტარტაპ კონკურსში მიმიღია პირადად მე მონაწილეობა, თუმცა ალტე უნივერსიტეტის მიერ გამართული ეს კონკურსი ყველასგან განსხვავებული იყო, ეს იყო ერთგვარი თავგადასავალი, რომელშიც ჩავებით და არცერთი წამით არ გვიფიქრია უკან დახევა. საკმაოდ შრომატევადი სამი თვე გავიარეთ, მაგრამ ის შედეგი, რომელიც საბოლოო ჯამში მივიღეთ, ვფიქრობ, ამად ღირდა, არ ვგულისხმობ მხოლოდ ფულად ჯილდოს ან სხვა რომელიმე პრიზს, რომელიც გამარჯვებულებს გვერგო, არამედ, ჩემი აზრით, ის ცოდნა და გამოცდილება, რაც ამ მარათონის განმავლობაში შევიძინეთ, უმნიშვნელოვანეს წვლილს შეიტანს ჩვენს მომავალ განვითარებაში.
სტარტაპ მარათონზე ჩვენი იდეა იყო რობობუქი – ინტერაქციული წიგნი, რომელიც რობოტიკის შესწავლის ინოვაციურ გზას წარმოადგენს. ზოგადად, ჩვენი სტარტაპის მიზანი მოზარდებში STEM უნარების განვითარების ხელშეწყობაა. სწორედ ამას ემსახურება რობობუქი, მასში გაერთიანებულია თეორიული კურსი და პრაქტიკული სავარჯიშოები, რაც ვფიქრობთ, სწავლისა და შემეცნების პროცესს კიდევ უფრო პროდუქტიულსა და ნაყოფიერს ხდის. რობობუქში არსებული სასწავლო კურსის გავლის შემდგომ, მიღებული ცოდნისა და წიგნში არსებული დეტალების საშუალებით, მოზარდს სმარტ სათამაშოს აწყობის შესაძლებლობა აქვს.“
[R]